ფეხბურთი

10:09 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი:" ბათუმის “დინამო” ერთწლიანი გუნდი არ იქნება"
ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის 36 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. ბუნებრივია, რომ ზღვისპირეთში ფეხბურთი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მის მიმართ ინტერესი დიდია. ამ მშვენიერი ქალაქის მთავარი პრობლემა, რაც უნდა პარადოქსი იყოს, საფეხბურთო სტადიონის არარსებობა გახლავთ. გუნდს საშინაო მატჩების ჩატარება უკვე კარგა ხანია მეზობელ ქობულეთში უწევს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ცოტა ხსნის წინ, დაანონსდა, რომ ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყებოდა. წარმოდგენილ იქნა 11 სხვადასხვა კომპანიის მიერ სტადიონების მაკეტები. მათ შორის, ქართულ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია ბერძნული, ესპანური, უკრაინული და იტალიური პროექტებიც.

“მსოფლიო სპორტი” ბათუმის “დინამოს” დირექტორ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა და სტადიონისა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

- რამდენიმე დღის წინ, წარმოდგენილ იქნა ბათუმის ახალი სტადიონის მაკეტები. საბოლოოდ, როდის გამოვლინდება გამარჯვებული პროექტი?

- წარმოდგენილმა კომპანიებმა კვირას სტადიონების პრეზენტაცია გამართეს. გამარჯვებული პროექტი კი საბოლოოდ ორშაბათს (დღეს – ავტ) გამოვლინდება.

- თუ არის ცნობილი როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა და რა თანხა დასჭირდება აღნიშნული არენის მშენებლობას?

- სტადიონის მშენებლობა შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება თანხებს, ამისათვის გამოყოფილია 36 მილიონი ლარი. სწორედ ეს თანხა დასჭირდება ახალი სტადიონის აგებას.

- რამდენად დააკმაყოფილებს სტადიონი ფიფასა და უეფას სტანდარტებს?

- სტადიონი ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასეა მითითებული პროექტში.

- ბათუმის “დინამო” უმაღლესი ლიგის ახალწვეულია. მიუხედავად ამისა, შესანიშნავად თამაშობს და სამეულშიც იმყოფება. ელოდით გუნდის ასეთ კარგ თამაშს და თქვენი აზრით, რის საფუძველზე ახერხებს “დინამო” წარმატებით ასპარეზობას?

- მინდა ვთქვა, რომ წლებია ბათუმის “დინამოს” ასეთი წარმატებით არ უთამაშია. შეიძლება ითქვას, რომ “დინამომ” თავისი სახელი დაიბრუნა. შოთა ჭეიშვილის თამადობით გუნდს ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, რომლებიც ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად. ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

- “დინამომ” ბოლოს უმაღლეს ლიგაში 25 ოქტომბერს, “გურიასთან” წააგო. მას შემდეგ კი 9 თამაშია წაუგებლად ასპარეზობს. როგორ ფიქრობთ, გუნდისთვის რომელი თამაში იყო გარდამტეხი?

- ჩემი აზრით, თბილისში, “დინამოსთან” გამარჯვება. ჩვენ მათთვის სტუმრად თითქმის 20 წელი არ მოგვეგო და ეს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. ბიჭებმა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნეს.

- დღეისათვის “დინამო” სამეულში იმყოფება და ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება. რამდენად შესაძლებელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

- რამდენიმე დღის წინ, საერთოდ პირველ ადგილზეც ვიყავით და სასიხარულო იყო ბათუმის “დინამოს” სატურნირო ცხრილის სათავეში ხილვა. გამორიცხული არაფერია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ, მართალია გუნდში არ გვყავს განსაკუთრებული ვარსკვლავები, მაგრამ ბიჭები ერთ მუშტად არიან შეკრულნი. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- და მაინც, რა არის გუნდის პროგრამა მინიმუმი მიმდინარე სეზონში?

- დღევანდელი მდგომარებიდან გამომდინარე, ევროსარბიელზე გასვლა ჩვენი მთავარი მიზანია.

- რომელი გუნდი მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში?

- კონკურენტად ყველა გუნდს მივიჩნევ. ადვილი თამაში არავისთან გვექნება.

- და ბოლოს, გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?

- სამწუხაროდ, საქრთველოში ხშირად ხდება, რომ გუნდი ჩემპიონი გახდება და შემდეგ იშლება. ჩვენ არ გვინდა ამ მაგალითზე გავიაროთ. ჩვენ გვყავს ბავშვთა ასაკობრივი გუნდები. ახლაც დუბლებიდან მთავარ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს და ყველაფერი, რაც გუნდში კეთდება მომავალზეა გათვლილი. ბათუმის “დინამო” არ იქნება ერთწლიანი გუნდი.

0.111701