ფეხბურთი

16:31 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა – მერვედფინალური წყვილები ცნობილია
კანკავა “აიაქსის” წინააღმდეგ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წყვილები გამოავლინა. ქართველ გულშემატკივართათვის ყველაზე საინტერესო უკრაინული დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მეტოქე გახლავთ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯაბა კანკავას გუნდი მომდევნო ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდება.

საინტერესო იქნება ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონის “სევილიას” და ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში მყოფი “ვილიარეალის” დაპირისპირება. საუკეთესო 16 გუნდს შორის ორი ესპანური გახლდათ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ასე რომ, მეოთხედფინალში ერთი ესპანური გუნდი მაინც იქნება.

აგრეთვე დიდ ინტერესს იწვევს “რომასა” და “ფიორენტინას შორის დაპირისპირება. იტალიურ კლუბებს დიდი ისტორიული დაპირისპირებები აკავშირებთ. მილანის “ინტერს” მეტოქედ ბოლო დროს საკმაოდ გაძლიერებული და შესანიშნავ ფორმაში მყოფი გერმანული “ვოლფსბურგი” ეყოლება. “მგლები” კარგ ფორმაში არიან და 2015 წელს პირველ ოფიციალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნი” 4:1 გაანადგურეს.

ევროპის ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:

“ევერტონი” – კიევის “დინამო”

“დნიპრო” – “აიაქსი”

“ზენიტი” – “ტორინო”

“ვოლფსბურგი” – მილანის “ინტერი”

“ვილიარეალი” – “სევილია”

“ნაპოლი” – მოსკოვის “დინამო”

“ბრიუგე” – “ბეშიქთაში”

“ფიორენტინა” – “რომა”

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 12 და 19 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა კი 20 მარტსაა დაგეგმილი.

0.112792