ძიუდო

22:25 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

1 ოქრო, 5 მედალი და გუნდური მეორე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა.

90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გერმანულ ტატამზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ოთხში მეტოქეებს შებოჭვით სძლია. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის ქართველ ლიდერს სრული საჭიდაო დრო – 5 წუთი დასჭირდა, ნახევარფინალი იყო, სადაც ლიპარტელიანი ასევე საქართველოს ნაკრების წევრ ბექა ღვინიაშვილს დაეჭიდა და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 3:2 აჯობა.

ღვინიაშვილთან დაპირისპირებამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ამერიკელი თომას კაპრა, ყაზახი ისლამ ბოზბაიევი და შვედი მარკუს ნიმანი ჩამოიცილა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ზანკიშიევს წუთსა და 37 წამში მოუმთავრა საქმე.

ოქროს მედალთან ერთად ქართველმა ძიუდოისტმა 300 სარეიტინგო ქულაც მიიღო და 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ვარლამ ლიპარტელიანის მსგავსად, მიმდინარე სეზონში პირველ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმაც (81 კგ), მაგრამ მხოლოდ ვერცხლს და 180 ქულას დასჯერდა. ფინალის გზაზე ჭრიკიშვილმა იტალიელი ანტონიო ჩიანო, მონღოლი უუგანბაატარ ოტონბაატარი, უნგრელი ლასლო სზოკნიაი და გერმანელი სვენ მარეხი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 1:2 წააგო ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან.

ვერცხლის მედლითვე დაასრულა ტურნირი ნუგზარ ტატალაშვილმაც (73 კგ), რაც აქამდე მსოფლიო რეიტინგის მე-12 საფეხურზე მდგომ ქართველ ძიუდოისტს მოწინავე ათეულში შესვლის გარანტიას აძლევს.

ფინალამდე ტატალაშვილმა კუბელი მაგდიელ ესტრადა, ბელგიელი სემი ჩოუჩი, იტალიელი ანდრეა რეგისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი ვიქტორ სკვორტოვი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი ჩამოიშორა. ოქროს მედლამდე კი იაპონელმა შოჰეი ონომ არ მიუშვა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი ორივემ ნახევარფინალში დაკარგა, თან ორივემ მომავალ ჩემპიონთან. მარგველაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი იაპონელი კენგო ტაკაიჩი აღმოჩნდა. "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს იპონით სძლია.

ბექა ღვინიაშვილმა ლიპარტელიანთან მარცხის შემდეგ, სერბ ალექსანდარ კუკოლჟს იუკოთი სძლია.

საქართველოს სახელით გერმანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე 60 კგ), თორნიკე თათარაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ. მათგან საერთო გუნდურ ჩათვლაში გასათვალისწინებელი ქულები მხოლოდ პაპინაშვილმა და ოქრუაშვილმა მოიპოვეს, შესაბამისად მე-5 და მე-7 ადგილებით.

1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 68 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა.

მომდევნო გრან პრის 20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ძიუდო

გრან პრი

დიუსელდორფი

კაცები

20-22 თებერვალი

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

73 კგ

1 შოჰეი ონო (იაპონია)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 საგი მუკი (ისრაელი)

81 კგ

1 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 სვენ მარეხი (გერმანია)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

100 კგ

1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

3 სირილ მარე (საფრანგეთი)

+100 კგ

1 რიუ შიჩინოე (იაპონია)

2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

3 ორ სასონი (ისრაელი)

3 სვენ ჰაინლე (გერმანია)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა. კაცები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 5 1 1 0 0

2 საქართველო 1 2 2 1 1

3 ბელგია 1 0 0 0 0

4 სამხრეთ კორეა 0 1 2 2 0

5 მონღოლეთი 0 1 0 1 1

6 რუსეთი 0 1 0 1 0

7 ეგვიპტე 0 1 0 0 0

8 საფრანგეთი 0 0 2 1 2

9 გერმანია 0 0 2 1 0

10 ისრაელი 0 0 2 0 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116151