ფეხბურთი

17:55 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი: “წამოსვლის დრო დადგა”

გია ისიანს ჩვენი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ერთ-ერეთი ყველაზე წარმატებული და კვალიფიციური ქართველი საფეხბურთო მენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით. მას ბევრი სასარგებლო საქმე გაუკეთებია ფეხბურთის ფედერაციაში, თბილისის “დინამოში” და ბოლოს გორის ”დილაში.” ის არის ავტორი ძალიან საინტერესო პროექტისა, რომელსაც “სახელმწიფოს როლის გაძლიერება რეგიონებში ფეხბურთის ეფექტური განვითარებისთვის” ჰქვია და ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთ რეალურ ვარიანტს წარმოადგენს. ისიანი ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში “დილას” მენეჯერი იყო და თუ დღეს ეს კლუბი ბრენდი გახდა და ევროპაშიც იცნობენ, ამაში დიდი წვლილი სწორედ ისიანს მიუძღვის. თუმცა უკვე ორი თვეა ის “დილაში”აღარ მუშაობს და ბუნებრივია, მასთან საუბარიც სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ.

გია ისიანი: მოდით ასე ვთქვათ, დღეს ყველაფერს წყვეტს დრო. არ არსებობს რაიმე გაუგებრობა ჩემსა და კლუბის პერსონალს შორის. არც კამათი ყოფილა და არც სხვა უსიამოვნო რამ. ჩვენ მადლობლები ვართ ერთმანეთის გაწეული მუშაობისთვის. უბრალოდ, წამოსვლის დრო დადგა. ალბათ ჯობს ადამიანმა ისე იმოქმედოს, როგორც თავად მართებულად მიაჩნია. მგონია, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია “დილასთვისაც” და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც.

“დილაში” ორწელიწადნახევარი დაჰყავით.

დიახ. და ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი რამ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გორის სტადიონი იმ არენათა რიცხვში შეიყვანა, რომლებიც ორი წლის შემდეგ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. ეს ჩემი გორში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. გუშინდელივით მახსოვს როცა ფედერაციამ ტესტები ჩაგვიტარა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ჯერ სერბეთთან ვასილ მაისურაძის გუნდმა ითამაშა, შემდეგ 17 წლამდელებმა ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით და ბოლოს 21-წლამდელებმა ალექსანდრე ჩივაძის თავკაცობით.

გარდა ამისა, “დილა” ორჯერ გავიდა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში, რაც ასევე დიდი მიღწევაა. ასევე მოვიძიეთ ტექნიკური და გენერალური სპონსორები და მედიასთან გავაფორმეთ მემორანდუმი.

ახლა რას საქმიანობთ?

ფეხბურთიდან არსად წავსულვარ. ხშირად ვხვდები კოლეგებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებ სხვადასხვა სუბიექტებთან. ვფიქრობ, უახლოეს დროში კონკრეტული პასუხი მექნება. ახლა გაჩერების დრო არ არის. გეხსომებათ, რამდენიმე წლის წინათ კლუბების ხელმძღვანელები ხშირად ვიკრიბებოდით და ჩვენი კლუბების პერსპექტივებზე ვსაუბრობდით. ჩემი პროექტის მთავარი გზავნილიც ეს იყო, რომ სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში, 3-4 წელიწადში კლუბები სპონსორებისთვის საინტერესოები გახდებოდნენ და ნელ-ნელა სახელმწიფო კლუბებს წელში გამართული კერძო კლუბები ჩაანაცვლებდნენ.

სახელმწიფოს მიერ გაღებულ თანხებს კი საგანგებო მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებდა, რათა ყოველი თეთრი მიზნობრივად დახარჯულიყო.

გული მტკივა როცა ვხედავ რა დღეშია ვთქვათ, რუსთავის ”მეტალურგი,” ან “ზესტაფონი.” მარგველები გარკვეულწილად სახელმწიფოს დახმარებით გადარჩნენ, რუსთავში კი, როგორც ვიცი, თავის დროზე არასწორად გაფორმებული კონტრაქტების შედეგია ასეთი მძიმე სიტუაცია.

უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს ვინც ფეხბურთში ფულს დებს. გარკვეული შეღავათები დავუწესოთ მათ თორემ ხომ ხედავთ რაც ხდება.

თუმცა არიან წარმატებული კლუბებიც. მაგალითად, საინტერესო გუნდია პირველლიგელი “საბურთალო,” რომელსაც გამართული მენეჯმენტი აქვს და შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე უმაღლესლიგელია.

გეთანხმებით, “საბურთალო” მართლაც გამორჩეული გუნდია და ბედნიერი ვარ, რომ მის დაფუძნებში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. ცხონებული ქართლოს ჭუმბურიძე სწორედ ჩემი კანდიდატურა იყო სკოლის ხელმძღვანელის პოსტზე. მაშინ მხოლოდ ერთი წიდის მოედანი ჰქონდათ იოსებიძეზე, ახლა კი სწორი მენეჯმენტის წყალობით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა გამართეს. სასიამოვნოა, როცა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ერთნაირად აცვიათ, ჰყავთ კარგი ესპანელი მწვრთნელი ანდრეს კარასკო და ჩინებული მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი. მე იქვე ახლოს ვცხოვრობ და ხშირად გადავდივარ ხოლმე “ბენდელაზე” თამაშის საყურებლად. ამიტომ ვამბობ, ახლა ყველაფერი აწყობილი აქვთ, უმაღლეს ლიგაში, ფაქტობრივად, გადასულები არიან, მაგრამ თუ ხელშეწყობა არ ექნათ, შესაძლოა, პრობლემები გაუჩნდეთ.

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, კანდიდატებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა და რაც დრო გავა, ტემპერატურა უფრო აიწევს. როგორ ფიქრობთ, როგორი არჩევნები გველის?

მინდა ხაზი იმას გავუსვა, რომ გამორიცხულია არჩევნებში სახელმწიფო ერეოდეს. შემდეგ, არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. ხშირად მიმიღია მონაწილეობა ხმის უფლებითაც, დამსწრედაც და ერთი რამ აკლდა ყოველთვის: გარანტირებული პროგრამის შესრულება. ჩემი აზრით, ისეთმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს, ვინც გარანტიას იძლევა, რომ ფეხბურთის განვითარება უნდა, ჩამოყალიბებული პროგრამა აქვს და პუნქტების მიხედვით აგვიხსნის რის გაკეთებას აპირებს და რა ვადებში. საფეხბურთო საზოგადოება კი თავად გადაწყვეტს ვის მისცეს ხმა.

თქვენ არ გქონიათ სურვილი საკუთარი კანდიდატურა წამოგეყენებინათ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე?

(იცინის) მე ისეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც რეალურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერ განიხილებოდა ეს საკითხი ჩემს მიმართ, ორჯერაც გენერალურ მდივნობას მთავაზობდნენ, ოღონდ არ მკითხოთ როდის. გამორიცხულია, იმიტომ რომ, ეს არის ამბიცია, რომლის შესრულება უნდა შეგეძლოს. ვფიქრობ, ახლანდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კარგად ართმევს მოვალეობას თავს, ბევრი უკვე გააკეთა და ახლაც აკეთებს. მშენებლობების გარდა, ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები რად ღირს.

აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოს ნაკრებზე და მის ახალ მწვრთნელზე, კახა ცხადაძეზე

კახას ძალიან კარგად ვიცნობ იმ დროიდან, როცა ის ნაკრების კაპიტანი იყო, მე კი იმავე ნაკრების მენეჯერი გახლდით. შემდეგ თბილისის ”დინამოშიც” მოგვიწია ერთად მუშაობა, კახა მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი ჩემპიონი გახადა. ხშირი ურთიერთობა მქონდა მასთან, იმიტომ, რომ ბევრი საორგანიზაციო საკითხები იყო მოსაგვარებელი. ძალიან ემოციური პიროვნებაა, რეალურად ამბიციური. რასაც ახლა აზერბაიჯანში აკეთებს, ზოგისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მერწმუნეთ, რთულ საქმესაა შეჭიდებული. თანაც მაქსიმალურად გამოიყენა ქართული რესურსი. რაც ასევე ეროვნული საქმეა.

რაც შეეხება ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს ყველანაირი კომფორტი შეუქმნას ბიჭებს. საერთოდ, ფედერაცია ყოველთვის დიდ ყურადღბას აქცევდა ნაკრებს და ახლაც ასეა.

რამდენიმე დღე დარჩა დიდ მატჩამდე, 29 მარტს გერმანიასთან სტადიონზე ალბათ ტევა არ იქნება და წარმატებას ვუსურვებ კახას, მეტი ნდობა და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და შედეგი აუცილებლად მოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101405