ფეხბურთი

3:10 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” VS “პორტუ” – დეტალები, ფაქტები, სტატისტიკა

დღეს საღამოს უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მატჩებიდან ინტრიგა მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნისა” და “პორტუს” შეხვედრას შემორჩა.

ურთიერთშეხვედრები

“ბაიერნი” და “პორტუ” ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ერთმანეთს მესამედ გადაეყარნენ. აქამდე ორივე ჯერზე გამარჯვებული გერმანული გუნდი გამოვიდა.

4 აპრილს, 1999-2000 წლების სეზონში, პორტუში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში კი მას მერე, რაც მარიო ჟარდელმა 90-ე წუთზე გაათანაბრა, თითქოს თამაშიც დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ მანამდე ტომას ლინკემ “ბაიერნი” მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

1990-1991 წლების მეოთხედფინალში კი პირველი მატჩი მიუნხენში ფრედ დასრულდა (1:1), ხოლო პორტუგალიაში კრისტიან ციგესა და მანფრედ ბენდერის გოლებით “რეკორდმაისტერმა” დამაჯერებლად მოიგო.

სამაგიეროდ, “პორტუს” “ბაიერნის” წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება უმაგრებს ზურგს – 1986-1987 წლების სეზონში “დრაკონებმა” ფინალში იმარჯვეს. თამაში კი მართლაც დრამატული გამოდგა. ლუდვიგ კიოგლის 25-ე წუთზე გატანილი გოლით “ბაიერნი” თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ რაბაჰ მაჯერმა და ჟუარიმ სამწუთიან ინტერვალში თამაშის ბედი თავისი გუნდის სასარგებლოდ გაჩარხეს.

1987 წლის 27 მაისს გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“პორტუ”: მლინარჩიკი, ჟოაო პინტო, სელსო, ლუის ედუარდო, ინასიო (ანტონიო ფრასკო 66), კიმი (ჟუარი 46), ხაიმე მაგალაეში, სოუსა, ანდრე, მაჯერი, ფუტრე

“ბაიერნი”: პფაფი, ვინკლოფერი, ნასტვეიჰი, ედერი, პფლუგერი, ფლიკი (ლუნდე 82), მათეუსი, ბრემე, ჰიონესი, რუმენიგე, კიოგლი

ფაქტები

“ბაიერნი”

5 გზის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ “ბაიერნს” შანსი აქვს ნახევარფინალში მიჯრით მეოთხედ გავიდეს.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველა საშიანო მატჩი მოიგო. გაიტანა 13 გოლი და საკუთარ კარში არცერთი გაუშვია. მერვედფინალში მათ დონეცკის “შახტარს” 7:0 აჯობეს.

“ბაიერნს” პორტუგალიური გუნდებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით ლისაბონის “სპორტინგი” ჰყავს დამარცხებული, რომელსაც 2008-2009 წლების სეზონის მერვედფინალში 7:1 მოუგო.

“რეკორდმაისტერმა” სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ მოდევნო ეტაპზე გასვლა 9 შემთხვევაში მოახერხა, ხოლო 11-ჯერ ვერა.

მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიში 1:3 არასდროს შემოუბრუნებიათ. ასეთი შედეგით პირველი მატჩი მათ 4-ჯერ წააგეს და ოთხჯერვე ტურნირს დაემშვიდობნენ.

“ბაიერნს” უეფას ტურნირებში პენალტების სერიაში თამაში ექვსჯერ მოუწია. აქედან მათ მხოლოდ ერთხელ წააგეს და ისიც ფინალი, ისიც მიუნხენში (“ჩელსის” წინააღმდეგ, 2012 წელს).

“პორტუ”

“პორტუ” ნახევარფინალში 2003-2004 წლების შემდეგ არ გასულა. მაშინ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ასპარეზობა ტრიუმფითაც დაასრულა.

“დრაკონები” ბოლოს მეოთხედფინალში კი ექვსი წლის წინ, 2008-2009 წლების სეზონში იმყოფებოდნენ, როცა “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.

იულენ ლოპეტეგის გუნდი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჯერაც წაუგებელია.

“პორტუს” გერმანიაში აქტივში 3 გამარჯვება, 4 ფრე და 6 მარცხი აქვს. ბოლოს ალემანთა მიწაზე მათ 2006-2007 წლების სეზონში მოიგეს, როცა “ჰამბურგს” 3:1 მოუგეს. მაშინ, დღევანდელი გუნდიდან მოედანზე მეკარე ელტონი და ნახევარმცველი კვარეჟმა გახლდათ.

გასულ სეზონში “პორტუმ” გერმანულ გუნდთან ორმატჩიან დუელში გამარჯვება 37 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო. ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში “დრაკონებმა” ორი მატჩის ჯამში ფრანკფურტის “აინტრახტს” აჯობეს.

“პორტუ” მას შემდეგ რაც საშინაო მატჩს ანგარიშით 3:1 იგებდა, მომდევნო ეტაპზე ყოველთვის გადიოდა. ასეთი რამ კი სამჯერ მომხდარა. რაც შეეხება ორბურთიან უპირატესობას – 7 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

“პორტუს” პენალტების სერიაში უეფას ტურნირებში სულ სამჯერ უთამაშია. 1 გამარჯვება, 2 მარცხის საპირისპიროდ.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

ლოპეტეგი და გვარდიოლა “ბარსელონაში” თანაგუნდელები 1994-1997 წლებში იყვნენ. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე მათგანი ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

ისინი ესპანეთის პრიმერადივიზიონში ფეხბურთელის რანგში 5-ჯერ მეტოქეებიც ყოფილან.

“დრაგაუზე” ერთი კვირის წინ გამართულ მატჩამდე, გვარდიოლას “პორტუს” წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვებები ჰქონდა აქტივში, როგორც ფეხბურთელს, ისე მწვრთნელს. 1993-1994 წლების სეზონში “ბარსელონამ” ნახევარფინალში პორტუგალიურ გუნდს 3:0 მოუგო, 1999-2000 წლების სეზონში კი 4:2 და 2:0. მწვრთნელის რანგში კი უეფას სუპერთასზე – “ბარსელონამ” 2011 წელს მეტოქეს 2:0 აჯობა.

“პორტუს” წევრ კრისტიან ტელოს “ბარსელონაში” დებიუტი გვარდიოლას ხელში ჰქონდა (2011-2012 წლების სეზონში), როცა ტიაგო ალკანტარას თანაგუნდელიც იყო. ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ კი მას “ელ კლასიკოში” ოთხჯერ უთამაშია.

თავის მხრივ, ტელო და ალკანტარა ერთად თამაშობდნენ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 2013 წელს და იმ გუნდმა ევროპის შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო. “ფურიე როხას” 21-წლამდელებს კი ლოპეტეგი ავარჯიშებდა. იმავე ტურნირზე მათ სებასტიან როდეს გერმანიას მოუგეს.

კაზემირო და ჩაბო ალონსო მადრიდის “რეალში” 2012-2014 წლებში ერთად თამაშობდნენ.

ჯექსონ მარტინესმა და რიკარდო კვარეჟმამ გასულ სეზონში ესპანელ მეკარე პეპე რეინას გოლები გაუტანეს, როცა “პორტუმ” ევროპის ლიგის მერვედფინალში რეინას მაშინდელ გუნდ “ნაპოლის” სძლია.

2007-2008 წლების სეზონში მანუელ ნოიერმა “დრაგაუზე” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, როცა “შალკემ” მეტოქე მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა. რაფინიამ კი ელტონს გაუტანა. პორტუგალიელთა რიგებში მაშინ კვარეჟმაც თამაშობდა.

არიენ რობენს უკვე აქვს გოლი გატანილი ელტონისთვის “ჩელსის” მაისურით, 2006-2007 წლების სეზონში.

ბრუნო მარტინს ინდი არიენ რობენთან ერთად ჰოლანდიის ნაკრების წევრია. მათ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაბი ალონსოს ესპანეთი 5:1 გაანადგურეს.

იმავე რობენმა, იმევე 2014 წლის მუდნიალზე მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის ბოლო წუთებზე პენალტი გამოიმუშავა. “აცტეკთა” ღირსებას კი იმ დღეს ექტორ ერერა და დიეგო რეიესი იცავდნენ.

იასინ ბრაჰიმის ალჟირის ნაკრებმა კი მერვედფინალში გერმანიათან 1:2 წააგო. “ბუნდესგუნდის” რიგებში იმ დღეს მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე და ტომას მიულერი ირჯებოდნენ.

სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

გატანილი გოლი: “ბაიერნი” 24 – “პორტუ” 24

ბურთის ფლობა: 63% - 57%

კარისკენ დარტყმები (ჯამში): 161 – 128

კარში დარტყმები: 64 – 59

არაზუსტი დარტყმები: 52 – 47

დაბლოკილი დარტყმები: 45 – 22

ძელი (ხარიხა): 3 – 4

კუთხურები: 57 – 42

თამაშგარე: 22 – 23

გაფრთხილება: 17 – 16

გაძევება: 2 – 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113663