ფეხბურთი

22:47 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის ტრაგედია “ენფილდზე”

ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის შემდეგ ზედა ოთხეული გამოიკვეთა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ლივერპული” დაამარცხა და ხუთი ქულით ჩამოიტოვა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-13 წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. ანდერ ერერამ ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ხუან მანუელ მატა, რომელმაც შანსი არ გაუშვა და ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი არ ყოფილა, ერთადერთი რეალური შანსი ადამ ლალანას ჰქონდა, რომელიც ვალდებული იყო გაეტანა, თუმცა დე ხეას კარს ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბრენდან როჯერსმა შეცვლას მიმართა და ადამ ლალანას ნაცვლად, სტივენ ჯერარდს უხმო მინდორზე. თუმცა, “წითლების” ცოცხალმა ლეგენდამ გუნდი დააღალატა და 38 წამში არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა. ჯერარდს ანდერ ერერა ეუხეშა, რამაც ინგლისელი წყობიდან გამოიყვანა და განზრახ დააბიჯა ესპანელს. ასე უსახელოდ ჩაატარა “სტივი ჯიმ” “ლივერპულის” რიგებში ბოლო დაპირისპირება “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. რიცხობრივი უპრატესობა კი კარგად გამოიყენეს სტუმრებმა და მეორე გოლის გატანაც მოახერხეს. 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ანხელ დი მარიამ კარგი გადაცემა გაუკეთა მატას, რომელმაც ჩინებულად ითამაშა და მაკრატელა დარტყმით მეორედ გაუტანა სიმონ მინოლეს. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყურები არ ჩამოუყრიათ და რაც შეეძლოთ აკეთებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 69-ე წუთზე ერთი ბურთი დანიელ სტარიჯმა გაქვითა. აღსანიშნავია, დავიდ დე ხეას შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა. მერსესაიდელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა რიცხობრივი უმცირესობა მათ თამაშზე დაღს ასვამდა და მეტი საგოლე ეპიზოდი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, მესამე გოლის გატანა შეეძლოთ “წითელ ეშმაკებს”. 93-ე წუთზე დეილი ბლინდმა მარტინ ატკინსონს პენალტი გამოსტყუა, ბურთთან უეინ რუნი მივიდა, თუმცა მინოლემ აჯობა – 1:2. “იუნაიტედმა” 59 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი გაიმყარა, ხოლო “ლივერპული” 54 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ “წითლებმა” 2015 წელს პირველი მარცხი განიცადეს. ბრენდან როჯერსის გუნდს ბოლოს წაგებული 14 დეკემბერს ჰქონდა, სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედთან”...

სამი ქულის აღება ძალიან გაუჭირდა ლონდონის “ჩელსის”, რომელიც “კინგსტონ სთედიუმზე” ეწვია “ჰალ სიტის”. სტუმართათვის შეხვედრა იდეალურად დაიწყო და ედენ აზარმა მე-2 წუთზე ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. სამ წუთში გათანაბრება მეკარესთან პირისპირ გასულ აბელ ერნანდესს შეეძლო, მაგრამ ტიბო კურტუას ვერ აჯობა. სამაგიეროდ, თავის შანსი გამოიყენა დიეგო კოშტამ, რომელმაც მე-9 წუთზე ეფექტური დარტყმით აიღო მაკგრეგორის კარი. ამ დროს ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ “ჰალი” რადიკალურ გარდატეხას მოახდენდა თამაშში, თუმცა ყველაფერი ასე მოხდა. მე-14 წუთზე ნ’დოიეს საჯარიმო დარტყმა კურტუამ უკუაგდო, ხოლო 26-ე წუთზე სხვაობა შემცირდა. რობერტსონმა თავის ფლანგზე ივანოვიჩი ჩაწოდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ელმოჰამედიმ დაასწრო და კურტუა უშანსოდ დატოვა. ორ წუთში ანგარიში გათანაბრდა, რაც ივანოვიჩის და უფრო მეტად, ბელგიელის ბრალია – სერბმა მცველმა კურტუას ისეთ მომენტში დაუბრუნდა ბურთი, როდესაც მეკარესთან ახლოს “ჰალის” შემტევი იმყოფებოდა, ამან კურტუა დააბნია და აბელ ერნანდესს ჩააბარა ბურთი, რომელმაც შანსი აღარ გაუშვა.

დაშვებული შეცდომა კურტუამ 63-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც ზედიზედ სამი რთული დარტყმის მოგერიება მოახერხა. პირველ შემთხვევაში ელმოჰამედის აუღო, ხოლო დამატებაზე ლივერმორსა და გასტონ რამირესს აჯობა. “ვეფხვებს” კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ, რისთვისაც დაისაჯნენ. 78-ე წუთზე ვილიანმა დასარტყმელად დაუგორა შეცვლაზე შემოსულ რემის, ფრანგ ფორვარდს მთლად კარგი დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა მეკარის არადამაჯერებელი თამაშის წყალობით გოლი მაინც გავიდა და “ჰალიმ” ძალიან დასანანი მარცხი განიცადა – 2:3. “ვეფხვები” 28 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ. გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს “ჩელსი”, რომელიც “მანჩესტერ სიტიზე” 6 ქულით წინაა და ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

მორიგი უღიმღამო შეხვედრა ჩაატარა “ქუინზ პარკ რეინჯერსმა”, რომელიც შინ “ევერტონთან” დამარცხდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა კოულმენის გოლით მოიგეს. 65-ე წუთზე წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა ედუარდო ვარგასმა აღადგინა, ხოლო 77-ე წუთზე აარონ ლენონმა “კანფეტებს” გამარჯვება მოუპოვა – 1:2. ქპრ მე-19 ადგილზეა და სამშვიდობო ზონამდე 4 ქულა აშორებს, ხოლო “ევერტონი” 34 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:1)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ალენი, ჰენდერსონი, მორენო (ბალოტელი 66), სტერლინგი, ლალანა (ჯერარდი 46), კოუტინიო, სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-2-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი (როხო 94), ვალენსია, კერიკი, ერერა (ფალკაო 83), ფელაინი, მატა, იანგი (დი მარია 55), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1;0:2 მატა (14;59), 1:2 სტარიჯი (69).
გაფრთხილებები: ალენი, ბალოტელი - ერერა, ჯონსი
გაძევება: ჯერარდი 46.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7(1)-6(4), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-0

ქპრ – ევერტონი

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, ონიოჰა, კოლკერი, ისლა, იუნი, ბარტონი, სანდრო, ჰოილეტი, ფილიპსი, ზამორა, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, მაკკარტი, ოსმანი, გიბსონი, ლენონი, კონე, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 კოულმენი (18), 1:1 ვარგასი (65), 1:2 ლენონი (77)
გაფრთხილებები: ჰოილეტი, იუნი - ნეისმიტი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 14(1)-8(3), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 1-3, თამაშგარე: 4-5, სეივი: 1-0

ჰალი – ჩელსი 2:3 (2:2)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, ბრიუსი, მაკშეინი, დოუსონი, ლივერმორი, მეილერი (ქუინი 80), გ.რამირესი (ბრედო 80), ელმოჰამედი, რობერტსონი (ალუკო 81), ნ’დოიე, ა.ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, რამირესი (ოსკარი 61), მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი (ზუმა 80), აზარი, კოშტა (რემი 75).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 აზარი (2), 0:2 კოშტა (9), 1:2 ელმოჰამედი (26), 2:2 ა.ერნანდესი (28), 2:3 რემი (77).
გაფრთხილებები: კეჰილი, მატიჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 19(8)-8(3), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 0-6

0.108331