რაგბი

15:28 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა გორგოძის ლელო და სინბინი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ “ტულონის” მაისურით საფრანგეთის Top 14-ში პირველი ლელო გაიტანა.

30 წლის მორაგბე გასული 9 წლის განმავლობაში “მონპელიეს” ღირსებას იცავდა და Top 14-ში 19 ლელო ჰქონდა გატანილი. “ტულონში” ის მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და მე-20-ე, საიუბილეო ლელოს გატანაც ამიტომ დაუგვიანდა. ტულონელთა მაისურით მამუკას ანგარიშზე ერთი ლელო იყო ჩემპიონთა თასზე, “ოლსტერთან.”

23-ე ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რომლის შემადგენლობაში გორგოძის გარდა ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე თამაშობენ, სტუმრად ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” ეთამაშებოდა. შეხვედრაში ოთხივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა: ყაულაშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ თავად ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და ჯამში 32:29 იმარჯვეს; გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, როგორც შეტევაში, ასევე ბოჭვებისას. მან 23-ე წუთზე ლელო გაიტანა, ხოლო 78-ეზე რეფერიმ განზრახ ჯარიმისთვის გაასინბინა და “ლა როშელმაც” მეტობით ისარგებლა; 48-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს მიქაუტაძემ და ჩილაჩავამ და მას შემდეგ სტუმრებმა შერკინებაში უპირატესობა მოიპოვეს, რითაც ჯარიმები გამოიმუშავეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველი ლეგიონერები აქტიურობდნენ ღია თამაშშიც.

მასპინძლებმა საწყის 12 წუთში ორი ლელო გაიტანეს და გარდასახვები გამოიყენეს, სტუმრებმა ორი ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს, ხოლო 23-ე წუთზე “ტულონმა” მეტოქის ლელოს სიახლოვეს დერეფანი მოიგო, ბურთი გორგოძემ მიიღო, რომელმაც მოკლე ფრთაზე მარტომ შეუტია და მცველების მცდელობის მიუხედავად, მიზანს უწია. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სტუმრები 20:14 დაწინაურდნენ. “ლა როშელმა” შესვენებამდე მესამე ლელო და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა (22:20), მაგრამ მეორე ტაიმში ფრედერიკ მიშალაკმა სამი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შორის ერთი ჯარიმა “ლა რიშელმაც” შესრულა და “ტულონი” გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო (29:25), მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მასპინძლებმა დერეფნიდან შეუტიეს, მცველების შეცდომით ისარგებლეს და გამარჯვების ლელო გაიტანეს.

ამ მოგების შემდეგ “ლა როშელი” 50 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა და Top 14-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს. “ტულონმა” ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 66 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა, რადგან მისმა მდევრებმა მარცხი განიცადეს.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს”, “ტულონის” მსგავსად მომავალ შაბათს ჩემპიონთა თასის ფინალი ელის და “კასტრს” შესუსტებული შემადგენლობით ეწვია. განაცხადში არ იყო ზირაქაშვილიც, ხოლო კოლელიშვილი ტრავმირებულია. შედეგად, “კლერმონი” 10:31 დამარცხდა და 62 ქულით მეორე ადგილზეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ვასილ კაკოვინის “ტულუზს” უმასპინძლა, 35-ე წუთიდან მოედანზე კაცნაკლული დარჩა და დასკვნით 20 წუთში გატყდა - 12:21. ქუბრიაშვილმა შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა, ჟვანია თამაშში პირველად 49-ე წუთიდან ჩაერთო და 12 წუთში სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა, ხოლო 76-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. სტუმართა განაცხადში არ იყო კაკოვინი.

პარიზელებმა ტაიმი 9:8 მოიგეს, მაგრამ 35-ე წუთზე მათი შუამარბი მეტოქის გარემარბის პროვოკაციას წამოეგო, მას მუშტი უთავაზა და მართალია, ინიციატორი ყვითელი ბარათით დაისაჯა, მაგრამ თავად პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. “ტულუზის” შემადგენლობა რომ შეივსო, “სტად ფრანსემ” ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა მიიღო, 74-ე წუთზე ლელო გაუშვა და ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამრიგად, “ტულუზი” ქულებით “სტად ფრანსეს” გაუტოლდა (61-61), მაგრამ დამატებითი მჩვენებლებით მას მესამე ადგილი ჩამოართვა.

58 ქულით მე-5 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე “ოიონაქსთან” 16:21 დამარცხდა. პარიზელებმა საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე, ჯარიმით დააფიქსირეს და რადგან 5 ქულის სხვაობით დამარცხდნენ, ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს. სწორედ ამ ქულით უსწრებს “რასინგ მეტრო” მე-6 ადგილზე მყოფ “ოიონაქსს”.

საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელსაც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” 15:10 მოუგო. მატჩში სამმა ქართველმა ბურჯმა მიიღო მონაწილეობა - მასპინძელთა შორის ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჟღენტმა შეცვლაზე მეორე ტაიმი სრულად ითამაშა; სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ნარიაშვილი და მოედანზე 67 წუთი გაატარა. ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში “ბრივმა” ოთხი ჯარიმა გაიტანა და 15:3 დაწინაურდა. მატჩის მიწურულს “მონპელიემ” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ამრიგად, “მონპელიე” 51 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 ქულა აშორებს საპლეიოფო მე-6 ადგილს. “ბრივი” 48 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ მე-13 ადგილზე მყოფ “ბაიონს” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

51 ქულით მე-8 ადგილზეა და საპლეიოფო ამბიციებს ინარჩუნებს ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელმაც ქართველი ლეგიონერის გარეშე გასავარდნად განწირული “ლიონი” სტუმრად 37:22 დაამარცხა.

2 მაისს ჩემპიონთა თასის ფინალში “კლერმონი” და “ტულონი” ითამაშებენ, ხოლო Top 14-ის 24-ე ტურის შეხვედრები 9-10 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110567