ჭადრაკი

23:50 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავა მერვე ადგილზე გავიდა

დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების რიგით მესამე ტურნირი, რომელსაც სასტუმრო “ქორთიართ მერიოტი” მასპინძლობდა.

საქართველოში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ამ დონის ტურნირი, რომელშიც პლანეტის 12 უძლიერესი მოჭადრაკე ასპარეზობდა, პირველად გაიმართა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტმით ერთ წრედ 11 ტურად ჩატარდა. 8 ქულით ყველაზე კარგი შედეგი (5 მოგება, 6 ყაიმი) რუსეთის წარმომადგენელმა ევგენი ტომაშევსკიმ აჩვენა, რომელიც 2716 სარეიტინგო ქულით თბილისის ტურნირზე მეათე ნომრად იყო განთესილი. ტომაშევსკის მსგავსად ასევე წაუგებლად იასპარეზეს მეორე-მესამე ადგილებზე გასულმა რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი იაკოვენკომ (2733) და აზერბაიჯანელმა თეიმურ რაჯაბოვმა (2731), რომლებმაც შესაბამისად 6,5-6 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილეს, ვაჟთა შორის საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკეს ბაადურ ჯობავას, (2696) ბოლო მეთერთმეტე ტურში გამოკვეთილ აუტსაიდერ დმიტრი ანდრეიკინთან (2737) ყაიმი გააკეთა, მაქსიმ ვაშიე ლაგრავთან (2775) და ტურნირის რეიტინგ ფავორიტთან ალექსანდრე გრიშჩუკთან (2810) ერთად 5 ქულა დააგროვა, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით 12 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა.

ტურნირის დასრულების შემდეგ თბილისის საკრებულოს შენობაში შედგა ასპარეზობის საზეიმო დახურვა, რომელსაც საჭადრაკო ელიტასთან ერთად, ქალაქისა და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, გამორჩეულად საინტერესო იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის პირველი მოადგილისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის გამოსვლა:

“აღნიშნულ ტურნირს, რომელიც ეს წუთია დამთავრდა, საფუძველი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩაეყარა. აღნიშნულ ქალაქში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს ფიდეს წარმომადგენლებმა თხოვნით მომმართეს, რომ ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის ერთ ერთ ეტაპს, რომელიც თეირანში (ირანი) უნდა ჩატარებულიყო, საფრთხე შეექმნა და საქართველო ხომ არ შეძლებს ამ ტურნირს უმასპინძლოსო, ამ დროს დარბაზში, სადაც მე და ფიდეს წარმომადგენლები ვიყავით, შემოვიდა “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენელი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთ-ერთი სპონსორი მაირ მამედოვი. მარტოს ამ ტურნირის ჩატარება გაგვიჭირდება თუ მამედოვი დაგვეხმარება დავფიქრდებითთქო. მამედოვმა, რომელიც ახლა ამ დარბაზში იმყოფება, თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ დაველაპარაკე საქართველოს მთავრობისა და თბილისის წარმომადგენლებს. რომ არა ბატონების ლევან ყიფიანისა და დავით ნარმანიას, ასევე გიორგი ალიბეგაშვილის დახმარება ამ გრანდიოზული ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას და ყველა იმ პიროვნებას, რომლებმაც აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს...”

“მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე კითხვით მიმართა ბაადურ ჯობავასა და ევგენი ტომაშევსკის.

- თბილისის გრანპრის ტურნირში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ხართ?

ბაადურ ჯობავა: რა თქმა უნდა არა, რადგან წინა ტურნირზე, რომელსაც ტაშკენტმა (უზბეკეთი) უმასპინძლა, უკეთესი შედეგი ვაჩვენე. ჩემ მონაწილეობას ამ ტურნირში სამ ეტაპად დავყოფდი. პირველ ეტაპზე ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენე, როცა 4 შესაძლებლობიდან მხოლოდ ნახევარი ქულა ავიღე. კმაყოფილი ვარ მეორე ეტაპის თამაშით, ამჯერად ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ნახევარი ქულა დავკარგე. ასევე უკმაყოფილო ვარ ბოლო სამ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგით, რადგან მინიმუმ 2,5 ქულას ვგეგმავდი და 1 ქულა ავიღე. ყველაფერი მეცხრე ტურში ვაშიე-ლაგრავთან შეხვედრის დროს გადაწყდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მეტოქემ ყაიმი შემომთავაზა, მოგებას ვგეგმავდი და არ დავთანხმდი. საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა რომ დავმარცხდი და ის ნახევარი ქულაც დავკარგე.

-რით იყო გამოწვეული თბილისის ტურნირზე თქვენი სუსტი დასაწყისი?

-თბილისის ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მონაწილეობა მივიღე ვეიკ ან ზეს (ჰოლანდია) საერთაშორისო ტურნირში და აღნიშნულიდან გამომდინარე გადაღლილი ვიყავი. ამით შეიძლება აიხსნას, რომ თბილისის ტურნირი ცუდად დავიწყე.

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-დავისვენებ და მთელი ძალებით მოვემზადები გრანპრის მორიგი ეტაპისათვის, რომელსაც მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში ჰანტი მანსიისკი (რუსეთი) უმასპინძლებს.

----- ------ ----- ……………………

-თუ გავითვალისწინებთ რომ რეიტინგით მეათე იყავით, თბილისის ტურნირზე ასეთ წარმატებას თუ ელოდით?

ევგენი ტომაშევსკი: ველოდი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული. გრანპრის ეტაპზე ეს ჩემთვის რიგით მეორე ტურნირი იყო. წინა ტურნირზე III-V ადგილები გავიყავი. ამჟამად ორი ტურნირის ჯამში პირველ ადგილზე ვიმყოფები. მართალია პირველზე ვიმყოფები, მაგრამ ეს ოდნავადაც არ მაძლევს მოდუნების უფლებას, რადგან უბრალოდ გრანპრის ტურნირებზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ.

-თუ შეიძლება საჭადრაკო თემას ცოტა გადავუხვიოთ, იმედია გეცოდინებათ თქვენი მოგვარე პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე იან ტომაშევსკი, აღნიშნულიდან გამომდინარე, უბრალოდ გვაინტერესებს პოლონეთთან გაკავშირებთ რაიმე?

­-რა თქმა უნდა ფეხბურთელი ტომაშევსკი გამიგია. რაც შეეხება ჩემ წარმომავლობას, ჩემი დიდი წინაპრები პოლონეთიდან უკრაინაში გადასულან საცხოვრებლად, უკრაინიდან – რუსეთში. პირადად მე სარატოვში ვარ დაბადებული. ჩემ სისხლში პოლონელის, უკრაინელის, რუსისა და ებრაელის სისხლი ურევია. ერთი სიტყვით მსოფლიო მოქალაქე ვარ. ამ ეტაპზე ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ვიქნები, მთავარია კარგათ ვითამაშო და რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო.

მეთერთმეტე ტურის ტექნიკური შედეგები

ბაადურ ჯობავა (საქართველო) - დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0,5-0,5

ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5-0,5

შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0,5-0,5

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5-0,5

დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) - რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 0,5-0,5

ანიშ გირი (ჰოლანდია) - ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0,5-0,5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

I - ტომაშევსკი 8 ქულა

II - იაკოვენკო 6,5

III - რაჯაბოვი 6

IV - VII კასიმჯანოვი, დომინგეს პერესი, მამედიაროვი, გირი 5,5-5,5

VIII - X ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი, გრიშჩუკი 5-5

XI - სვიდლერი 4,5

XII - ანდრეიკინი 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.280897