ბლოგი

11:10 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვახსოვდეს რობერტო!

პირთამდე გაძეძგილი ტრიბუნები, ემოციების კულმინაცია, მსაჯის სასტვენი, გამორბენი, დარტყმა დააა.... ბურთი ჰაერში აფრინდა და ასცდა კარს, რასაც იტალიელების საშინელი გმინვა და ბრაზილიელთა სიხარულის ყიჟინა მოჰყვა. ამ სანახაობით პირდაფჩენილი იანკები კი ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ – ნუთუ ეს ყველაფერი მათთან ხდებოდა, ნუთუ ეს რეალობა იყო...

როდესაც რობერტო ბაჯოზე საუბრობენ, ძირითადად ზემოთ აღწერილ ეპიზოდს ახსენებენ ხოლმე, როცა ამ ეპოქალურმა ფეხბურთელმა 1994 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე, ბრაზილიაის ნაკრებთან ფინალურ მატჩში თერთმეტმეტრიანი დარტმა ვერ გამოიყენა. ბაჯოს ის ფეხმრუდი დარტყმა ლამის 90-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელივან ეპიზოდად იქცა, როცა რობერტოს ფეხბურთში ისეთი რამეები აქვს გაკეთებული – მარტო ამის აღწერას დასჭირდება ერთი თაობა.

ლეო მესის ხშირად ადანაშაულებენ, რომ როგორც კაპიტანი დიდი ვერაფერია და მისი ქარიზმა არ სწვდება იმ მოთხოვნებს, რაც კაპიტანს უნდა გააჩნდეს. მე თუ მკითხავთ, ეს შეხედულება სიმართლესთან ახლოსაა, რადგან როდესაც მესი გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის, აშკარაა, რომ ისე ვერ თამაშობს, როგორც მაშინ, როდესაც არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია ფეხბურთის კარგად თამაშის გარდა. აი რობერტო ბაჯო კი კაპიტნად იყო დაბადებული და მისი მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბაჯოს კაპიტნობა ისევე ეჭვმიუტანელი რამ იყო, როგორც ის, რომ რობერტო დღეს ფეხბურთელზე მეტია.

რობერტო ბაჯოს თანაგუნდელი, დინო ბაჯო იხსენებს: ”ბაჯო საშინლად ვერ იტანდა, როდესაც ხედავდა, რომ რომელიმე თანაგუნდელი უგულოდ თამაშობდა და მთლიანად არ იხარჯებოდა. ერთხელ მეც მეჩხუბა, რადგან გაციებული ვიყავი და ამის მიუხედავად, მწვრთნელს არ ვუთხარი ამის შესახებ, მინდორზე ნელა ვმოძრაობდი და რეაქციაც არ მქონდა სათანადო. რობერტო ორჯერ მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მეტი მომენდომებინა, რადგან თამაშს ვაგებდით და ისედაც გვიჭირდა. როდესაც ბურთი უაზრო სიტუაციაში დავკარგე, ბაჯო მომვარდა და ყურში ჩამყვირა: ”იცი, რამდენი იტალიელი ბიჭი ოცნებობს შენს ადგილზე ყოფნას? შენ კი სულ არ განაღვლებს ეს”. მე მაშინ ძალიან გავბრაზდი და ისიც მეწყინა, მწვრთნელმა რომ შემცვალა, მაგრამ ახლა როდესაც რობერტოს სიტყვებს ვუფიქრდები, ძალიან მრცხვენია. რობერტომ სწორედ ის მითხრა, რაც ნამდვილ კაპიტანს უნდა ეთქვა”.

ყველაფერი კი ფლორენციიდან დაიწყო... ორი იაფფასიანი მაისური, დახეული ბუცები, ხმარებისგან გაცრეცილი პირსახოცი და ერთი ვიწროწელიანი კოსტიუმი – ეს ის ნივთებია, რითაც რობერტო ბაჯო ფლორენციის ”ფიორენტინას” საცხოვრებელ კამპუსში პირველად მივიდა. ამ ნივთებს ახლა, “ფიორენტინას” თავგადაკლული ქომაგი, ვინმე ილინ პიელუჩი დიდი რუდუნებით ინახავს და როგორც თავად ამბობს, მისთვის ამაზე მნიშვნელოვანი რელიქვია დედამიწაზე არ არსებობს. ახლა, როდესაც ინტერნეტში რობერტო ბაჯოს ყველა გოლისა და საუკეთესო მომენტების ნახვა უპრობლემოდ შეგვიძლია, განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რაოდენ დიდ როლს ასულებდა ეს კაცი მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთში და ყველა იმ კლუბში, სადაც უთამაშია. რობერტო ბაჯოს მიერ დატოვებული წარუშლელი კვალი ალბათ მრავალ თაობას ემახსოვრება.

რა თქმა უნდა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რობერტომ წინაპართა რელიგია, კათოლიციზმი განაგდი და ბუდიზმი მიიღო, რაც ევროპის თავისუფალ საზოგადოებაშიც კი რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მოსაწონ საქციელად ითვლება. როდესაც ამ თემაზე ჟურნალისტები ეკითხებიან, რობერტო ბაჯო ხუმრობით ხშირად იმეორებს, რომ მისი რელიგია პირველ ყოვლისა ფეხბურთია და სჯერა, რომ ეს ბუდას არ ეწყინება. მგონია, მართლა არ უნდა ეწყინოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113579