ფეხბურთი

23:59 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “თქვენი მომავალი ბევრ რამეზეა დამოკიდებული”

საქართველო-გერმანიის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ჩემპიონთა მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი “დორტმუნდის” ცენტრალურ მცველ მატს ჰუმელსთან ერთად წარსდგა. ლიოვმა და ჰუმელსმა ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მინდა ვთქვა, რომ პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საწყის 45 წუთში მთლიანად ვდომინირებდით. მეორე ნახევარში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”.

მატს ჰუმელსი (გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი): “ძირითადად კონცენტრირებულები ვიყავით. ჩვენ თამაში მიგვყავდა და ქართველებს ფაქტობრივად შანსი არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ კუთხურს, როცა გატანა შეეძლოთ”.

-კმაყოფილია თუ არა ლიოვი მარკო როისის თამაშით?

- დიახ. მარკო უნივერსალი ფეხბურთელია და შეტევის სხვადასხვაგვარად წარმართვა შეუძლია.

- შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი და 1995 წლის თამაში ერთმანეთთან?

- არა, არ შემიძლია.

- საკმარისი იყო თუ არა 2 გატანილი გოლი გერმანიის ამბიციების დასაკმაყოფილებლად?

მატს ჰუმელსი: - რა თქმა უნდა 3 ბურთის გატანა უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ მთავარია, რომ სახლში 3 ქულა წავიღეთ.

- 2 გოლი და 7 გულშემატკივარი, რომელიც მოედანზე შევარდა. რას იტყოდით ამის შესახებ?

იოახიმ ლიოვი: - რა თქმა უნდა არასასიამოვნოა ასეთი ფაქტი. თამაშს აფერხებს და იმედია, მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდება.

მატს ჰუმელსი: - ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ არ მესმის ამ ხალხის. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, რომ მათ მომავალში აღარ ჰქონდეთ სტიმული იგივეს გაკეთების. ეს ჩვენს უსაფრთხოებას უშლის ხელს.

- კმაყოფილი ხართ თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერის თამაშით?

- დიახ. მისი გამოცდილება ყოველთვის ჩანს. იგი კროოსთან მუდამ მწყობრად თამაშობს და მისი ნდობა ყოველთვის შესაძლებელია.

- რა იყო თქვენი ძირითადი დამახასიათებელი დღევანდელ თამაშში?

იოახიმ ლიოვი: - მონდომება ყოველთვის გვახასიათებს. მეტოქის მიზანი იყო, რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაეშვა, ასეთ დროს კი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩვენი მოთმინება კარგად გამოჩნდა.

მატს ჰუმელსი: - ჩემი, როგორც მცველის დავალება არის, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინო და საჯარიმოში არ შევუშვა. დღეს, მთელი თამაში კონცენტრირებული ვიყავი.

-რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ნაკრებმა, რას იტყვით მის პერსპექტივაზე და ვის გამოარჩევდით შემადგენლობიდან?

- არ ვიცი. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახალგაზრდების აღზრდაზეც კი. მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ.

0.136492