ფეხბურთი

16:47 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: "დილა" ხუთ ფეხბურთელს დაიმატებს"

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 2014-2015 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გორის "დილა" მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. გორელებმა საქართველოს უძლიერესი გუნდის სახელი პირველად მოიპოვეს. ამ წარმატებაში დიდი წვლილი "დილას" 25 წლის თავკაც უჩა სოსიაშვილს მიუძღვის, რომელმაც შიდაქართლელები მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა, თუმცა ამას მისთვის გუნდის გაჩემპიონებაში ხელი არ შეუშლია.

"მსოფლიო სპორტი" სოსიაშვილს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. "დილას" მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობას აუცილებლად გააძლიერებს.

- რის ხარჯზე შეძლო გორის "დილამ" ჩემპიონობა?

- პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ერთიანობა. ყველანი, ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, კლუბის ხელმძღვანელები, ქალაქის მერია ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი. მთავარი ფაქტორი კი სეზონის წინ და ზამთარში ფეხბურთელების სწორი სელექცია გახლდათ.

- სეზონის დაწყებამდე ელოდით თუ არა, რომ სატურნირო ცხრილში ყველაზე მაღლა იქნებოდით?

- თავიდან ჩემპიონობაზე ფიქრი რთული იყო, რადგან ჩვენზე გაცილებით კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ სხვა გუნდებს. იგივე თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოს" და "სამტრედიას". თუმცა ნელ-ნელა ვირწმუნეთ, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. განსაკუთრებით მეორე წრეში. ისე კი ევროტურნირებზე მოხვედრას ვგეგმავდით.

- თქვენი აზრით, რომელი თამაში გამოდგა "დილასთვის" გარდამტეხი?

- ჩემი აზრით, გარდამტეხი თამაში თბილისის "დინამოსთან" მატჩი იყო, რომელიც 2:2 დასრულდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა გახლდათ, რომელიც მოვიპოვეთ.

- თქვენ, 25 წლის ბრძანდებით, რაც მწვრთნელისთვის საკმაოდ პატარა ასაკია. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების საიდუმლო?

- კონკრეტულად ჩემს თავზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა ვიტყვი, რომ შრომისმოყვარე და პროფესიონალი ვარ. მიყვარს ჩემი საქმე.

- "დილა" თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. რა იქნება გუნდის მიზანი?

- გუნდის მიზანი მაქსიალურად კარგი თამაშის ჩვენება იქნება. ქართული და ევროპული ფეხბურთი ძალზე განსხვავებულია და უცებ გადართვა რთული იქნება, თანაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. თუმცა ყველაფერს გავიღებთ, რომ იმ თამაშებში, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ, გულშემატკივარი გავახაროთ.

- იგეგმება თუ არა შემადგენლობის გაძლიერება?

- გუნდის გაძლიერება იგეგმება. ეს ჯანსაღი და ჩვეულებრივი პროცესია. გუნდში კონკურენცია აუცილებელია და გამოცდილი ფეხბურთელები საჭიროა. "დილა" ზაფხულში ხუთი ახალი ფეხბურთელით მაინც გაძლიერდება.

- რომელ რგოლში სჭირდება ყველაზე მეტად "დილას" გაძლიერება?

- თავდამსხმელის პოზიციაზე. აქ ჩვენ ირაკლი მოდებაძე გვყავს, რომელიც გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია და ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, თუმცა მხოლოდ ერთი თავდამსხმელით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაგვიჭირდება.

- კონკრეტულად ხომ არ გყავთ შერჩეული ფეხბურთელები?

- დიახ, კონკრეტულად ფეხბურთელები უკვე შერჩეული მყავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ სამწუხაროდ, მათი ვინაობის დასახელება არ შემიძლია, რადგან როგორც გითხარით, ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

- რამდენად სტაბილურია გუნდის ფინანსური მდგომარეობა?

- მეორე წრის დასაწყისიდან ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონია. ახლაც გუნდში ფინანსურად კარგი მდგომარეობაა. ქალაქის მერია გვერდში დგომას მომავალშიც დაგვპირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111391