ფეხბურთი

14:33 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისიდან 3 ქულა წავიღოთ”

მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სასატუმრო “რედისონში” საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ თამაშში მისთვის მთავარი არა ანგარიში არამედ 3 ქულის აღებაა.

იოახიმ ლიოვი: “დიდი მადლობა ძალიან გულისხმიერი დახვედრისთვის. გუშინ სასტუმროში გერმანიის ნაკრების ბევრი ქართველო ფანი იყო მოსული. ცნობილია, რომ ქართულ-გერმანულ ფეხბურთს კარგი ურთიერთიერთობა აქვს. ჩემს მშობლიურ ქალაქ ფრაიბურგში თამაშობდნენ იაშვილი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი. კლაუს ტოპმიოლერი კი 2 წელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. შესარჩევ ციკლში შარშანდელი ჩავარდის მერე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან 3 ქულა ავიღოთ. მჯერა ასეც მოხდება. ენერგიას არ დავიშურებთ და ცეცხლს დავანთებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს დაცვაში თამაში შეუძლია. საფრანგეთთან მატჩში ქართველებმა ფრედ დაასრულეს, ხოლო ესპანეთთან მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ამიტომ, თავდასხმაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ.”

-გერმანელი ფეხბურთელები ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ საქართველოსთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ. ეს მეტოქის არასათანადო შეფასება ხომ არაა?

-გამარჯვება არც ისე ადვილი იქნება. 3 ქულის ასაღებად ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ლიგაში, იტალიურ “ემპოლიში”, მოსკოვურ კლუბებში თამაშობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა რამდენ გოლს გავიტანთ, მნიშვნელოვანია 3 ქულის აღება. გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი, ვიცი, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე გულშემატკივრები დიდი რაოდენობით იქნებიან. ამ უდიდეს ენერგიასთანაც გამკლავება მოგვიწევს.

-მომავალ მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერს რა როლი ექნება?

-წამყვანი როლი ექნება. ყველა ძალები თავდასხმაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან შეტევას გადამწყვეტი როლი აქვს.

-მომავალ თამაშში რა ტაქტიკით ითამაშებთ?

-სათამაშო სისტემას გარკვეული მნიშველობა აქვს. როდესაც ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩი 2:2 ვითამაშეთ, მეტოქე სულ თავდასხმაში იყო, რადგან დასაკარგი არაფერი ჰქონდა. გადამწყვეტი არაა რა ტაქტიკით ვითამაშებთ, მთავარი დავალებების პერსონალური გადანაწილება და სივრცეების გამოყენებაა.

-ყველა მოთამაშე მწყობრშია?

-მეტნაკლებად ყველა მწყობრშია. ავსტრალიასთან ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან დაიხარჯნენ. იონას ექტორმა მხარი იტკინა, მაგრამ ახლა კარგადაა.

-მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდიდად ლამი, მერტესაკერი და კლოზე წავიდნენ. მოახერხეთ თუ არა მათი სრულფასოვანი შეცვლა? ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ ნაკრები შესარჩევ ციკლში დამაჯერებლად ვერ გამოდის?

-ვერ ვიტყვი, რომ შესარჩევ ციკლში არცთუ კარგი დასაწყისის მიზეზი ეს იყო. კარგია როდესაც ასეთი მოთამაშეები გყავს, მაგრამ მათ შეცვლას ვცდილობთ. ისინი ასაკოვნები იყვნენ და ამიტომ წავიდნენ. საერთოდ ძველები უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ. ირლანდიასთან და პოლონეთთან მატჩებში ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ.

-მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და გამართული მანქანასავით იყო. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ასე რატომ ვერ თამაშობს?

-მართალი ხართ. მსოფლიოს ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ ჩვენ პორტუგალიასთან და საფრანგეთთან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. თუმცა ასეთი მატჩებისთვის ფეხბურთელები დიდი ხანი ემზადებიან. მსოფლიოს ჩემპიონატზე სრულად იხარჯებიან და სულ სხვა მოვიტივაციაა. ამის შემდეგ ძალების აღდგენა ცოტა ძნელია. გარდა ამისა, ნაკრებიდან 3 წამყვანი მოთამაშე წავიდა. უახლოეს დღეებში შევეცდებით ნაკრები ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ამ ჯგუფში ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვითამაშოთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ.

-დამესიზმრა, რომ ხვალ ფრე 1:1 იქნება. ჩემი სიზმრები სრულდება ხოლმე. გერმანიის ნაკრების მწვრთნელს რა დაესიზმრა?

-ეს რომ დამსიზმრებოდა ჩემთვის კოშმარი იქნებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა აუცილებლად წავიღოთ.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა ლიოვს სპეციალურად დამზადებული 2 პლასტმასის ბურთი გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.430476