ფეხბურთი

12:44 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეპორტაჟი “ქასიმფაშას” ვარჯიშიდან           

ბეიოღლუ - თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარეობს. ბეიოღლუს ერთ-ერთი უბანია ქასიმფაშა. ქალაქის ამ მხარეში 1921 წელს ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი “ქასიმფაშა” დაარსდა.

2012 წლიდან თურქული კლუბის სახელი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობია. 2012 წლის 7 ოქტომბერს “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გახდა.

კლუბის ბაზისგან განსხვავებით, სტადიონი მშობლიურ უბანში, ქასიმფაშაში მდებარეობს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის როჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელს ატარებს. ამ სტადიონზე გუნდმა ბოლო მატჩი 22 თებერვალს “ტრაბზონის” წინააღმდეგ გამართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოა, რომ გუნდის ახალწვეულმა ლაშა დვალმა დებიუტის შემდეგი მატჩიც სრულად ჩაატარა.

“ქასიმფაშას” საწვრთნელი ბაზა ქემერბურგაზის უბანში მდებარეობს. საწვრთნელ ცენტრთან მიახლოებისას ქალაქის ხმაური წყდება და ძალიან მშვიდ გარემოში ხვდები. საწვრთნელი ცენტრის ეზოში შესვლისას თვალშისაცემია ბაზის შენობის კედელზე გაკრული თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მუსტაფა ქემალ ათათურქისა და როჯეფ ტაიპ-ერდოღანის დიდი ზომის ფოტოები.

მოედნის ერთ მხარეს “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე და გუნდის ფეხბურთელები დგანან. ერთდღიანი დასვენების შემდეგ მოთამაშეებს გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ესაუბრება. მწვრთნელის გარდა რამდენიმე ნაცნობი სახეა, “ლივერპულისა” და “აიაქსის” ყოფილი მოთამაშე რაიან ბაბელი, 19 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი, ვეტერანი შვედი ანდრეას ისაკსონი, პორტუგალიელი ანდრე კასტრო და ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი რაიან დონკი, რომელმაც “ტრაბზონთან” თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ქულის მომტანი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა.

“ალკმაარში” თამაშის დროს შოთა არველაძე და რაიან დონკი თანაგუნდელები იყვნენ. 2013 წელს ქართველმა მწვრთნელმა დონკი “ბრიუგედან” დაიმატა და შოთა არველაძეს ჰოლანდიელთან განსხვავებულ ამპლუაში მოუწია ურთიერთობა. ამ კუთხით დონკი “ქასიმფაშას” ყველა ფეხბურთელისგან გამოირჩევა.

ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ახალგაზრდა ქართველ მეკარე ოთო გოშაძეს, რომელიც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო “ქასიმფაშას” ახალგაზრდული გუნდის წევრი ვატო არველაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ემზადება.

ვარჯიში მოთელვით დაიწყო. მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედნის გვერდით მცირე ზომის ბუნებრივსაფარიან მინდორზე გადაინაცვლეს და მოკლე მანძილზე სხვადასხვა სახის გარბენები შეასრულეს. სავარჯიშო პროცესის შემდეგ ეტაპზე დიდი ზომის მინდორს დაუბრუნდნენ. მინდვრის ერთ კართან მწვრთნელი იბრაჰიმ ილმაზი მეკარეებთან ვარჯიშს იწყებს, ხოლო მოედნის ცენტრალურ სივრცეში შოთა არველაძემ გუნდი 4 ნაწილად დაყო, რომლებიც 4 სხვადასხვა მხარეს დააყენა. ერთგვარი ოთხკუთხედი შეიქმნა, რომლებიც ერთმანეთს საშუალო ზომის გადაცემებით უკავშირდებოდნენ. ამ დროს შოთა არველაძე ხმამაღლა მიმართავდა ფეხბურთელებს და კარგად ისმოდა, რომ სხვადასხვა ენების, თურქულის, ინგლისურისა და ქართულის გამოყენება უხდებოდა.

ვარჯიში ე.წ. ორკარათი დასრულდა, რომლის მიმდინარეობისას “ქასიმფაშას” ფეხბურთელი ილჰან ეკერი დაშავდა და სამედიცინო პერსონალის დახმარება გახდა საჭირო. ეკერი შოთა არველაძის გუნდის ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2011 წელს “ქაისერსფორში” თამაშისას გახდა, 2012 წელს კი ქართველმა მწვრთნელმა “ქასიმფაშაში” მიიწვია.

დროის სიმცირის მიუხედავად, ვარჯიშის დასრულების შემდეგ შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

0.122046