სხვა

21:19 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “ჩვენი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ”

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე 8 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ქართველი ძალოსნებისათვის ყველაზე ფეხბედნიერი ტურნირის ბოლო დღე გამოდგა, როდესაც ერთბაშად 4 მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ვერცხლის (1 დიდი, 2 მცირე) და ერთი მცირე ბრინჯაოს მედალი. ყველაზე დიდ წარმატებას ყველაზე პრესტიჟულ +105კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი თურმანიძემ მიაღწია, რომლის ანგარიშზეც სამივე ვერცხლის მედალი მოდის, რომელმაც სამივე კატეგორიაში (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ანალოგიური შედეგი აჩვენა უკრაინელმა სპორტსმენმა, მაგრამ თურმანიძე მეტოქეზე 85 გრამით მძიმე აღმოჩნდა და ამიტომ დარჩა აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლის გარეშე. რაც შეეხება მცირე ბრინჯაოს მედალს, იგი 105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით გოგიამ მოიპოვა, რომელსაც ეს ჯილდო ატაცში მოპოვებული წარმატებისათვის გადაეცა.

“მსოფლიო სპორტმა” ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ კახი კახიაშვილს.

- კმაყოფილი ხართ საქართველოს ნაკრების გამოსვლით?

- შეიძლება ითქვას, რომ გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ, რადგან 2 მედალი გვქონდა დაგეგმილი და 2-ჯერ მეტი ავიღეთ. რაღა თქმა უნდა შედეგითაც კმაყოფილი ვარ.

- კონკრეტულად რომელი ძალოსნებისაგან გეგმავდით მედლებს?

- თურმანიძისა და რამინ შამილაშვილისაგან.

- შამილაშვილს რამ შეუშალა ხელი მედლის აღებაში?

- რამინი ძირითადად 60კგ წონით კატეგორიაში გამოდის. ამ ჩემპიონატზე კი 50კგ წონით კატეგორიაში მოუწია გამოსვლა. ძალიან ბევრი დაიკლო წონაში და ამით შეიძლება აიხსნას, რომ ერთ-ერთი სინჯის მედლის გარეშე დარჩა.

- თქვენის ნებართვით ახლა ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხზეც გკითხავთ. ასპარეზობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენ ამბობდით რომ ტურნირის ჩატარება საფრთხის ქვეშ იდგა. ბოლომდე თუ მოგვარდა საორგანიზაციო საკითხები?

- გარკვეული ფინანსური პრობლემა ისევ გვაქვს და იმედია ისიც მალე მოგვარდება.

- მომავალშიც ხომ არ იგეგმება საქართველოში ძალოსნობაში რომელიმე საერთაშორისო ტურნირის, ჩემპიონატის ან რაიმე ღონისძიების ჩატარება?

- მიმდინარე წელს სიმპოზიუმს ვუმასპინძლებთ, რომელზეც მწვრთნელების შესახებ ვიმსჯელებთ. 2018 წელს კი დაგეგმილია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატი 17 და 23 წლამდე ასაკის ძალოსნებს შორის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11211