ფეხბურთი

1:59 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” მე-4 ადგილი დაიბრუნა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მესტალიაზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “გრანადა” მიიღო და შავი დღე აყარა.

“ღამურები” თავიდანვე უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალევე აისახა ტაბლოზე. 26-ე წუთზე დანიელ პარეხომ კუთხური მოაწორა, რასაც ხავი ფუეგოს ზუსტი თავური მოჰყვა. მე-40 წუთზე საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ანტონიო ბარაგანი შეიჭრა, რომელმაც ბავშვივით მოატყუა დიეგო მაინცი და მანაც წესების დარღვევით შეაჩერა ანტონიო. პენალტის ნიშნულთან პარეხო მივიდა და “ბარსელონასთან” მატჩისგან განსხვავებით, 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა. 45-ე წუთზე შესაძლებელი გახლდათ, რომ სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულიყო, რადგანაც ემანუელ ინსუამ სოფიან ფეგული წააქცია, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა უნდიანო მალენკომ არგენტინელი დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ნახევარში “ლოს ჩე” თავს აღარ იკლავდა და მეტწილად ბურთის ჭერით იყო დაკავებული. “გრანადა” ცდილობდა რაღაც სახიფათო შეექმნა, თუმცა ამის გაკეთება სტუმრებს არ შეეძლოთ. შეხვედრის ბოლოს “ვალენსიამ” სულ ოდნავ მოუმატა, რაც საკმარისი გახლდათ, რომ მასპინძლებს კიდევ ორი გოლი გაეტანათ. 85-ე წუთზე დე პაულმა, ნეგრედომ და ფეგულიმ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ალჟირელის ზუსტი დარტყმით დასრულდა, ხოლო სამ წუთში დე პაულის ჩაწოდებულს ზუსტი თავურით ალვარო ნეგრედო გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0. “ღამურები” 68 ქულით მე-4 ადგილზე არიან და “სევილიას” 2 ქულით უსწრებენ, ხოლო “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ დიეგო ალვეშმა რეკორდის დამყარება მოახერხა. მას “მესტალიაზე” უკვე 595 წუთი არ გაუშვია გოლი, რითაც 1974/1975 წლების სეზონში პეპ ბალაგერის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (548 წუთი).

ვალენსია – გრანადა 4:0 (2:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, გომეში (ე.პერესი 62), პარეხო, როდრიგო (დე პაული 66), ფეგული, ალკასერი (ნეგრედო 68).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გრანადა (4-4-2): რ.ფერნანდესი, მაინცი, კალა, ნიომი, ე.ინსუა (ლ.მარტინსი 54), ფ.რიკო, იტურა, პიტი (რიკი 71), კანდეიასი, კორდობა (როჩინა 64), ისააკი.
მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები:
1:0 ფუეგო (26), 2:0 პარეხო (40 პენ.), 3:0 ფეგული (85), 4:0 ნეგრედო (88).
გაფრთხილებები: გაია, პარეხო, ფეგული – ე.ინსუა, ნიომი, ფ.რიკო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 13(6)-5(0), ჯარიმა: 12-16, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-2

თეგებილა ლიგა
0.271676