ფეხბურთი

19:54 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ”

“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გერმანიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს. ცხადაძემ ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და მათ მსოფლიოს ჩემპიონებთან ბრძოლას დაჰპირდა.

კახა ცხადაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მსოფლიოს ჩემპიონებს ვეთამაშებით. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი თამაშია. ჩვენ კი არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ აუცილებლად იქნება შედეგი, თუმცა წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენსას ვეცდებით”.

- გადაწყვეტილია თუ არა რა ტაქტიკით ითამაშებს გუნდი გერმანიასთან შეხვედრაში?

- ტაქტიკა გადაწყვეტილია, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას შედეგიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს. დიდი იმედი მაქვს, ამის საჭიროება არ გახდება და მატჩი ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართება.

- როგორ თამაშს დაუპირისპირებთ გერმანიის ნაკრებს?

- შევუტევთ და დაცვაშიც განსაკუთრებული ყურადღებით ვითამაშებთ.

ჯაბა კანკავა (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ, დაცვაში კომპაქტური თამაშია საჭირო, ხოლო შეტევაში შანსი აუცილებლად გვექნება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ”.

- როგორი განწყობაა გუნდში ფსიქოლოგიურად?

კახა ცხადაძე: მიზანი იქნება გამარჯვება, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. რაც შეეხება განწყობას, თავიდან, როცა გუნდში მოვედი, ფეხბურთელებს რომ ვუყურებდი მათ სახეებზე ბევრი კითხვები იყო. ახლა კი უფრო დალაგებული სახეები აქვთ. დარწმუნებული ვარ, გერმანიასთან დადებითი შედეგი მათ ფსიქოლოგიურ განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.

- თუ არის გადაწყვეტილი რომელ ფორვარდს დააყენებთ ძირითად შემადგენლობაში?

- რა თქმა უნდა. შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილია თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ფეხბურთელს. შეიძლება ერთი ცვლილება განხორციელდეს, თამაშამდე ერთი დღეა ისევაა დარჩენილი. აქვე მინდა, რომ დიდი მადლობა გითხრათ გვერდში დგომისთვის და მთელ საქართველოს იგივესკენ მოვუწოდო. ყველას გვიყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს.

- გერმანიასთანაც იგივე შემადგენლობას დააყენებთ, რაც მალტასთან იყო?

- არა, ცვლილებები იქნება.

- რის ხარჯზე შეიძლება წარმატების მიღწევა?

ჯაბა კანკავა: - წეღანაც ვთქვი, რომ დაცვაში ყურადღებით და კომპაქტურად თამაში იქნება აუცილებელი. თავდამსხმაში კი ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

0.114316