ფეხბურთი

21:50 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

საგაზაფხულო საფეხბურთო სეზონი იხსნება: ჯერ თასი

18 თებერვალს 2015 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩებით ოფიციალურად განახლდება. ოთხივე მატჩი ერთ დროს 14:00 საათზე დაიწყება.

დილა (გორი) – დინამო (თბილისი)

18 თებერვალი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ს. სპიცინი, ბ. ნინუა, ი. კვირიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი

თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართება. “დილა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა რვა ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ხოლო “ჩიხურაში” განათხოვრებული ჯაბა ჯიღაური უკან დააბრუნა. შიდაქართლელებმა 9 ფეხბურთელი დაიმატეს და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ძარიაა.

თბილისელებმა მეორე ეტაპისთვის მზადება 10 იანვრიდან განაახლეს და რვა ამხანაგურ შეხვედრაში 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ამდენივეჯერ წააგეს. “დილამ” კი საქართველოსა და თურქულ შეკრებაზე 7 ტესტ-მატჩი ჩაატარა, 4 მათგანში იმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა, ერთხელ კი დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში “დილას” სახით “დინამოს” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. უმაღლესი ლიგის პირველ წრეში გორელებმა თბილისელებს უმასპინძლეს და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

თასის ცენტრალური დაპირისპირების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

ცხინვალი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

18 თებერვალი. “მიხეილ მესხი.” 14:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” “ცხინვალს” დაუპირისპირდება. ვიტელებმა უცხოეთში შეკრება ვერ გაიარეს და საქართველოში გამართულ 9 შეხვედრაში 5 მოიგეს, 3 წააგეს, ხოლო ერთიც ფრედ დაასრულეს. ცხინვალელებმა უცხოური შეკრებაც გაიარეს და 6 მატჩიდან 4 მათგანში იმარჯვეს, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ. გუნდს “დილადან” ბაჩანა არაბული დაემატა.

მართალია ვეტერინარები მიმდინარე სეზონში ცუდ მდგომარეობაში არიან, თუმცა არ დაგვავიწყდეს უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩი, სადაც თბილისელებმა გორელებთან “მცხეთა პარკზე” ფრედ 2:2 ითამაშეს და შიდაქართლელებს მძიმე ბრძოლაში პირველ ადგილზე გადასვლა არ დაანებეს. “ვიტ ჯორჯია” და “ცხინვალი” უმაღლესი ლიგის პირველ წრეში ერთმანეთს მცხეთაში მესამე ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ცხინვალელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს. ასე რომ, იოლი გასეირნება შიდაქართლელებს ნამდვილად არ ელით.

სამტრედია (სამტრედია) – ტორპედო (ქუთაისი)

18 თებერვალი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

“სამტრედიამ” მეორე წრისთვის მზადება თურქეთში დაასულა. გუნდმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორჯერ წააგო, ხოლო ორჯერაც ფრედ ითამაშა. ზაზა ზამთარაძის გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

ქუთაისის “ტორპედომ” თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრება გაიარა და ამხანაგურ შეხვედრებში ორი წააგო და ორჯერაც ფრედ ითამაშა. თასის აღნიშნული შეხვედრა კი ამ ქალაქის გუნდებს შორის ჯამში 34-ე იქნება. უმაღლეს ლიგაში ქუთაისელებმა 13-ჯერ მოიგეს, 5-ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო სამტრედიელებმა 7-ჯერ იმარჯვეს. თასის დაპირისპირებაში სამტრედიელებმა 4-დან 3 მატჩი მოიგეს, ერთიც კი ფრედ დასრულდა.

აღნიშნულ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება უმაღლესი ლიგის პირველ წრეში ქუთაისელებმა სტუმრად სამტრედიელებს მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგეს. თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის ინტერნეტ-ტრანსლაციას “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე)

18 თებერვალი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ხ. გაგნიძე

საჩხერის “ჩიხურას” საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეტოქე ეყოლება. რუსთავის “მეტალურგი” უხეშად რომ ვთქვათ, სულს ღაფავს და ეს არა კლუბის ფეხბურთელების, არამედ ხელმძღვანელობის და მუნიციპალიტეტის ბრალია. გუნდში კრიზისია და შესაბამისად რუსთაველებს “ჩიხურასთან” პაექრობა გაუჭირდებათ.

“ჩიხურამ” მოსამზადებელ ეტაპზე 5 ტესტ-მატჩი ჩატარა (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). რუსთაველებმა კი შეკრება საქართველოში გაიარეს, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ყველაზე დასამახსოვრებელი ბოლო დროს საკმაოდ გაძლიერებული გორის “დილას” (2:0) დამარცხება გახლდათ.

უმაღლეს ლიგაში “მეტალურგსა” და “ჩიხურას” შორის დაპირისპირება 7 სექტემბერს მე-4 ტურში შედგა. მაშინ საჩხერელებმა ერთბურთიანი სხვაობით 2:1 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113798