ავტოსპორტი

2:31 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

„რენო“ აღიარებს, რომ მისი ძრავები წელს ვერ მოიგებენ

„რენო“ აცხადებს, რომ მის პარტნიორ გუნდებს, „რედ ბულსა“ და „ტორო როსოს“, მინიმუმ ერთი სეზონით მოცდა მოუწევთ, სანამ მისგან გამარჯვებისთვის საჭირო დონეზე მომზადებულ ძრავებს მიიღებენ. ფრანგული კომპანიის ეს განცხადება მოჰყვა „რედ ბულის“ და „ტორო როსოს“ კრახს ავსტრალიის დიდ პრიზზე, სადაც ორივე გუნდმა თითო ძრავი დაკარგა. ამის გამო, ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა, „რენოს“ კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა.

მელბურნს რბოლა, „რედ ბულის“ ფავორიტმა, ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მეექვსე ადგილზე დაასრულა და ის გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს ერთი წრით ჩამორჩა. მისმა თანაგუნდელმა დანილ კვიატმა კი სტარტზე დადგომაც კი ვერ შეძლო. „ტორო როსოს“ ახალბედა კარლოს საინს უმცროსმა თავისი პირველი რბოლა მეცხრე ადგილზე დაასრულა, მისი ასევე ახალბედა თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი კი ასპარეზობას ძრავის დაზიანების გამო გამოეთიშა.

არადა, რიკარდომ გასულ სეზონში სამი რბოლა მოიგო, რამაც „რენოს“ იმის იმედი მისცა, რომ ახალი სეზონისთვის „მერსედსთან“ ჩამორჩენის შემცირებას შეძლებდა. მაგრამ როგორც ჩანს, პირიქით მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მელბურნში ასე გამოჩნდა. ეს კი გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას, „რენოს“ ფ1-ის პროგრამის მმართველმა დირექტორმა სირილ აბიტბულმა აღიარა.

„ჩვენ უკვე ვცით, რომ რბოლის მომგები ძრავი ამ სეზონში არ გვექნება. მაგრამ რბოლის მოსაგებად, მარტო კარგი ძრავი საკმარისი არაა. ამას კარგი მანქანა და პილოტებიც სჭირდება“, - ამბობს აბიტბული. ამასთან ის დასძენს, რომ ძრავის განვითარების პროცესში, რამდენიმე ფუნდამენტური შეცდომა იყო დაშვებული, რისი მიზეზიც, აგრეგატის განვითარების პროცესის დაჩქარება გახდა. ამან კი საპირისპირო შედეგი გამოიღო.

„სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპზე, ჩვენ ძრავის სრულყოფის აგრესიული გეგმა დავისახეთ. ამის გამო, რამდენიმე საფეხური არ გაგვივლია, რამაც ცუდი შედეგი მოგვცა. მაგალითად, სტენდზე გასაკეთებელი საქმის დასრულებამ ტრეკზე მოგვიწია. ეს კი რეალურად, წინ გადადგმული ნაბიჯი არაა. ეს კარგი ჭკუის სასწავლია მათთვის, ვისაც მეტისმეტად სწრაფად სურს მიზნის მიღწევა. როგორც ვიცი, „რედ ბულიც“ თავისი განვითარების აგრესიულ სტრატეგიას მიჰყვება და ასეთსავე ტემპს ჩვენგანაც მოითხოვს. რა თქმა უნდა, ძრავს გავაუმჯობესებთ, მაგრამ ეს ის არ იქნება, რაც სეზონის დაწყებამდე უნდა გაგვეკეთებინა“, - დასძენს აბიტბული.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115517