ფეხბურთი

14:14 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “კალაძე არ სვამდა”

ბელარუსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა, რომელსაც კიევის “დინამოში” კახა კალაძესთან და გიორგი დემეტრაძესთან ერთად ინტერნეტპორტალ ua.tribuna.com-თან ინტერვიუში ქართველების შესახებ სახალისო ისტორიები გაიხსენა.

ალექსანდრ ხაცკევიჩი: “ყველაზე სახალისო ისტორია კახა კალაძესთან მოხდა. “დინამოში” გადასულმა არც უკრაინული იცოდა და არც რუსული. პირველ ხანებში მას მაღაზიაში საყიდლებზე ვეხმარებოდი, ქალაქის გზას ვაჩვენებდი და თუ სადმე წასასვლელი იყო, მივყვებოდი.

მახსოვს ერთხელ კიევში ავტომანქანით მივდიოდით. უცებ კახამ მუხლზე ხელი დამადო და მეკითხება: “დღეს მარტო ხარ?”. სიმართლე გითხრათ, ცოტა გავოცდი. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ქართველები ქალების სპეციალისტები იყვნენ და უცებ ასეთი ისტორიაა. “საერთოდ, დღეს ცოლთან ერთად ვარ” – ვუპასუხე. ამ დროს კახას გაეცინა. როგორც აღმოჩნდა, არასწორად მკითხა. მას რესტორანში დაპატიჟება სურდა და უნდოდა გაეგო საღამოს დაკავებული ხომ არ ვიყავი. ყველაფერი კი ძალიან ინტიმურად გამოვიდა (იცინის).

კახა მართლაც ძალიან კარგი ადამიანია. “დინამოში” რომ ჩამოვიდა საერთოდ არ სვამდა. აი, ასეთი ქართველი იყო, რომელიც ღვინოს არ სვამდა. მართალია, როდესაც მამამისი და ძმა ჩამოდიოდნენ, რომელიც მოგვიანებით მოიტაცეს, ყველაფერი სამხრეთულად იყო.

ჩვენს კორპუსში “დინამოს” ფეხბურთელთა ათამდე ოჯახი ცხოვრობდა. კალაძე პერიოდულად ყველას სტუმრად ეპატიჟებოდა. ზოგჯერ რესტორანში დავდიოდით ცოლებთან და ბავშვებთან ერთად. კახა არ სვამდა და ამიტომ, მისთვის უფრო საინტერესო ჩვენს ბავშვებთან გართობა იყო.

სამაგიეროდ, “დინამოს” კიდევ ერთი ქართველი დემეტრაძე კალაძისგან საერთოდ განსხვავებული აღმოჩნდა. მას სადღეგრძელოების თქმა მიზეზითა და უმიზეზოდ უყვარდა. რა თქმა უნდა, ქართული სადღეგრძელოები შოუა.

დემეტრაძე ან კალაძის მამა საუბარს მშობლებით იწყებდნენ, შემდეგ ჯანმრთელობას მაგიდასთან მსხდომთ უსურვებდნენ, ამის მერე, დიდხანს სიცოცხლეს რესტორნის ოფიციანტებს, ადმინისტრატორებს და ვინც თვალში მოხვდებოდათ ყველას უსურვებდნენ. ზოგჯერ მათი სადღეგრძელოები შვიდი წუთი გრძელდებოდა. მაშინ, ვაგრძნობინებდით, რომ ჭიქის შიგთავსი უკვე “დუღდა”.

0.115618