ფეხბურთი

13:49 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თურქების გამარჯვება “ათა თურქზე”

მატჩამდე

სტამბულის დასავლეთ ნაწილში, იკიტელის მხარეში თურქეთის პირველი პრეზიდენტის ქემალ მუსტაფა ათა თურქის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საშინაო შეხვედრას “ბეშიქთაში” მართავს. სლავენ ბილიჩის გუნდი ევროპალიგის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური სტადიის დაძლევას “ლივერპულის” დამარცხების შემთხვევაში მოახერხებს. გამარჯვება ორმატჩიან დაპირისპირებაში ზოგჯერ არ არის აუცილებელი და მეტოქე გუნდის მოედანზე გატანილი გოლიც საკმარისია, მაგრამ “ბეშიქთაშმა” “ენფილდზე” მინიმალური სხვაობით წააგო და გოლის გატანა ესაჭიროება.

მეტრო სადგურის დერეფანში “ბეშიქთაშის” გულშემატკივრები ერთ სიმღერას მღერიან, სხვადასხვა მხრიდან მოდიან და შეიძლება სრულიადაც არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ გუგუნში ხმის შეწყობა არ უჭირთ. მთავარი ხმა სიმღერას იწყებს, მას ჰყვებიან “ბეშიქთაშის” ფორმიანი სხვა ახალგაზრდები და სტადიონისკენ მიმავალ ვაგონებს იკავებენ.

სტადიონთან ახლოს, მეტრო სადგურიდან ამოსვლის შემდეგ, შემწვარი ხორცის სუნი დგას. ხანშიშესული თურქები თამაშის წინ მწვადებს წვავენ და მცირე-ბიზნესით ცდილობენ სარგებლის მიღებას. სიმცირეა ფეხბურთის ქალბატონი გულშემატკივრების, რომლებსაც სტადიონის ტრიბუნაზე იშვიათად შენიშნავთ, რადგან აქ ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ.

“ათა თურქის” სტადიონი სტამბულის გარეუბნის ნაწილია. მისგან მოშორებით დასახლებული ტერიტორიაა და მაღალი ნაცრისფერი კორპუსები მოჩანს, სიახლოვეს კი აუთვისებელი ფართობია, გაშლილ მინდორზე გულშემატკივრები სხედან და ლუდს სვამენ. ჩაის მოყვარული თურქები ფეხბურთის დაწყების წინ ალკოჰოლზე უარს არ ამბობენ. მწვადი და ლუდი ევროპული ფეხბურთის წინ და თურქები თავს კომფორტულად გრძნობენ.

მატჩის დრო

თამაშის საწყის წუთებში მარიო ბალოტელი “ბეშიქთაშის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან წაკინკლავებას ასწრებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ქუსლით კარგ გადაცემას აკეთებს, თუმცა საპასუხო პასის მიღების შემდეგ ბურთი ფეხებში ებლანდება.

“ბეშიქთაშის” გულშემატკივრები თავიანთ გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდნენ, თუმცა უფრო მეტად მეტოქე გუნდისათვის დისკომფორტის შექმნაზე ზრუნავდნენ. გამუდმებით უსტვენდნენ და ხმას გამოსცემდნენ, რომელიც ქვების მტვრევის ექოს ქმნიდა.

პირველი ტამი ფრედ, გოლის გარეშე დასრულდა. არც ერთი გუნდი დომინირებს და ანგარიშიც ზუსტად ასახავს თამაშის სურათს. “ბეშიქთაში” ვერ ახერხებს გააზრებული შეტევის განხორციელებას, რომელსაც რეალური საგოლე მომენტი მოჰყვება, “ლივერპული” კი ანგარიშით კმაყოფილია.

გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა დანიელ სტარიჯს, რომელმაც ბალოტელის ბრწყინვალე პასი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, მის წინ “ბეშიქთაშის” სამი მცველი იმყოფებოდა, თუმცა ბურთი ოდნავ მარჯვნივ წაიღო და მახვილი კუთხიდან დაარტყა, გიონენმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

სტარიჯის დარტყმას საჰანის აქტიურობა მოჰყვა. თურქმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, ბურთი ცენტრისკენ წაიღო, თუმცა კარში დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და მინოლემ ზუსტად ითამაშა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, გოლამდე, პედრო ფრანკოს ერთი-ერთზე გაჰყავდა გოიჰკან ტორე, თუმცა კოლო ტურემ ვარდნაში ბრწყინვალედ ჩაჭრა ბურთი. ამ მომენტში აფრიკელმა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ჩაშლა შეასრულა.

“ბეშიქთაშის” შეტევების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი დემბა ბა იყო. მის უკან კარგად მოქმედებდნენ არსლანი, კავლაკი და ჰაჩინსონი. ფლანგებზე საჰანი და ტორე.

“ლივერპულის” ფეხბურთელებიდან გარკვეულ ეპიზოდებში კარგად მოქმედებდა ბალოტელი, თუმცა თურქი მცველების წინააღმდეგ ხშირად ცდებოდა.

ხორვატი მწვრთნელის ფეხბურთელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბურთის დაჭერას ახერხებდნენ. მასპინძელი ფავორიტის როლში ექცევა, “ლივერპული” საკუთარ საჯარიმოს იშვითად შორდება და თითოეული დაშორება დიდი ძალისხმევის ტოლფასია. როჯერსის გუნდი შეტევაზე გადასვლისას ბურთის კონტროლს ვერ ახერხებს.

“ბეშიქთაშმა” სიტუაცია გააკონტროლა, შემტევებმა ბურთი უაზროდ არ ათრიეს, თურქთა კომბინაციის დროს დემბა ბას პასს არლსანის გოლი მოჰყვა. სტადიონი აგუგუნდა, “ლივერპული” კი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით. ინგლისური გრანდისთვის ამ სტადიონზე მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, თუმცა სულ სხვა ვითარებაში, გაცილებით მძიმედ, მისი გამოსწორება კი თამაშის მონაწილე სხვა ფეხბურთელებმა და სხვა მწვრთნელებმა მოახერხეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ბილიჩი და როჯერსი მოედანთან ახლოს იდგნენ, არ დამსხდარან. არლსანის გოლის შემდეგ კი გააქტიურდნენ, მოთამაშეებს მიუთითებდნენ, შენიშვნებსა და რჩევებს აძლევდნენ.

ერთფეროვანი პირველი ტაიმისგან მკვეთრად განსხვავდებოდა მეორე ტაიმი, რომელშიც აშკარა უპირატესობა “ბეშიქთაშის” მხარეს იყო. დამატებით დროში კი “ლივერპულმა” თამაში შედარებით დააალაგა, მეტოქის ნახევარზეც გადავიდა. მიუხედავად დაძაბული თამაშისა, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებდა, დამატებით დროში ფეხბურთელები მუდმივად მოძრაობდნენ. ეს იყო ყველაზე ადვილად აღსაქმელი, რაც თანამდროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი დამსახიათებელი თვისებაა, თუმცა ტექნიკური და სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეული მატჩი არ ყოფილა. პირველ ტაიმში კი ხშირი იყო ტექნიკური წუნი ორივე გუნდის ფეხბურთელებისგან, თამაშის დარჩენილ დროში კი მოთამაშეები ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ.

ამ სტადიონზე თერთმეტმეტრიანების სერია “ლივერპულმა” 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეასრულა, თუმცა ამ მატჩში გამარჯვება მათ არ დარჩათ. პენალტები ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს, ერთადერთი შეცდომა კი ლოვრენმა დაუშვა და თურქმა ფეხბურთელებმა მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის შემდგომ

სიხარულს ემოციურად გამოხატავდნენ როგორც გულშემატკივრები ასევე ფეხბურთელები. “ბეშიქთაშის” მოთამაშეები გულშემატკივრებთან ახლოს მყოფნი აღნიშნავდნენ გამარჯვებას და სიხარულს მათთან ერთად სიმღერით გამოხატავდნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი თურქი ჟურნალისტი პრეს-ლოჟის მაგიდაზე ავიდა და სიხარულს ხტუნვით გამოხატავდა. მოსახლეობის მოტივაცია კი რა თქმა უნდა ამაღლდა, რადგან მიიღეს სიხარული, ისეთი სიხარული, რომელიც ნაღდია და რომელსაც პირადი პრობლემების გადაფარვაც შეუძლია.

მოწყენილი ჩანდა ბრენდან როჯერსი, რომელიც მოთმინებით პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს, ბოლოს კი თურქებს მადლობა გადაუხადა სტადიონზე შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფეროს გამო და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

როჯერსის აზრით, ამ მატჩმა “ლივერპულის” რამდენიმე ფეხბურთელს მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა, მარცხის მიზეზად კი უიღბლობის გარდა, თამაშის მსვლელობისას დაშვებული შეცდომებიც დაასახელა.

“ბეშიქთაში” მომდევნო ეტაპზე გავიდა და ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. სლავენ ბილიჩის მიმართ კრიტიკული კითხვები არ დასმულა, მისმა გუნდმა ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის, ინგლისი პრემიერლიგის წარმომადგენელი დაამარცხა.

დიმა შარიქაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბულიდან

0.170804