კალათბურთი

22:13 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბდულა ნდოე ქუთაისური პუბლიკის ფავორიტი გახდა

“ქუთაისი” - “სოხუმის” დაპირისპირება 94:82 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. მკითხველი ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მატჩი გადამწყვეტი მეოთხედის შუა ნაწილამდე დაძაბული იყო და მისი გამარჯვებულის ვინაობა ძნელად გამოსაცნობი გახლდათ, თუმცა ქუთათურებმა საეპიოგო ნაწილი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

შეხვედრა რიონისპირელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი 9:3 დაწინაურდნენ. ქუთაისელებს ისევ აკლდათ გიგი ბარბაქაძე და ბუბა კვიმსაძე. ძალიან მალე სოხუმელებმა ანგარიში გააყაიმეს - 10:10. პირველი მეოთხედის ბოლომდე ანგარიშში უპირატესობას გუნდები მორიგეობით ფლობდნენ. ერთი მომენტი, როდესაც წინ სტუმრები იყვნენ, ქუთაისელებმა “გაქცევა” მოუწყვეს მეტოქეს და 22:13 დაწინაურდნენ. სოხუმელები სიტუაციის ამგვარად წარმართვას არ დაუბნევია და საწყისი მეოთხედების მიჯნაზე მეტოქეს 12:0 გაქცევა მოუწყვეს. ძალიან კარგად ირჯებოდნენ სოხუმელთა რიგებში დიმიტრი დვალიშვილი, გიორგი ჯგერენაია და ბექა ბექაური. ამ უკანასკნელებმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულეს - ჯგერენაიას 23 ქულა და 14 მოხსნა დაუგროვდა, ხოლო ბექაურს 10 ქულა, 10 მოხსნა. მათ გარდა მოედანზე მყოფთაგან ორმაგი დუბლის ავტორი მასპინძელთა ლიდერი ზაურ ფაშაევი შეიქმნა, რომელმაც 23 ქულას და 12 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მეორე მეოთხედის დიდი ნაწილი სოხუმელებმა კარგად ჩაატარეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს მირზა სარალიჯას ზუსტი სროლების წყალობით “ქუთაისმა” ეს მეოთხედიც მოიგო და ტაბლოზე შესვენებისას 43:39 იყო მასპინძლების სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედის მთავარი გმირი სოხუმელთა სნაიპერი ირაკლი ჩლაიძე გამოდგა, რომელმაც უფერულად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წინ გაყვანაში. ირაკლიმ რამდენიმეჯერ ურთულესი მდგომარეობიდან მოათავსა სამქულიანი ტყორცნები. მასთან ერთად თამაშში ყველაზე კარგი პერიოდი გამოუვიდა აშკარად ფორმაში არმყოფ ლაშა ფარღალავას, რომელთა წყალობით გადამწყვეტი მეოთხედის შეხვედრაში 63:65 იყო სოხუმელების სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდში მალხაზ კოხრეიძის დამოძღვრილმა ქუთაისელებმა სწრაფი სპურტი გაუკეთეს მოწინააღმდეგეს. რიონისპირელებმა 12:0 გაქცევის მოწყობის შემდეგ ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს. ძალიან კარგად მოქმედებდნენ ფაშაევი, ბარბაქაძე, გრძელიძე და ბოისა, მაგრამ საეპილოგო ნაწილის და თამაშის გმირად მაინც სენეგალელი აბდულა ნდოე უნდა მივიჩნიოთ. ქუთაისელთა ქარიზმატულმა ცენტრმა გუნდში ყოფნისას საუკეთესო პაექრობა ჩაატარა, რაზე მეტყველებს მისი სტატისტიკა. აბდულა ნდოემ მატჩში 9 ქულა, 13 მოხსნა და 7 დაფარება გააკეთა. ერთ რამედ ღირდა მისი “სლემ დანქი” მესამე პერიოდში, როდესაც მას ასისტენტობა ზაურ ფაშაევმა გაუწია. ქუთაისელი ქომაგების სასიხარულოდ ნდოე ბოლო მატჩებში აშკარა პროგრესს განიცდის და იგი საპლეოფო პერიოდში დიდად წაადგება “ქუთაისს”. მაყურებლებმა აფრიკელი თავდამსხმელის გასამხნევებლად რამდენიმეჯერ მოაწყო მისი სახელის სკანდირება, რამაც აბდულას თამაშზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედა და ნდოემ საკუთარი ფარისკენ წასული ბურთები ფაქტობრივად “არ გაახარა”. ამ კარგი მოვლენის ფონზე უსიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა ქუთაისური კლუბის მესვეურებისთვის. თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ტრავმა მიიღო სლოვენიელმა მირზა სარალიჯამ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და ისიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. სარალიჯა თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი გაიყვანეს სათადარიგოთა სკამამდე. იმედია მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება და სლოვენიელი მომავალ მატჩებში ჩვეულად დაეხმარება საკუთარ გუნდს. ორნიშნა ჩამორჩენის შემდეგ სოხუმელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, თუმცა აღმაფრენით მოთამაშე მასპინძლების წინააღმდეგ მათ ვერაფერი გააწყვეს. ქუთათურებმა კი სეზონის განახლებიდან ზედიზედ მეოთხე საშინაო შეხვედრაში მესამე გამარჯვება იზეიმეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172782