ჭადრაკი

18:03 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონობისათვის ჩინეთთან ფრეც ჰყოფნის

ერთი ტურიც და დასრულდება ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს.

დღეს ჩინეთში ბოლოსწინა, მეცხრე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრები I-III ადგილზე მყოფი გუნდების მონაწილეობით. საქართველომ სომხეთს 3-1 მოუგო და ჩემპიონობისათვის ბრძოლაში უაღრესად მნიშვნელოვანი 2 ქულა მოიპოვა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილი დამარცხდა.

საქართველოს უშუალო კონკურენტი რუსეთი უკრაინელ მოჭადრაკეებს ეთამაშებოდა. მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე მეღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა რუსეთის ნაკრებმა 2,5-1,5 შეძლო მეტოქის დამარცხება და პირველი ადგილის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. არადა, უკრაინას ფრედ მაინც რომ ეთამაშა, საქართველოს ნაკრები ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი.

რაც შეეხება ჩინეთს, მასპინძლებმა 3,5-0,5 მოუგეს აშშ-ს, 11 ქულა დააგროვეს და ბრინჯაოს მედლები ვადაზე ადრე მოიპოვეს. ჩინეთს აქვს თეორიული შანსი მეორე ადგილზე გავიდეს. ამისთვის საჭიროა რუსეთი აშშ-სთან დამარცხდეს, ხოლო ჩინეთმა საქართველოს დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს. ეს თეორია არარეალურია, რადგან სასწაული უნდა მოხდეს აუტსაიდერთა შორის მყოფმა აშშ-მ რუსეთი დაამარცხოს, რომელსაც მოგება სჭირდება და თანაც დიდი ანგარიშით.

რაც შეეხება საქართველო რუსეთის სატურნირო მდგომარეობას და ბოლო მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგს, 8 ტურის შემდეგ საქართველო ლიდერობს, როგორც ქულით (15) ასევე კოეფიციენტით (22,5). მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 13 ქულა და 21,5 კოეფიციენტი აქვს. კოეფიციენტის გამოყენება რომ არ გახდეს საჭირო, ამისათვის საქართველომ უმოტივაციოდ დარჩენილ ჩინეთთან მინიმუმ ფრეს უნდა მიაღწიოს. საქართველოს ნაკრების წაგების შემთხვევაში რუსეთი შეეცდება, რომ დაბალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული აშშ-ს ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხოს, რაც საკმარისი იქნება პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

საქართველო – სომხეთი 3-1

ბელა ხოტენაშვილი (2513) – ელინა დანიელიანი (2488) 1-0

ლელა ჯავახიშვილი (2481) – ლილიტ მკრტჩიანი (2442) 0-1

მერი არაბიძე (2374) – ლილიტ გალოიანი (2277) 1-0

ნინო ბაციაშვილი (2473) – მარია კურსოვა (2290) 1-0

სალომე მელია (2459, საქართველო) და სუსანა გაბოიანი (2175, სომხეთი) ისვენებდნენ.

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

საქართველო – სომხეთი 3-1

ინდოეთი – პოლონეთი 2,5-1,5

ყაზახეთი – ეგვიპტე 3,5-0,5

უკრაინა – რუსეთი 1,5-2,5

აშშ – ჩინეთი 0,5-3,5

მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი, 28 აპრილი

ჩინეთი – საქართველო

სომხეთი – ინდოეთი

რუსეთი – აშშ

ეგვიპტე – უკრაინა

პოლონეთი – ყაზახეთი

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ

I საქართველო 15 ქულა

II რუსეთი 13

III ჩინეთი 11

IV-VI უკრაინა, ინდოეთი, ყაზახეთი 8-8

VII სომხეთი 7

VIII-IX პოლონეთი, აშშ 5-5

X ეგვიპტე 0

0.117547