ბლოგი

10:59 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი გუნდი ბურთთან ერთი შეხებითაც იცნობა...

“უკეთუ ერთი მოსისხარი შემოვიდეს მიწასა შენსა ზედა, მას მოჰყვება მრავალნი, რამეთუ მტერი იგი ლაღობს სატანჯველითა ქუეყნისა და უკეთუ არღარაა ბრძოლა, არღარაა იმედი გამარჯვებისა”.

პორტუგალია ზღვის პირას მიმოფანტული შესანიშნავი ქვეყანაა, სადაც სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ფეხბურთსაც მშვენივრად თამაშობენ. შავტუხა პორტუგალიელი ბიჭების ნათამაშები არაერთი შეხვედრა გვახსოვს და არაერთხელ ავუფორიაქებივართ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებსა თუ კლუბებს. მაგრამ იმ საღამოს პორტუგალიაზე ფიქრიც კი რთული იყო. იმ საღამოს ყველანი სულ სხვა ქვეყანაზე ვფიქრობდით და არად ვაგდებდით პორტუგალიელთა დაზაფრულ სახეებს, რომლებმაც ალბათ გვიან გააცნობიერეს თუ რაც ხდებოდა მათ თავს. მაგრამ მაშინ უკვე ამაო იყო ყველაფერი...

ჩვენს მშობლებს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ ორი გერმანია არსებობდა და ამ ორიდან ბედნიერად და ლაღად ის გერმანია ცხოვრობდა, რომელიც სტალინის ახირებით ე.წ. სოციალისტური ბანაკის მხარეს დარჩა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ გერმანელები არიან მშრომელი ხალხი, მაგრამ მათ არ იციან მეგობრობა, ნათესაობა, არ გააჩნიათ სითბო და მსგავსი სიტყვების რახარუხი. დღეს კი ნებისმიერი სკოლის მოსწავლე რომ გააჩეროთ და გერმანიაზე შეეკითხოთ, ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის დეტალებზე რა გითხრათ და სამ გერმანელ ფეხბურთელს მაინც გაიხსენებს. მე თუ მკითხავთ ყველაზე სწორ შეფასებებს ამ ქვეყნისა და ამ ხალხის მიმართ სწორედ ჩვენი მომავალი თაობა აკეთებს.

როდესაც მიუნჰენის “ბაიერნის” ფეხბურთელები მინდორზე გადიან, ჩვენ არ ვიცით რა ანგარიშით დამთავრდება ეს თამაში, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცით, რომ გერმანელები არასოდეს დაიწყებენ ბურტყუნს, მუდმივად ხელების შლას, ყველა მათი შეცდომის მსაჯისათვის გადაბრალებას და მატჩის ბოლო წუთებამდე შეგვიძლია ველოდოთ რაღაც დიდსა და გამორჩეულს.

ხოლო თუკი “ბაიერნმა” საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა ხელი, არასოდეს უნდა გავიკვირდეს რაც მან გუშინწინ “პორტუს” დამართა. არადა ყველა ვიძახდით, მიუნჰენელებს ფეხბურთელები აკლიათო, ფორმაში ვერ არიანო, საექიმო შტაბში განხეთქილება და უბედურება აქვთო, დადგა მათი წარუმატებლობის დროო და ვინ იცის კიდევ რას აღარ მოისმენდა კაცი ამ ბოლო დღეებში. მაგრამ ყველაფერი სულ მარტივად მოხდა. “ბაიერნის” ლამის მეორე შემადგენლობა გამოვიდა “ალიანს არენას” დიდებულ მინდორზე და ცოდვის კალოც დაატრიალა.

შეძლებს თუ არა მიუნჰენის “ბაიერნი” წელს ჩემპიონთა თასის აღმართვას? ვინ შეძლებს გერმანელების შეჩერებას? “პორტუსთან” პირველ შეხვედრაში მარცხი მხოლოდ შემთხვევითობა იყო თუ “ბაიერნს” მართლა რაღაც სჭირს? ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე რამდენად აქვს “ბაიერნს” ლიგაზე გამარჯვების ამბიცია? - ეს კითხვები ალბათ კიდევ დიდ ხანს იტრიალებს გულშემატკივრებს შორის. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც იტრიალებს, სანამ ფინალში გამსვლელი გუნდები გაირკვევა და ამდენ კითხვას შორის ჩურჩულივით მოისმის ერთი, ჩემი აზრით ყველაზე უმთავრესი კითხვა: “ბაიერნმა” წელს ევროპული თასი რომც ვერ აღმართოს, განა ამით რაიმე დააკლდება ამ გუნდს? მე თუ მკითხავთ არც არაფერი დააკლდება! უნგრეთის დიდი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი არასოდეს გამხდარა, მაგრამ ყველამ ვიცით ვინც იყვნენ და რაც შეეძლიოთ კოშიჩ-პუშკაშსა და მათ მეგობრებს. ამ დროს კი ბევრი მსოფლიოს ჩემპიონის სახელი გაჰყვა დროთა მდინარების მტვრიან ქარიშხალს.

დიდი გუნდი ბურთთან ერთი შეხებითაც იცნობა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115781