სხვა

14:05 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მშვილდოსნები 2 ოქროს მოლოდინში!
ნარიმანიძე და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ

ქართული დელეგაცია ჩინებულად ასპარეზობს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მშვოლდოსნობაში, რომელსაც სლოვენიური კოპერი მასპინძლობს. ინდივიდულური შეჯიბრის ფინალში ხათუნა ნარიმანიძეა გასული, გუნდური პირველობის ოქროს მედლებისთვის კი საქართველოს ქალთა ნაკრები იბრძოლებს.

კონტინენტის პირველობაზე, რომელიც არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე იმართება, ქართველი სპორტსმენები 24 თებერვლიდან ასპარეზობენ, ბოლომდე გასვლა კი ნარიმანიძემ მოახერხა. იანვრის მიწურულს, ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში, ამავე დისტანციაზე გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ის მესამე ადგილზე გავიდა და ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძეს ჩამორჩა, თუმცა კოპერში კონკურენტებზე უკეთ იასპარეზა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ჩუბინი 579 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა, ფინალამდე კი ზედიზედ დაამარცხა ბერძენი არიადნი ჩორტი (7:1), სლოვენიელი ანა უმერი (6:0), იტალიელი ჯულია მამი (7:1) და გერმანელი ლისა უნრუ (7:1). როგორც ხედავთ, ნარიმანიძემ ყველა მეტოქეს დიდი უპირატესობით სძლია, ფინალში მის მეტოქე – გერმანელ ვერონიკა ჰაიდნ ჩალოვას კი მეტი ბრძოლა გადახდა. გადამწყვეტი შერკინება 28 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

ნარიმანიძისგან განსხვავებით საქართველოს ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ვიცე-ჩემპიონი იულია ლობჟანიძე ნაადრევად გამოეთიშნენ ჩემპიონატს: პირველი 1/16-ფინალში დაძაბულ პაექრობაში მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან დამარცხდა (5:6), ლობჟანიძეს კი 1/8-ფინალში მოეცარა ხელი – გერმანელმა კარინა ვინტერმა მას 7:3 აჯობა.

დამარცხდნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც: ვაჟთა შორის ლაშა ფხაკაძე 1/16-ფინალში გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას – რუს ალექსანდრ კოზინთან 2:6 წააგო, ახალგაზრდებში კი ვლადიმერ დოლიძეს იმავე ეტაპზე იტალიელმა დავიდ პასკუალემ აჯობა – 1:7.

ახალგაზრდა გოგონებში ციკო ფუტკარაძე, რომელმაც იანვრის მიწურულს თანატოლთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც უკრაინელ სოლომია ჰნიპისთან წააგო.

გუნდურ ასპარეზობაში, შესარჩევი გასროლის კვალად, საქართველოს ქალთა ნაკრებს (ლობჟანიძე, ესებუა, ნარიმანიძე) პირველი შედეგი ჰქონდა და მეოთხედფინალში ავსტრიას 6:2 სძლია, ნახევარფინალში კი ბელარუსი 5:3 დაამარცხა. ფინალში ქართველ მშვილდოსნებს გერმანიის ნაკრები დაუპირისპირდება უნრუჰის, ჰაიდნ ჩალოვას და ვინტერის შემადგენლობით. ფინალი ამ შემთხვევაშიც 28 თებერვალს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122389