სხვა

11:13 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუკუნის ორთაბრძოლა” - მანიმ მენი დაამარცხა

აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში “საუკუნის ორთაბრძოლად” წოდებული, ქვესაშუალო წონითი კატეგორიის მოკრივეების, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერ-უმცროსისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს პაექრობა ჩატარდა. 38 წლის ამერიკელი და 36 წლის აზიელი ერთმანეთს ერთბაშად 3 ასოციაციის, WBA (Super), WBC და WBO, ვერსიით ეცილებოდნენ ერთმანეთს პლანეტის უძლიერესი მოკრივის ტიტულს.

ორთაბრძოლამ მთელი სპორტული სამყაროს მოლოდინი ნაწილობრივ გაამართლა. პრაქტიკულად 12-ივე რაუნდის განმავლობაში პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობდა. პაკიაომ ვერა და ვერ მონახა მეივეზერის დაცვის დაძლევის გასაღები - money-ს (ფული) მეტსახელად ცნობილმა ამერიკელმა ტაქტიკურად სწორად წარმართა შეხვედრა, კონტრშეტევებზე უნარიანად მოქმედებდა და სამივე არბირტმა მოგება მეივეზერს მიანიჭა: 118:110, 116:112, 116:112.

ასე და ამგვარად, ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. მან ზედიზედ თავისი 48-ე ორთაბრძოლა მოიგო. პაკიაოს რაც შეეხება, ფილიპინელმა საკრივო კარიერის განმავლობაში მეექვსე მარცხი იწვნია.

“დღევანდელი მოგებისთვის მადლობას ღმერთს ვწირავ. ვემადლიერები ყველა იმ გულშემატკივარსაც, რომლებიც ლას ვეგასში ჩამოვიდნენ ან ტელეეკრანიდან ადევნებდნენ თვალს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. პაკიოა მეტად ძლიერი მოკრივეა. დღეს მივხვდი, რატომ ითვლება მენი პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ. ვიცოდი, იგი ინიციატივის ხელში აღებას რომ შეეცდებოდა. მეტოქე დისტანციაზე მეჭირა, მის დარტყმებს ბლოკირებას ვუკეთებდი და შემიძლია განვაცხადო, ტაქტიკით ვაჯობე. მეტად ბედნიერი ვარ”, - მეივეზერის ეს სიტყვები The Mirror-ს მოჰყავს.

0.347959