ბლოგი

10:57 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკლებადშესანიშნავი სამეული

სამი რამ გვიყვარს ქართველებს ყველაზე მეტად: თავის გამოჩენა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველაფრის გათეატრალება და უღირსი ხალხის ლამის ეროვნულ გმირებად და “უცოდველ კრავებად” გამოცხადება.

როდესაც რუსეთის ნაკრებთან სარაგბო დაპირისპირების დროს, სტადიონის ტრიბუნები პირთამდე ივსება – ეს ამბავი ყველას გვახარებს, რადგან ქართველი მორაგბეები სავსე სტადიონებზე თამაშს რა თქმა უნდა იმსახურებენ. მაგრამ, მხოლოდ რუსეთთან მატჩზე ხომ არ გადის ქართული რაგბის დღევანდელობა? არადა, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ახალი ზელანდიის ძირითადი ნაკრებიც რომ ჩამოვიდეს, სტადიონის გავსება მაშინაც კი გაჭირდება. ქართველებს ხომ თავის გამოჩენისა და მუშტის მკერდზე ბრახუნის გამო ყველაფერის კეთება შეგვიძლია და რუსეთთან შეხვედრა საამისოდ შესანიშნავი ასპარეზია. ახალი ზელანდია კი ვის დაკარგვია...

ცნობილი ქართველი მსახიობები, ან მსახიობობასთან მიტმასნილი ხალხი ხშირად ამბობს, რომ ქართველები ნამეტნავად თეატრალური ხალხი ვართ და ჩვენი ეს თვისება მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. არის კი ეს დადებითი? მაგალითად, საქართველოში ხალხი შეიძლება აღშფოთდეს და გადაირიოს, როდესაც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ვთქვათ ინგლისის გუნდთან წააგებს (ვითომ ჯერ არც წაგვიგია) მაგრამ იგივე ხალხი თავისთვის ჩუმად არის მაშინ, როდესაც ქართველ მსაჯებს კორუფციაში ამხელენ და თამაშების გაყიდვაში დაადანაშაულებენ.

სამწუხაროდ ჩვენში სამართლიანობისადმი ნამეტანად დეგრადირებული მიდგომები არსებობს და ხშირად კრიმინალი უფრო დიდ პატივისცემას იწვევს, ვიდრე სამართალდამცველი. ამიტომაც, დამნაშავე მსაჯების თემა ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება და არც კორუფციაში ბრალდებულ მწვრთნელებს მოუმრავლდებათ მოკრიტიკეები. “ეგენი თავის თავს მიხედავენ ძმაო” - ამბობს ქართული ქუჩურ-მშიშრული კოდექსი, რომელიც რატომღაც ვაჟკაცობად და “ქართველობად” საღდება და იფუთება.

როგორც ზემოთ ვთქვი, ათასი ჯურის ნაძირლების “უცოდველ კრავებად” გამოყვანა ასევე ქართველების ერთ-ერთი სამწუხარო თვისებაა. მაგალითად, ტელევიზიაში მიწვეულია მავანი საფეხბურთი მწვრთნელი, რომელსაც დანამდვილებით იცი, რომ ათასგვარი ავკაცობა აქვს გაკეთებული და ქრთამი მისი ცხოვრების თანმდევი სიამეა. კითხვა გიჩნდება პირველ რიგში იმის გამო, თუ რატომ დასჭირდა ამ ტელეკომპანიას ასეთი “ოდიოზური” პერსონის ამოქექვა, მაგრამ ეს კიდევ შეიძლება ტელევიზიის რეიტინგის მატების სურვილით აიხსნას, მაგრამ ვერნაირად ვერ ვხსნი იმას, რომ აღნიშნულ გადაცემაში რეკავენ მოქალაქეები და ამ მწვრთნელს ქება-დიდებით ავსებენ. დავიჯერო ყველა ტელეფონზე დამრეკი მწვრთნელის ნათესავი ან მეგობარია? არა, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე.

ჩვენთან დამკვიდრებულია შეხედულება, თუკი ადამიანი რამეს აშავებს, მაგრამ ამ დანაშაულის ლამაზად მიჩქმალვას ახერხებს, ეს დანაშაული ხშირ შემთხვევაში არც ისე მუქ ფერებში წარმოჩინდება ხოლმე. მაგალითად, ცუდია როდესაც ადამიანი კორუმპირებულია და ქვეყანას ძირს უთხრის, მაგრამ თუკი ეს კორუმპირებული ადამიანი შენი ნათესავია, მინიმუმ ჩუმდები როდესაც მასზე არცთუ საამო საუბარს ისმენ და შეიძლება მოსაუბრეს პირშიც კი ეცე – ამ კაცს თავი დაანებეო! ყველა ჩვენგანმა საკუთარ გულში რომ ჩავიხედოთ, მივხვდებით, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ განა ამით კი შეიცვლება რამე?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112941