ფეხბურთი

12:00 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი კლუბი ერთი მატჩის მოლოდინში

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” “ვალენსიას” მიიღებს. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა არამხოლოდ ოპონენტთათვის აქვს. აღნიშნულ მატჩს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე სხვა კლუბებისთვისაც უდიდესი დატვირთვა აქვს: “რეალი” სტუმრებს უქომაგებს, ხოლო “ატლეტიკო” და “სევილია” მასპინძლებს. მადრიდის “რეალი” შინ “მალაგას” დაუხვდება, ხოლო მადრიდის “ატლეტიკო” გალისიაში ესტუმრება “დეპორტივოს”.

18:00 ბარსელონა – ვალენსია


მოახლოებულ შეხვედრას ორივე კლუბი კარგი განწყობით ხვდება. “ბარსელონამ” ოთხშაბათს პარიზში დამაჯერებლად მოუგო “პარის სენ-ჟერმენს” და 1/2 ფინალის საგზური ფაქტობრივად გაიფორმა, ხოლო “ვალენსიამ” ორშაბათს გამართულ ვალენსიურ დერბიში “ლევანტე” გაანადგურა.

“ბარსელონა” ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა კატალონიურ გრანდს “რეალის” სუნთქვა ესმის – ისინი ანჩელოტის გუნდს მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ და “სევილიასთან” დაკარგული ქულების შემდეგ მათთვის დღევანდელი შეხვედრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ბარსელონამ” ვერ მოიგო, უდიდესი ალბათობით ესპანეთში ლიდერი შეიცვლება, რადგან “ბლანკოსი” თავის შეხვედრაში აშკარა ფავორიტია. “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე დაშავებული ანდრე ინიესტა არ ეყოლება, ტომას ვერმაელენის არყოფნა კი ჩვეული ამბავია.

კატალონიელთა მსგავსად, ძალიან სჭირდება ქულები “ვალენსიას”, რომელიც მე-3 ადგილოსან “ატლეტიკოს” ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-5 პოზიციაზე მყოფ “სევილიას” 3 ქულით უსწრებს. “ლოს ჩეს” მეტოქეთაგან განსხვავებით, მხოლოდ ლა ლიგაში აქვს სათამაშო და ეს დიდი უპირატესობაა. ნუნუ ესპირიტო სანტოს კლუბს ამ მხრივ დღესაც უპირატესობა აქვს, რადგან “ბარსელონას” მხოლოდ ორი დღე ჰქონდა დასვენებისთვის. “ღამურებს” ენცო პერესი და პაბლო პიატი ჰყავთ ტრავმირებული. სამაგიეროდ, ბრუნდებიან ხოსე ლუის გაია და ნიკოლას ოტამენდი.

“მესტალიაზე” გამართული პირველი წრის შეხვედრა სერხიო ბუსკეტსის 94-ე წუთზე გატანილი გოლით “ბარსამ” მოიგო, ხოლო გასულ წელს “ნოუ კამპზე” შემდგარ ჯახში “ვალენსიამ” იმარჯვა (3:2).

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ლა ლიგაში საუკეთესო ფორმაში მყოფი კლუბები უპირისპირდებიან ერთმანეთს. უკანასკნელი 10 მატჩიდან “ბარსელონამ” 8 მატჩი მოიგო, ხოლო თითოჯერ ფრესა და წაგებას გაუსინჯა გემო და ჯამში 25 ქულა დააგროვა. “ღამურებმა” ბოლო 10 მატჩი წაუგებლად განვლეს: 7 მოგება, 3 ფრე და 24 ქულა. სათქმელი ისიც, რომ კლუბებმა უკანასკნელად “მალაგასთან” ერთნაირი ანგარიშით 0:1 წააგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, მონტოია, ბუსკეტსი, ხავი, რაკიტიჩი, ნეიმარი, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვალენსია (4-1-4-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, პარეხო, ფეგული, როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

20:00 დეპორტივო – ატლეტიკო

გალისიელები ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი გასავარდნ ზონაში იმიტომ არ არიან, რომ კონკურენტს მათზე უარესი ბურთების სხვაობა აქვთ და დღეს წარუმატებლობის შემთხვევაში დიდი შანსია, საშიშ ზონაში აღმოჩნდნენ. ლა კორუნიელებს ვილკი და სელსო ბორგესი არ ეყოლებათ.

მადრიდელებმა სამშაბათს უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე და რამდენიმე დღეში კიდევ ერთი მადრიდული დერბი ელით, რომელშიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, თუმცა “როხიბლანკოს” იქამდე გალისიურ მატჩზე ფიქრი მოუწევს, რადგან “ვალენსიასთან” უპირატესობა მხოლოდ ქულას შეადგენს. მადრიდელებს ტრავმების გამო მარიო მანძუკიჩი და მარიო სუარესი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო გაბი არ ეყოლებათ.

კლუბების პირველი წრის შეხვედრა სკანდალური გამოდგა. თამაშის წინ ფანებს შორის ჩხუბი მოხდა, რასაც ერთი გალისიელის სიცოცხლე შეეწირა. რაც შეეხება მატჩს, მადრიდელებმა 2:0 იმარჯვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო (4-2-3-1):
ფაბრი, ლოპო, სიდნეი, ხუანფრანი, ლუისინიო, ხ.როდრიგესი, ბერგენტინოსი, ლ.პერესი, მედუნჯანინი, კავალეირო, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, ტიაგო, საული, კოკე, რ.გარსია, თურანი, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

22:00 რეალი – მალაგა

მადრიდის “რეალი” ორ ფრონტზე იბრძვის და წარმატების მიღწევის კარგი შანსი ორივე ტურნირზე აქვს. “ბლანკოსი” ჩემპიონატის ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან” გამართული საგარეო მატჩი ფრედ (0:0) დაასრულა და შინ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს. მადრიდელებს წამყვანი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაემტვრათ, რომელსაც ხავიერ ერნანდესი შეცვლის. მის გარდა, სამი ხედირა და ფაბიო კოენტრაო არ იქნებიან, რომელთაც ასევე ტრავმები აქვთ.

დღევანდელ შეხვედრას ცუდ ფორმაში ხვდება “მალაგა”. ანდალუსიელებს 4 მატჩია არ მოუგიათ, მაშინ როცა მათი კონკურენტი “ვილიარეალი” არადამაჯერებელია და მიყოლებით კარგავს ქულებს. “მედუზებმა” ამით ვერ ისარგებლეს და შესაბამისად, ევროპა ლიგის ზონას კვლავ 5 ქულით ჩამორჩებიან. სტუმრებს ტრავმების გამო ჩენი და კამაჩო ვერ დაეხმარებიან, ხოლო ველიგტონი დისკვალიფიცირებულია.

პირველ წრეში მადრიდელებმა 2:1 დაამარცხეს მეტოქე.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3):
კასილასი, რამოსი, პეპე, არბელოა, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ბეილი, რონალდუ, ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, რესიო, დარდერი, სამუელი, კასტილიეხო, ამრაბატი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

მსაჯი: ვიკანდი გარიდო

თეგებილა ლიგა
0.106317