ავტოსპორტი

16:50 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

წვიმაში ფეტელმა „მერსედესის“ ჰეგემონია დაარღვია

ისევე როგორც პირველ ორ პრაქტიკაზე, მალაიზიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლოსაც, ცხრილში ორი „მერსედესი“ ერთმანეთს „ფერარიმ“ დააშორა. ოღონდ, ამჯერად კიმი რაიკონენის ნაცვლად, მეორე პოზიცია სებასტიან ფეტელმა დაიკავა. თანაც, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონს 0.074 წამით ჩამორჩა.

რა თქმა უნდა, კოკისპირულმა წვიმამ შედეგებს თავისი დაღი დაასვა. მართალია, წვიმამ და სველმა ასფალტმა ყველას ერთნაირად გაურთულა საქმე, მაგრამ გარემოებათა გამო, ზოგს მეტად უშლიდა ხელს და ზოგსაც - ნაკლებად. მაგალითად, ფეტელის თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლებაც კი ვერ მიიღო, რაც ნაწილობრივ, მარკუს ერიქსონის „დამსახურებაა“. ამავე მიზეზით, გადამწყვეტ ეტაპზე „ტორო როსოს“ მაქს ფერსტაპენმა შეძლო გამოსვლა, მისი თანაგუნდელი კარლოს საინსი კი „გარეთ“ დარჩა.

მალაიზიაში წვიმა განსაკუთრებული ფენომენია - კვალიფიკაციის პირველი ნაწილი მშრალ ტრასაზე, ტროპიკულ სიცხეში გაიმართა. მაგრამ ტრასისგან მოშრებით, ქარმა შავი ღრუბელი შეაგროვა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ტროპიკული შტორმი მალე სეპანგის ტრეკსაც ეწვეოდა. ამიტომ, მეორე ნაწილის დასაწყისშივე ტრასაზე ყველა გამოვიდა - დიდი შანსი იყო იმისა, რომ ისინი ერთი სწრაფი წრის მეტს ვერ მოასწრებდნენ.

სხვათა შორის, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ჰამილტონმა მხოლოდ მერვე დრო დააფიქსირა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ტრასაზე გასვლა დაუგვიანდა, რადგან ბოქსში მის მანქანაზე ძრავი ძლივს დაქოქეს. ამიტომ, ტრასაზე ტრეფიკში მოუწია ასპარეზობამ და სწორედ ეს აისახა მის საშუალო შედეგზე.

მესამე ნაწილის დაწყება კი, ძლიერი წვიმის გამო, ნახევარი საათით დაგვიანდა. ამჯერად ჰამილტონმა ბრწყინვალედ შეასრულა თავისი საქმე. მან ეს პირველივე ცდაზე შეძლო. მართალია, ტრასამ მალე დაიწყო შრობა, მაგრამ ჰამილტონის დროის გაუმჯობესება ვეღარავინ შეძლო. ფეტელმა კი ბოლო მომენტში მოახერხა „მერსედესებს“ შორის ჩადგომა. ბოლო წრეზე ჰამილტონს კიდევ უფრო უკეთესი დროის ჩვენებაც შეეძლო, მაგრამ მასზე ნელ ფელიპე მასას გადაეყარა და დროც გააფუჭა.

მოკლედ, ჩემპიონმა ამ სეზონის მეორე რბოლის კვალიფიკაციაც მოიგო, რითაც კარიერაში მოგებული პოულების რიცხვი 40-მდე გაზარდა. ფეტელმა კი „ფერარი“ ისევ დააბრუნა სტარტის მოწინავე რიგში, სადაც წითელი მანქანა ბოლოს 2013 წლის მალაიზიის რბოლის სტარტზე იდგა. იმ მანქანის საჭესთან ფელიპე მასა იჯდა, რომელიც ამჯერად მე-7 ადგილს დასჯერდა.

„მაკლარენის“ ორივე პილოტისთვის კვალიფიკაცია პირველივე ნაწილის შემდეგ დასრულდა. მართალია, ჯენსონ ბატონი პრაქტიკების შემდეგ ამბობდა, მანქანა ახლა გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე მელბურნშიო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მის და ფერნანდო ალონსოს შედეგებზე არ ასახულა...

მალაიზიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:49.834
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:49.908
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.299
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:51.541
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:51.951
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:51.981
  7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:52.473
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:52.981
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:53.179
  10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:53.261

- - - - - - - - - -

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:42.173
  2. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:42.198
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.023
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.469
  5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:43.701

- - - - - - - - - -

  1. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:41.308
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.636
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:41.746
  4. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:46.677
  5. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) დროის გარეშე

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.113821