ჭიდაობა

20:32 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები 4 წონაში დაკომპლექტდა

გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო და რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში უკვე ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ.

უმსუბუქეს წონაში – 57 კილოგრამში შეჯიბრება წაუგებლად გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა ჩაამთავრა, რომელმაც ფინალამდე აჭარელი რამაზ დარჩიძე (8:4 8:0), ხაშურელი ლაშა ტალახაძე (0:3 7:0) და საჩხერელი გივი დავიდოვი (8:0 2:0) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ხონელ ოთარ გოგავას აჯობა (6:2 6:6). ეს უკანასკნელი გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების ცენტრში ვარჯიშობს და საქართველოს პირველობაზე მშობლიური რაიონისა და ორც-ის სახელით გამოვიდა.

65 კილოგრამის ფინალში ერთმანეთს გორელი კონსტანტინე ხაბალაშვილი და ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე დაეჭიდნენ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ახალგაზრდებს შორის საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კენჭაძემ მოიპოვა (3:0 3:4). ხაბალაშვილის ძლევამდე კენჭაძემ სამი მეტოქე ჩამოიშორა: გარდაბნელი ლაშა მეთიაშვილი (14:1), თბილისელი ბონდო ჯიქია (10:0) და ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი (2:1 10:0).

74 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გორელი ჯუმბერ ყველაშვილი ავიდა, ნაკრების გამოცდილი წევრის - თბილისელი იაკობ მაქარაშვილის ძლევით (2:1 4:4). ყველაზე ნაკლებად დაძაბული კი 97 კილოგრამის ფინალი გამოდგა, სადაც თბილისის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის გუნდის წევრმა ელიზბარ ოდიკაძემ გორელ ომარ გუსოშვილს წუთსა და 36 წამში 11 ქულა აუგროვა, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.

ჯუმბერ ყველაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე თბილისელი გიორგი წამალაიძე (7:0 4:0), ნინოწმინდელი ზვიად მეკეიძე (10:0) და გარდაბნელი რევაზ ივანიშვილი (2:2 4:1) დაამარცხა. ელიზბარ ოდიკაძემ კი ფინალის გზაზე ონელ ზვიად მეტრეველს (2:1 2:0), თბილისელ დათო ქერაშვილს (1:0 2:1) და გარდაბნელ თორნიკე ხიდაშელს (5:1 3:1) აჯობა.

ხვალ ხალიჩა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 85 და 125 კილოგრამებში მოჭიდავეებს დაეთმობათ. განსაკუთრებით საინტერესო მძიმე წონის შიდა კონკურენცია უნდა გამოდგეს, სადაც 6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ხალიჩას უბრუნდება გენო პეტრიაშვილი. ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილის განცხადებით, წილისყრამ პეტრიაშვილი, დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. პეტრიაშვილი და მოძმანაშვილი კი სულაც, ერთმანეთს პირველსავე წრეში დაუპირისპირდებიან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათზე დაიწყება.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

29 აპრილი

57 კგ

1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

2 ოთარ გოგავა (ხონი. ორც)

3 ლევან მურცხვალაძე (ონი)

3 გივი დავიდოვი (საჩხერე)

65 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

3 დავით ბერძნიშვილი (გორი)

74 კგ

1 ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)

2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

3 რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი)

3 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი. ორც)

2 ომარ გუსოშვილი (გორი)

3 ბექა ჭელიძე (აჭარა)

3 დათო ქერაშვილი (თბილისი)

0.127412