ფეხბურთი

21:49 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” თასის ნახევარფინალშია

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. “ტორპედომ” “სამტრედიას” უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის სამტრედიაში მასპინძელთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა და დღევანდელ შეხვედრაში ქუთათურებს მოგება აუცილებლად სჭირდებოდათ. აქედან გამომდინარე, მასპინძლების მოტივაცია და ჟინი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული იყო.

დღევანდელ მატჩზე დასასწრებად “ტორპედოს” საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც აქტიურად უჭედნენ მხარს საკუთარ გუნდს. სტუმრებსაც ჩამოჰყვნენ თავიანთი ერთგული ქომაგები და “ტორპედოს” ცენტრალურ სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო. მატჩს ასევე დაესწრო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე.

თამაში კი, მიუხედავად იმისა, რომ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, სანახაობრივი გამოდგა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ქუთათურებმა შექმნეს. მე-9 წუთზე ტუღუშის მიერ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უხერხულად მოიგერია მეკარე თევდორაძემ, რასაც შეიძლებოდა ხიფათი მოჰყოლოდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და სიტუაციაც განიმუხტა. ტუღუშის აქტიურობას სტუმრების მხრიდან ბეჭვაიამ უპასუხა შორეული უძლიერესი დარტყმით, ბურთი მცირე მანძილით ასცდა ბექა შეყრილაძის კარს.

“ტორპედომ” საკმაოდ ბევრი ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. მხოლოდ პირველ ტაიმში საბანაძეს შეეძლო ორჯერ გაემწვავებინა სიტუაცია. პირველ ეპიზოდში მან საჯარიმო მისადგომებიდან მახვილი კუთხიდან მოჭრილი დაარტყა, თუმცა მცირედ არაზუსტად, მეორე ეპიზოდში კი კირკიტაძის პასით ახლო მანძილიდან ვერ აჯობა სამტრედიელთა კარის დარაჯს.

მატჩის 27-ე წუთი იყო, როცა მასპინძლებმა ზედ საჯარიმოს ხაზთან გეწაძე წააქციეს. საჯარიმოს დარტყმის შესრულება გამოცდილმა Dდავით ბოლქვაძემ ითავა, ბურთი კარისკენ წავიდა, თუმცა მცირედ არაზუსტად.

მეორე ტაიმში, პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე, დრო “სამტრედიაზე” მუშაობდა და ბუნებრივია, ქუთათურებმა უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს, თუმცა სტუმართა გამოცდილი დაცვის ხაზი ხიზანიშვილი, კვირკველია, კაკუბავა, დამაჯერებლად თამაშობდა, რიგ ეპიზოდებში კი მეკარე თევდორაძე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

74-ე წუთზე კი “ტორპედომ” რომ ანგარიში, რომ ვერ გახნა, “ლომის წვლილი” მიუძღვის შეცვლაზე შესულ, ბუდუ ზივზივაძეს. არადა საჯარიმოში, მეტოქე გუნდის კართან მარტოდმარტო დარჩენილ ზივზივაძეს ისღა დარჩენოდა გოლი გაეტანა, თუმცა უცნაურად დაარტყა და მის მიერ კარში გადაგზავნილი ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი სამტრედიელთა მცველებმა ითამაშეს დაზღვევაზე კარგად.

მომდევნო ეპიზოდში არანაკლებ კარგი შანსი ჰქონდა სამტრედიელ გრიგოლ დოლიძეს. სტუმართაგან ყველაზე აქტიურმა გეწაძემ დოლიძეს საჯარიმოში გაუკეთა ფლანგიდან ჩინებული გადაცემა, თუმცა ზივზივაძის მსგავსად დოლიძემაც ვერ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

71-ე წუთზე სარბენ ბილიკზე ალექსანდრე იაშვილის გამოჩენამ სტადიონზე მოსული ორივე გუნდის გულშემატკივრების ოვაცია გამოიწვია. ფეხზე ამდგარი მაყურებელი ტაშით შეეგება “იაშკას”. ალექსანდრე იაშვილი ყოველთვის იყო გამორჩეული ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში, კლუბებში ყოველთვის შრომისმოყვარეობით და წესიერებით იპყრობდა ყურადღებას და ქართველი გულშემატკივარი თბილად რომ დახვდა სამშობლოში დაბრუნებულ გამოცდილ ფეხბურთელს, სწორედ ამის გამოძახილი იყო. საერთოდ, გამოცდილი ფეხბურთელების ქართულ კლუბებში დაბრუნება ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემიონატის განვითარებას და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებას.

მატჩის მიწურულს გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ გრიგოლ დოლიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი, მასპინძლებიდან კი ტუღუშის უძლიერესი დარტყმა თევდორაძემ მუშტებით მოიგერია.

ძირითად დროს სირიელმა მთავარმა მსაჯმა 5 წუთი დაამატა და არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში “ტორპედომ” ყველა ღონეს მიმართა საჭირო გოლი გასატანად, თუმცა ამაოდ. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ნახევარფინალში “სამტრედია” იასპარეზებს.

ზაზა ზამთარაძე: “პირველი მატჩიდან გამომდინარე, უფრო ფრთხილი ტაქტიკა ავირჩიეთ, “ტორპედო” ძალიან კარგი გუნდია და საინტერესო თამაში გამოვიდა. “სამტრედიას” ვულოცავ ნახევარფინალში გასვლას და ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, იმასათვის, რომ ბოლომდე იბრძოლეს”.

9 მარტი. ქუთაისის ცენტრალური სტადიონი. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩი

“ტორპედო” – “სამტრედია” 0:0

“ტორპედო”: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, საბანაძე, ქებაძე (კვერნაძე, 79), კლიმიაშვილი (ზივზივაძე, 71), კირკიტაძე, ქიმაძე, კანკია, ჭელიძე, ტუღუში.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე (გურული, 82), გეწაძე, რამოსი (იაშვილი, 71), გორგიაშვილი (შარიქაძე, 77).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: ტუღუში (27), ხიზანიშვილი (76), ბოლქვაძე (83), ბეჭვაია (90+2)

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123545