ფეხბურთი

15:52 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეწყვეტილი სერიები გენუასა და სევილიაში, პენალტები და წითლები პრემიერლიგაში

ესპანეთი

ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, გასულ უქმეებამდე, მხოლოდ 2 გუნდი იყო შემორჩენილი, რომლებსაც საკუთარ კედლებში წაგება არ ჰქონდათ. შაბათს „სამპდორიამაც“ წააგო და „სევილიამაც“.

„სევილია“, პრიმერა დივიზიონის ტურის ცენტრალურ მატჩში, „რეალს“ მასპინძლობდა. ანდალუსიელებს, „სანჩეს პისხუანზე“, 34 მატჩისა და 415 დღის განმავლობაში არ წაეგოთ. თუმცა, როდესაც საქმე კრიშტიანუ რონალდუსა და „სევილიას“ დაპირისპირებას ეხება, ანდალუსიელებს საქმე კარგად ნამდვილად არ მისდით. შაბათს გატანილი 3 ბურთის შემდეგ, პორტუგალიელს „სევილიას“ კარში სულ 21 გოლი დაუგროვდა, აქედან 19 პრიმერაში. „როხიბლანკოსთან“ თამაშში რონალდუმ ჰეთ თრიქი მეხუთედ შეასრულა. სამივე ამ მაჩვენებელით, „სევილია“ რონალდუსთვის საყვარელი გუნდია. აღსანიშნავია, რომ ესპანურ ფეხბურთში, არცერთ სხვა ფეხბურთელს ერთ რომელიმე გუნდთან დაპირისპირებაში ჰეთ თრიქი 5-ჯერ შესრულებული არ აქვს. აქამდე რეკორდსმენი ალფრედო დი სტეფანო იყო, რომელმაც „ლას პალმასს“ 3 ან მეტი გოლი 4 თამაშში გაუტანა.

„სანჩეს პისხუანზე“ შესრულებული ჰეთ თრიქის შემდეგ, რონალდუს, ლა ლიგაში 219 გოლი დაუგროვდა (197 თამაშში). პორტუგალიელი ამ ტურნირზე „რეალის“ მე-2 ბომბარიდი გახდა. მან ალფრედო დი სტეფანოს (216 გოლი) გადაასწრო. რონალდუზე წინ, „რეალის“ ფეხბურთელთაგან, მხოლოდ რაულია, რომლის ანგარიშზეც პრიმერაში გატანილი 228 გოლია.

კრიშტიანუმ დი სტეფანოს კიდევ ერთ კომპონენტში გადაასწრო. მან, „რეალის“ მაისურით, 29-ე ჰეთ თრიქი გაიფორმა და მადრიდული კლუბის ისტორიაში, ამ მხრივ, საუკეთესო გახდა.

ამ 29 ჰეთ თრიქიდან რონალდუმ 25 პრიმერაში შეასრულა, რაც ასევე რეკორდია. მან უკან კიდევ ერთი არგენტინელი, ლეო მესი მოიტოვა.

„სევილიასთან“ მატჩში რეკორდი გაიმეორა „რეალის“ კაპიტანმა, იკერ კასილიასმა. მან პრიმერაში 333-ე თამაში მოიგო. 33 წლის მეკარე, ამ მაჩვენებლით, ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ „ბარსელონამ“, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან გამართული შეხვედრის პირველ 30 წუთში გოლი ვერ გაიტანა. ამის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდს მეტოქის განადგურება არ გასჭირვებია. კატალონიელებმა „კორდობას“ 8 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

პრიმერას ისტორიაში მესამედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სტუმრად მოთამაშე გუნდმა 8 ბურთის სხვაობით მოიგო და ეს ამჯერადაც „ბარსელონამ“ მოახერხა.

ლუის სუარესმა, „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ერთ მათჩში 3 გოლი პირველად გაიტანა. ურუგვაელმა ე.წ. „სრულყოფილი ჰეთ თრიქი“ შეასრულა, რაც ერთი გოლის მარცხენა ფეხით, ერთის მარჯვენათი და ერთის თავით გატანას გულისხმობს. სუარესი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია 2002 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ლა ლიგის მატჩში მოახერხა. 13 წლის წინათ „სრულყოფილი ჰეთ თრიქი“ პატრიკ კლუივერტმა შეასრულა.

სუარესს პირველი გოლი ანდრეს ინიესტამ გაატანინა. 30 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ლა ლიგაში, საგოლე პასი 402-დღიანი შესვენების შემდეგ პირველად გააკეთა.

კიდევ ერთხელ გაიბწყინა ლეო მესიმ, რომელმაც აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება, არგენტინელი პირველი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც ერთ გათამაშებაში 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამრიგდა, მესი პრიმერას რეკორდსმენია გატანილ გოლებში (283), საგოლე გადაცემებში (111), ერთ გათამაშებაში გატანილ გოლებში (50) და ერთ გათამაშებაში გაკეთებულ საგოლე პასებში (20).

„კორდობასთან“ თამაშის შემდეგ, მესის, მიმდინარე სეზონში, 51 გოლი დაუგროვდა. არგენტინელმა 50 ან მეტი გოლის გატანა ზედიზედ მეოთხე სეზონში მოახერხა. „ბარსამ“ კი, ლა ლიგაში 100 და მეტი გოლი ასევე ზედიზედ მე-4 სეზონში გაიტანა.

„კორდობა“, რომელიც პრიმერადან უკვე გავარდა, ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 8 საშინაო თამაში წააგო.

იტალია

სერია A-ს 34-ე ტურში, „იუვენტუსი“ იმ „სამპდორიას“ ეწვია, რომელსაც მიმდინარე სეზონში, საკუთარ კედლებში, წაგება არ ჰქონდა. ტურინელებს, ჩემპიონობის გასანაღდებლად, ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ მათ 3 ქულა აიღეს და გენუელთა წარმატებული სვლა შეწყვიტეს.

„იუვენტუსმა“ სკუდეტო ზედიზედ მეოთხედ მოიგო, რაც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა. ასეთი სერია, „ბებერ სინიორას“ გარდა, „ტორინოსა“ (1946-49 წლებში) და „ინტერსაც“ (2006-2010 წლებში) ჰქონიათ, მაგრამ ტურინული გუნდი ერთადერთია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 4-ჯერ მოგება 2-ჯერ მოახერხა.

მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატში მოგებული გუნდი 3 ქულას იღებს, „იუვენტუსმა“ ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე პირველად გაინაღდა.

„იუვენტუსის“ დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, დღეის მდგომარეობით, ერთადერთია, რომელსაც სკუდეტო როგორც „ბებერი სინიორას“, ასევე „მილანის“ რიგებში აქვს მოგებული. თუმცა, თუ „იუვენტუსს“ ჩამორთმეული 2 ჩემპიონობა დაუბრუნეს, მას ფაბიო კაპელოც შეუერთდება.

საინტერესო შედეგი აქვს „რომას“ კოტ დ’ივუარელ თავდამსხმელს, სეიდუ დუმბიას. აფრიკელი ფეხბურთელი „ჯალოროსის“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. სერია A-ში ჩატარებულ 8 მატჩში მან მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა სულ 2-ჯერ მოახერხა და ორივეჯერ გოლი გაიტანა.

ანტონიო დი ნატალემ „უდინეზეს“ მორიგი თამაში მოაგებინა. 37 წლის თავდამსხმელმა, სერია A-ში, 206 გოლი გაიტანა და მან იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, რობერტო ბაჯოს გადაასწრო. დი ნატალე, საერთო ჩათვლაში, მე-6 ადგილს იკავებს.

ინგლისი

იტალიის მსგავსად, ჩემპიონი გამოვლინდა ინგლისშიც. „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასი“ დაამარცხა და პრემიერლიგა 5-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო.

„არისტოკრატებმა“ პრემიერლიგა ისტორიაში მეოთხედ მოიგო, თანაქალაქელ „არსენალს“ გადაასწრო და საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. „ჩელსიზე“ წინ მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომელსაც პრემიერლიგა 13-ჯერ მოუგია.

„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა. ის, რაიან გიგზის შემდეგ, მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგა, კაპიტნის სტატუსით, 4-ჯერ მოიგო.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მასპინძელთა ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს, ედენ აზარს, პრემიერლიგაში დარტყმული 9 თერთმეტმეტრიანიდან ყველა გატანილი ჰქონდა. „კრისტალ პალასთან“ გამართული შეხვედრის 45-ე წუთზე კი, მან პენალტი პირველად გააფუჭა. თუმცა, 24 წლის ფეხბურთელმა დამატებაზე თავად ივარგა და გუნდს ჩემპიონობა გაუნაღდა.

აზარის მსგავსად, თერთმეტმეტრიანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმაც ვერ გამოიყენა. 31 წლის შემტევმა, პრემიერლიგაში, პენალტი მეხუთედ გააფუჭა, რაც ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის დასკვნით ეტაპს ცუდ ფორმაში ხვდება. 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგის ზედიზედ 3 თამაში წააგეს. 2005 წლის შემდეგ პირველად, „იუნაიტედმა“ ზედიზედ 3 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა. ხოლო გოლის გატანის გარეშე ზედიზედ 3 მატჩი „მანჩესტერმა“ 1989 წლის შემდეგ პირველად დათმო.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრაში, „ვესტ ბრომვიჩი“ ბურთს მხოლოდ 20%-ის განმავლობაში ფლობდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა, ბურთის ასე ცოტა ხნით ფლობის მიუხედავად, 3 ქულა აიღო.

ეს თამაში განსაკუთრებული იყო „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელისთვის, ტონი პულისისთვის, რომელმაც „იუნაიტედი“, პრემიერლიგაში, პირველად დაამარცხა. უელსელ სპეციალისტს, „წითელ ეშმაკებთან“ აქამდე გამართულ 11 თამაშში 1 ფრე და 10 წაგება ჰქონდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც თერთმეტმეტრიანი გამოუყენებელი დარჩა, „ენფილდზე“ დაფიქსირდა. „ლივერპულის“ კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, პრემიერლიგაში მე-9 პენალტი გააფუჭა. მასზე ცუდი შედეგი მხოლოდ ალან შირერსა (11) და ტედი შერინგემს (10) აქვთ.

პრემიერლიგის გასული ტური თერთმეტმეტრიანებისა და წითელი ბარათების სიმრავლით გამოირჩა. შაბათ დღეს, არბიტრებმა 7 პენალტი დანიშნეს და მოედნიდან 6 ფეხბურთელი გააძევეს. უფრო მეტი თერთმეტმეტრიანი (8) მხოლოდ ერთხელ, 2011 წლის 5 თებერვალს დაინიშნა, ხოლო ფეხბურთელებს უფრო მეტი წითელი ბარათი (8) ასევე მხოლოდ ერთხელ, 2009 წლის 31 ოქტომბერს უჩვენეს.

გერმანია

გერმანიის ჩემპიონატში მოგებას ვერაფრით ახერხებს „ჰანოვერი“. „წითლები“ გერმანულ საფეხბურთო სისტემაში მოთამაშე ერთადერთი პროფესიონალური გუნდია, რომელსაც 2015 წელს ჯერ მოგება არ აქვს.

თუმცა, ბუნდესლიგის 31-ე ტურში დაფიქსირებული შედეგი მიხაელ ფრონტცეკის გუნდს აქტივში უნდა ჩაეწეროს. „ჰანოვერმა“ ხომ მე-2 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქულა აიღო.

„ფოლკსვაგენ არენაზე“ გამართულ მატჩში, მასპინძელთა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ აქტივში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ბელგიელმა ფეხბურთელმა, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 19 შედეგიანი პასი გააკეთა. მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან, ეს გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ასევე „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელს, მისიმოვიჩს ჰქონდა, რომელმაც, 2008/09 წლების გათამაშებაში, თანაგუნდელებს 18-ჯერ გაატანინა.

0.115374