ფეხბურთი

18:52 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

1/4 ფინალი - ურთიერთშეხვედრები

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდები საკმაოდ საინტერესოდ დაწყვილდნენ და მათ ისტორიას ურთიერთშეხვედრები აქამდეც ახსოვს.

“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა” (15 აპრილი, 21 აპრილი)

ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ. პარიზში ფრანგებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო “კამპ ნოუზე” უფრო ძლიერი “ბარსა” აღმოჩნდა (3:1).

ჩემპიონთა ლიგის ამავე ეტაპზე შესდგა პსჟ-სა და “ბარსელონას” დაპირისპირება 2012-2013 წლების სეზონში. მაშინ, ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, მომდევნო ეტაპზე კი სტუმარად გატანილი მეტი გოლის წყალობით ესპანური გრანდი გავიდა.

1996-1997 წლების სეზონში კი მათი გზები უეფას თასის ფინალში გადაიკვეთა. გამარჯვებული მაშინაც “ბარსელონა” გამოვიდა. როტერდამში გამართული მატჩის ბედი რონალდოს მიერ გატანილმა თერთმეტრიანმა გადაწყვიტა

“ატლეტიკო” – “რეალი” (14 აპრილი, 22 აპრილი)

გასული სეზონის ფინალური დაპირისპირების რიმეიქი იქნება მეოთხედფინალურ სტადიაზე. “რეალმა” თანაქალაქელი “როხიბლანკო” ლისაბონში დამატებით დროში, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და მეათედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი. არადა, “ატლეტიკოს” უდიდეს წარმატებამდე სულ რამდენიმე წუთი დააკლდა.

სამაგიეროდ ეს გუნდები წლეულს უკვე ექვსჯერ შეხვდნენ (ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და კოპა დელ რეი). ამ ექვსი მატჩიდან დიეგო სიმეონეს გუნდმა 4 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ერთი სიტყვით ბოლო დროს “ატლეტიკო” “რეალისთვის” უხერხულზე უხერხულ მეტოქედ იქცა.

ევროტურნირებზე მადრიდული დერბი მესამედ შესდგება. შარშანდელ დაპირისპირებაზე უკვე მოგახსენეთ. პირველად კი მათი გზები 1958-1959 წლებში გადაიკვეთა ჯერ კიდევ მაშინდელ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში. პირველი მატჩი “რეალმა” 2:1 მოიგო, ხოლო განმეორებითში ძლიერი “ატლეტიკო” აღმოჩნდა (1:0). ვინაიდან, მაშინ სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებდა, გადათამაშება გაიმართა, რომელშიც “ბლანკოსმა” იმძლავრა (2:1) და ფინალში გააღწია.

“პორტუ” – “ბაიერნი” (15 აპრილი, 21 აპრილი)

პორტუგალიური და გერმანული გრანდები ერთამანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრილან. მთავარი დაპირისპირება რაღა თქმა უნდა 1987 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი გახლდათ, რომელიც საბოლოოდ “დრაკონებმა” მოიგეს და ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი პირველად მოიპოვეს.

მათი გზები უკვე ოთხი წლის შემდგომ 1/4 ფინალში გადაივეთა. მიუნხენში ფრე – 1:1 დაფიქსირდა, ხოლო პორტუში გერმანელებმა 2:0 იმძლავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

იგივე ეტაპზე მოუწიათ თამაში 1999-2000 წლების სეზონშიც. უძლიერესი ისევ “ბაიერნი” გამოდგა. ორი მატჩის ჯამში მიუნხენურმა გიგანტმა 3:2 მოიგო (სტუმრად – 1:1, შინ – 2:1).

“იუვენტუსი” – “მონაკო” (14 აპრილი, 22 აპრილი)

ტურინის “იუვენტუსის” და მონტეკარლოს “მონაკოს გზები ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ, 1997-1998 წლების სეზონში გადაიკვეთა. ნახევარფინალური სტადიის პირველი მატჩი “იუვემ” “დელე ალპიზე” ალესანდრო დელ პიეროს ფანტასტიური თამაშის წყალობით, ვინაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, 4:1 მოიგო. მართალია “ლუი II”-ის სახელობის სტადიონზე ფრანგებმა 3:2 მოიგეს, თუმცა ფინალში თამაშის უფლება მაშინ ტურინულ გრანდს ხვდა წილად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115298