ავტოსპორტი

9:58 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დათა ქაჯაია FIA-ს ETCC-ს სერიაში იასპარეზებს

ცნობილი ქართველი დათა ქაჯაია ამ სეზონიდან ევროპის ტურინგის კლასის ავტომობილების თასზე (ETCC) იასპარეზებს. ცნობისათვის, ეს არის ევროპის ტურინგის კლასის ჩემპიონატის განაყოფი, რომლის ერთი ნაწილიც, 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატად (WTCC) გარდაიქმნა, მეორე კი - ევროპის ტურინგ ქარ-ის თასად.

ქაჯაიას ევროპულ ჩემპიონატში ასპარეზობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და მისი სპორტული კლუბი „MIA ფორსი“ უზრუნველყოფს. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მრბოლი ასეთი დონის სერიაში იასპარეზებს. ქაჯაია გერმანულ გუნდ „ენგსტლერ მოტორშპორტის“ მე-3 სერიის „ბეემვეთი“, სერიის უმაღლეს კატეგორიაში, „სუპერ 2000 TC2T-ში“ იასპარეზებს.

ამ კლასში, 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავებით აღჭურვილი ოთხი მარკის (ბეემვე, შევროლე, სეატი და ჰონდა) ავტომობილები მონაწილეობენ. სულ ოთხი კატეგორიაა: სუპერ 2000 TC2T, სუპერ 2000 TC2 (ტურბინების გარეშე), სუპერ 1600, ქალთა თასი და ერთი მარკის (სეატი) თასი. სუპერ 2000 TC2T-ში „ბეემვეს“ სარბოლო ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 320 ცხენის ძალას აღწევს. საინტერესოა, რომ ორ კლასში - სუპერ 1600-სა და ქალთა თასზე, უკრაინელი ქსენია ნიკსიც ასპარეზობს, რომელსაც რუსთავში არაერთ რბოლაში მიუღია მონაწილეობა.

დათა ქაჯაიას ამ დონის სერიაში გადასვლა, წინა სამ სეზონში, ლეჯენდსის კლასის ორ სერიაში მოპოვებული სამი ტიტული, უფრო კი იქ მისი დამაჯერებელი გამოსვლა გახდა. პირველივე სეზონიდან, ის რბოლების აბსოლუტური დომინანტი გახდა და გაცილებით გამოცდილ და ავტორიტეტულ მრბოლებს ადვილად აჯობა. ყველა ტრასა, სადაც ასპარეზობა უწევდა, მისთვის უცნობი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ის ადვილად იგებდა რბოლებს. დათამ ახლახანს გერმანულ ჰოკენჰაიმის ტრეკზე, პირველი ტესტები გაიარა.

ახალი სეზონიდან, ETCC-ს სეზონს ერთი ეტაპი დაემატა და საპრიზო ფონდი გაეზარდა. მის პოპულარობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რბოლებს სპორტული ტელეარხი „ევროსპორტი“ გადასცემს. სამ ეტაპზე - ჰუნგარორინგზე (უნგრეთი), სლოვაკია რინგსა (სლოვაკეთი) და პოლ რიკარზე (საფრანგეთი), ETCC-ს რბოლები, WTCC-ს მხარდამჭერის რანგშია. გარდა ამისა, ბელგიის ცოლდერზე, რბოლას ბელგიის სატვირთოების დიდი პრიზის მხარდამჭერის სტატუსი აქვს. სხვა ორ რბოლას ჩეხეთის ბრნო და იტალიის პერგუსა (სიცილია) უმასპინძლებენ.

ETCC-ს 2015 წლის სეზონის კალენდარი

2-3 მაისი - ჰუნგარორინგი (უნგრეთი)

20-21 ივნისი - სლოვაკია რინგი (სლოვაკეთი)

27-28 ივნისი - ლე კასტელე (საფრანგეთი)

5-6 სექტემბერი - ბრნო (ჩეხეთი)

18-20 სექტემბერი - ცოლდერი (ბელგია)

10-11 ოქტომბერი - პერგუსა (იტალია)

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106465