ბლოგი

10:36 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როგორ დავამარცხოთ გერმანია

იცით, რატომ დამარცხდა უძლეველი რომის არმია ჯერ გოთებთან და შემდეგ ტევტონებთან? იმიტომ, რომ რომაელებმა საკუთარი უძლეველობა სისხლხორცეულად ირწმუნეს და წარმოუდგენელი ეგონათ, “ვიღაც გერმანელებთან” ბრძოლის წაგება.

სწორედ ამიტომ დამარცხდა თამარ მეფის ხელში გამოვლილი ლაშა გიორგისეული საქართველოს არმიაც 10 ათასამდე მონღოლთან, რადგან მაშინდელ ქართველებსაც რომაელების მსგავსად ეგონათ, რომ სადღაც აღმოსავლეთიდან ჩორთით მოსული უცნობი მხედრები მათ ვერას დააკლებდნენ. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა.

განსაკუთრებულად შორსმიმავალი დასკვნებისაგან თავი შევიკავოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ ამქვეყნად დაუმარცხებელი არავინაა და მათ შორის არც გერმანიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც დღეს ჩვენს ნაკრებს ხვდება და ყველა ლოგიკითა და სიზმარ-გამოცხადებებით, გერმანელებმა დაგეგმილი სამი ქულა უპრობლემოდ უნდა მიითვალონ.

თუმცა, ერთხელ ვიტყვი, რომ მოვლენებს არასოდეს უნდა გავუსწროთ წინ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რომაელი სარდლებიც გაოგნებულნი იყვნენ “ვიღაც გოთებთან, გალებთან თუ ტევტონებთან” მარცხით. ეს არც გამხნევებაა და არც იმედის მოცემა. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ სულ წინ ვიყუროთ...

ისე კი, მისი აღმატებულება ლოგიკა გვკარნახობს, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთან გასამარჯვებლად, მხოლოდ ფეხბურთელების კარგი მომზადება და მწვრთნელთა გამჭრიახობა არ კმარა და ეს გერმანელებმა ყველაზე უკეთ იციან. გერმანელთა დასამარცხებლად არც მხოლოდ ქართველი ქომაგების შემართებაა საკმარისი. გერმანიის ნაკრები რომ დაამარცხო, ცოტათი მაინც უნდა დაემსგავსო გერმანელს და უნდა ეცადო მაინც, რომ ისე გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ისე გამოხატავდე ამას, როგორც გერმანელი გამოხატავს.

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები რომ დაამარცხო, ისე ზუსტად და განსაზღვრულ დროს უნდა იარო სამსახურში, როგორც გერმანელები დადიან, დღე და ღამე უნდა იფიქრო, თუ რა შემატო შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის ეკონომიკას, უნდა გამუდმებულად აშენებდე გზებს, საწარმოებს, კაშხლებს, აეროპორტებს, სახლებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს... არასოდეს უნდა იყო მხოლოდ ხელისუფლების ხელებში შემყურე და გჯეროდეს, რომ ხელისუფლება ხალხზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე პირიქით.

გერმანიის ნაკრები რომ დაამარცხო, შენი ქვეყნის სკოლებში მასწავლებლები და მოსწავლეები თანაბრად უნდა აფასებდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს და განათლება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ქარხნებსა და საწარმოებში დაცული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება, რადგან ამის გარეშე გერმანია კი არა, სვაზილენდიც კი ვერასოდეს გახდები. შახტებსა და მაღაროებში ყოველთვიურად არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები, რადგან ეს ადამიანები ქმნიან ქვეყანას, რომელმაც გერმანია უნდა დაამარცხონ და თუ რიგითი მუშები და მაღაროელები ასე საშინელ პირობებში იმუშავებენ, მაშინ არც ფეხბურთელებისათვის შექმნილ სავარჯიშო პირობების ხარისხზე უნდა ამოვიღოთ ხმა.

გერმანიის ნაკრების დასამარცხებლად ისიც საჭიროა, რომ საჯარო მოხელეები საკუთარი თავისათვის მაღალი პრემიების გამოწერის ნაცვლად, რეალურ საქმეს აკეთებდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, როგორ უშველონ ორმოებს ქალაქში და ორმოებს ჩვენს ტვინებში. პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ დიდი ხელფასები და ყოველთვის გააჩნდეთ იმის განცდა, რომ ისინი ხალხს ემსახურებიან და არა ხელისუფლებებს ან პარტიებს, რადგან ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ჩვენი ბეჩავი ხალხი კი ამ ქვეყანაში რჩება.

დაბოლოს, გერმანიის ნაკრები რომ დავამარცხოთ, ჩვენ ჟურნალისტებსაც გვჭირდება პროფესიონალიზმის ამაღლება და არასოდეს უნდა გავექცეთ არც კრიტიკას და არც ჩვენი საქმიანობის მკვეთრად შეფასებებს.

ხომ ხედავთ, გერმანიის ნაკრების დამარცხება როგორი რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია, ჩვენ გვჯეროდეს, რომ ამ ყველაფერს შევძლებთ და როცა იქნება, ასეც მოხდება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111268