კალათბურთი

17:18 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შსს აკადემიამ" მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა

საკალათბურთო რეგულარული ჩემპიონატის მეცამეტე ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა - "შსს აკადემიამ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “დინამოს” უმასპინძლა. აღნიშნული გუნდებიდან მოტივაცია "შსს აკადემიას" მეტი ჰქონდა, რადგან წაგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის თეორიულ შანს კარგავდა, ხოლო “დინამო” წაგების შემთხვევაშიც ინარჩუნებდა პირველი ადგილის დაკავების შანს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა “ძალოვნების” უპირატესობით დაიწყო, პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა "შსს აკადემიამ" ბოლომდე შეინარჩუნა, დიდი ანგარიშით 91:63 შეძლო მეტოქის დამარცხება და სატურნირო ცხრილში მეოთხედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა "შსს აკადემიას" ახალგაზრდა ფორვარდმა აკაკი ლომოურმა დააგროვა. დინამოელთა ყველაზე შედეგიან კალათბურთელ გარიკ შერმანის ანგარიშზე 16 ქულა და 11 მოხსნაა.

ამრიგად, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ასპარეზობას 23-23 ქულით "დინამო" და "ქუთაისი 2010" ლიდერობენ. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფი "შსს აკადემია". თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში "შსს აკადემია" "ქუთაისი 2010"-ს მასპინძლობს, "შსს აკადემიას" შეუძლია გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილი დაიკავოს და პლეიოფში მოედნის უპირატესობა მოიპოვოს. რაც შეეხება "დინამოს", მეთოთხმეტე ტურში მისი მეტოქე მეშვიდე ადგილზე მყოფი უმოტივაციო "სოხუმი" იქნება და წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიას" მთავარი მწვრთნელი):"ამ შეხვედრაში მოტივაცია ჩვენ უფრო მეტი გვქონდა და ბიჭებმა მეტი მონდომებით ითამაშეს. ყველაფერი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში "ქუთაისი 2010"-თან შეხვედრის დროს გადაწყდება, ვეცდებით რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავოთ და პლეიოფში მოედნის უპირატესობა მოვიპოვოთ..."

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):"ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას. მოწინააღმდეგემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ერთი კვირის შემდეგ თასის ფინალში უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, სადაც ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდ "რუსთავს" ვეთამაშებით. ვეცდებით დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ და თასის ფინალს მომზადებული შევხვდეთ..."

რეგულარულ ჩემპიონატში თითქმის ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა, ტურნირი 25 აპრილს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111244