რაგბი

23:01 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია საკბილოა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 28 თებერვალს მადრიდში, “უნივერსიტეტის” სტადიონზე რაგბი ევროპის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩში მასპინძელ ესპანეთს შეხვდება.

გუნდმა ბარსელონას მახლობლად რაგბის კლუბ “უნიო სპორტივა სანბოიანას” ბაზაზე გაიარა შეკრება, მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და “ბორჯღალოსნებმა” თამაშის ჩატარების ადგილს, მადრიდს მიაშურეს.

ამ თამაშის თუნდაც უპრემიო მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველი ისაა, რომ გუნდი წლევანდელი რაგბი ევროპის მოგების შანსს შეინარჩუნებს და სავარაუდოდ, მერე ყველაფერი დასკვნით ტურში ბუქარესტში გადაწყდება. მეორე მომენტი მსოფლიო რეიტინგს ეხება. რადგან ექვს ერზე იტალია შოტლანდიაში თამაშობს და სავარაუდოდ, მოგება გაუჭირდება, ქართველებს ამ მეტოქის ჩამოტოვების შანსი პირველად ეძლევათ. იტალია მარცხით მცირედ სარეიტინგო ქულებს კარგავს. საქართველო სტუმრად 15-ქულამდე სხვაობით მოგების შემთხვევაში 0,428, ხოლო უფრო დიდი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში 0,642 ქულას მიიღებს და ნებისმიერ შემთხვევაში, იტალია მე-14 საფეხურიდან დაქვეითდება!

რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილ ორ ტურში, ქართველებმა გერმანია სტუმრად 64:8 (პრემიალური ქულით), ხოლო პორტუგალია შინ 20:15 დაამარცხეს და ჯამში 9 ქულას მოუყარეს თავი. ესპანეთმა პირველ ტურში რუსეთს უმასპინძლა და მეტოქე 43:20 გაანადგურა. “ლომებმა” “დათვებს” პრემიის მომტანი 4 ლელო პირველსავე ტაიმში გაუტანეს, მეორეში სტუმართა ჩათვლის მოედანი კიდევ სამჯერ აიღეს და 43:13 იგებდნენ, როდესაც ბოლო წუთზე მეორე ლელო გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ორივე ლელო ტაიმის მიწურულს მიიღეს.

რუსეთთან დუბლი შეასრულეს შუამარბმა მარტინ ერედიამ და ფულბეკმა პედრო მარტინ ენრიკემ, ხოლო მეორეხაზელები ხესუს ნუნიესის და იგნასიო ვილანევა მარტინის, ასევე შერკინების შემკვრელი ხაიმე ნავა დე ოლანოს ანგარიშზე თითო-თითო ლელოა. მგეზავმა დანიელ სნემ 4 გარდასახვა გამოიყენა. რუმინეთთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში “ლომები” დასკვნით 20 წუთში გატყდნენ, 8:29 დამარცხდნენ და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანეს, რადგან 5 ლელო გაუშვეს. ანგარიში სტუმართა 9 ნომერმა გუილამ რუეტმა ჯარიმით გახსნა, მერე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 12:3 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში რუეტმა უკვე ლელო გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, მაგრამ 61-ე და 63-ე წუთებზე მიღებულმა ორმა ლელომ ესპანეთი გატეხა, 75-ე წუთზე კი, მეხუთე ლელოთი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

აქედან და ურთიერთშეხვედრების გამოცდილებიდანაც ჩანს, რომ ქართველებს ზამთრის ბოლო დღეს იოლი თამაში არ ექნებათ. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების გზა პირველად 2000 წელს გადაიკვეთა და მას შემდეგ გუნდები თითქმის ყოველ წელს თამაშობენ - ერთადერთი გამონაკლისი 2005 წელი იყო, შარშან კი, ორჯერ ითამაშეს.

15 თამაშიდან 11 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 11 თებერვალს, მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ჩატარებულ სადებიუტო მატჩში, “ლომებმა” ქართველებს მადრიდში 25:18 მოუგეს. მას შემდეგ ესპანეთს ჯერ თბილისში 61:18 მოვუგეთ, მერე მადრიდში 24:17 და ბოლოს შარშან ივნისში, თბილისის თასზე 23:13. მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს ვაკეში გვყავს დამარცხებული (60:0), მადრიდში კი, 44-ქულიანი სხვაობა 2009 წელს დაფიქსირდა (55:11). ქართველებს 15 მატჩში 68 ლელო აქვთ გატანილი და 25 მიღებული, ქულათა სხვაობა კი 483/240-ზეა.

ამავე ტურში პორტუგალია აუტსაიდერ გერმანიას მასპინძლობს და სავარაუდოდ, ტურნირის პირველ გამარჯვებას მოიპოვებს. საქართველოს კონკურენტი რუმინეთი რუსეთს კრასნოდარში ეთამაშება. “დათვები” ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ადგილობრივი გულშემატკივრის მისაზიდად მატჩზე დასწრება უფასო იქნება. გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ “ყუბანის” ფეხბურთელებმა საკუთარ ქომაგებს მოუწოდეს, რომ 28 თებერვალს სტადიონზე მივიდნენ და რუსი მორაგბეები გაამხნევონ.

რაც შეეხება შემადგენლობას, პორტუგალიასთან 20:15 მოგებულ შემადგენლობას თუ შევადარებთ, სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განხორციელდა - სამი უკანა და სამი შერკინების ხაზში. გარემარბად მურაზ გიორგაძის ნაცვლად ესპანეთთან თამაშს გამოცდილი სანდრო თოდუა იწყებს; მგეზავად ტრავმირებულ ლაშა მალაღურაძეს ლაშა ხმალაძე შეცვლის, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე ვაჟა ხუციშვილი გამოჩნდა, რომელმაც ფეხის ტრავმა მოიშუშა. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე კარლენ ასიეშვილის ნაცვლად თამაშს მიხეილ ნარიაშვილი იწყებს, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძეს გიორგი ნემსაძე შეცვლეს, ხოლო მესამე ხაზში დიმიტრი ბასილაიას ნაცვლად თამაშს გიორგი თხილაიშვილი იწყებს.

“ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს. მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენო” - თქვა ჰეიგმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი

III ტური. 28 თებერვალი

ესპანეთი - საქართველო

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 81 კეპი, 593 ქულა - 12 ლელო, 103 გარდასახვა, 106 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 23, 20), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 78, 75), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 30, 35), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 46, 25), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 36, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 14, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 23, 5), 2. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 15, 25), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 20, 15), 4. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 46, 45), 5. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 28, 5), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 18, 5), 7. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 45, 5), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 7, 5).

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 28, 0), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 7, 0), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 12, 0), 19. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 64, 15), 20. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 79, 50); 21. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 2, 0), 22. ალექსი ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი, 1, 5), 23. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 3, 0).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი, 4, 5), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 38, 30), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 10, 15).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუსეთი - რუმინეთი

პორტუგალია - გერმანია

1 რუმინეთი 2 2 0 0 66:18 10
2 საქართველო 2 2 0 0 84:23 9
3 ესპანეთი 2 1 0 1 51:49 5
4 რუსეთი 2 1 0 1 66:65 5
5 პორტუგალია 2 0 0 2 25:57 1
6 გერმანია 2 0 0 2 30:110 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148281