ფეხბურთი

17:23 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა – გამორჩეული მერვედფინალები

სულ ცოტაც და გულშემატკივრებს მონატრებული ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდება. 17 თებერვალს მიმდინარე სეზონის პირველი საპლეიოფო შეხვედრები გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის დასამახსოვრებელი და ყველაზე დრამატული მერვედფინალური შეხვედრების ათეული შემოგვთავაზა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მერვედფინალური ეტაპი 2003-2004 წლების სეზონში შედგა. მას შემდეგ კი თერთმეტმა სეზონმა განვლო.

ათეული შედგენილია ორმატჩიანი შედეგებიდან გამომდინარე და ერთი სეზონიდან ერთი შეხვედრაა გამოყოფილი. დანარჩენს კი უფრო დაწვრილებით ქვემოთ გაეცნობით.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “პორტუ” 2:3 (2003-2004)

2003-2004 წლების სეზონის ნამდვილი აღმოჩენა ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილი პორტუგალიური “პორტუ” გახდა. “დრაკონებმა” ტრიუმფალურ გზაზე პირველი “იუნაიტედი” ჩამოიცილეს. პირველი მატჩი “დრაგაოზე” მასპინძლებმა სამხრეთ აფრიკელი ფორვარდის ბენი მაკარტის დუბლით 2:1 მოიგეს. განმეორებით შეხვედრაში კი “მანიუ” კარგა ხანს იგებდა მინიმალური ანგარიშით, რითაც შემდეგ ეტაპზე გადიოდა, მაგრამ 90-ე წუთზე კოშტინიას გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჟოზე მოურინიომ კი გატანილი გოლი განსაკუთრებული ემოციით აღნიშნა.

“ჩელსი” – “ბარსელონა” 5:4 (2004-2005)

ერთი წლის შემდეგ ერთმანეთში დაუვიწყარი მატჩები გამართეს ლონდონის “ჩელსიმ” და “ბარსელონამ”. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა საკუთარ კედლებში მაქსი ლოპესის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოიგეს. საპასუხო შეხვედრაში კი ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გაიმართა. მე-19 წუთზე “არისტოკრატები” 3:0 დაწინაურდნენ, შემდეგ კი რონალდინიომ დუბლი შეასრულა. მის მიერ გატანილი მეორე გოლი დღემდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ეს ანგარიში ესპანელებს აძლევდათ ხელს, მაგრამ ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი თავისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

“იუვენტუსი” – “ვერდერი” 4:4 (2005-2006, “იუვენტუსი” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

დრამატული გამოდგა ტურინის “იუვენტუსისა” და ბრემენის “ვერდერის” მატჩებიც. იმ ხანად ფაბიო კაპელოს გუნდი ვარსკვლავებით იყო დახუნძლული და არამარტო გერმანული გუნდის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად ლიგის ფავორიტად განიხილებოდა. თუმცა “ბებერ ქალბატონს” “ბრემენელი მუსიკოსების” ძლევა ძალზე გაუჭირდა. პირველი შეხვედრა ტურინელებმა უპირატესობით წარმართეს, ისინი პაველ ნედვედისა და დავიდ ტრეზეგეს თამაშის მიწურულს მიერ გატანილი გოლებით 2:1 დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის ბოლო სამ წუთში “ვერდერმა” ორი გოლი გაიტანა და პირველი შეხვედრა 3:2 მოიგო. განმეორებით მატჩში კი, რომელიც “დელე ალპიზე” გაიმართა, იოან მიკუს გოლით სტუმრები დაწინაურდნენ. ტრეზეგემ მეორე ნახევარში გაათანაბრა. ყველაფერი კი 88-ე წუთზე იმ დღეს შესანიშნავად მოთამაშე ტიმ ვიზეს ბავშვურმა შეცდომამ გადაწყვიტა, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე მდგომმა ემერსონმაც “იუვენტუსი” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

“ბაიერნი” – “რეალი” 4:4 (2006-2007, “ბაიერნი” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის განსაკუთრებულ ხიბლს ატარებდა. 2007 წელს გამართული ორი მერვედფინალური მატჩიც მათ შორისაა. მადრიდში მასპინძლები რაულისა და რუუდ ვან ნისტელროის დუბლის წყალობით 3:1 იგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე მარკ ვან ბომელმა გერმანელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ჩაუსახა. მიუნხენში როი მაკაიმ თავისი გუნდი პირველივე წუთზე წინ გაიყვანა. ეს გოლი კი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. შემდეგ ლუსიომ ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო ვან ნისტელროის გოლმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა, საბოლოო შედეგზე კი ვერანაირი გავლენა ვეღარ მოახდინა.

“სევილია” – “ფენერბაჰჩე” 5:5 (2007-2008, “ფენერბაჰჩემ” პენალტების სერიაში 3:2 გაიმარჯვა)

ესპანურმა “სევილიამ” და თურქულმა “ფენერბაჰჩემ” 2008 წლის გვიან ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ორი საოცარი მატჩი გაითამაშეს. სტამბულში “ფენერმა” 3:2 იმარჯვა, ხოლო საპასუხო მატჩში უეფას თასის მაშინდელი მოქმედი გამარჯვებული მე-9 წუთზე ორბურთიანი ფორით დაწინაურდა. 79-ე წუთამდე ტაბლოზე 3:1 ენთო, მაგრამ ბრაზილიელი დეივიდის გატანილმა გოლმა მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ზიკოს გუნდს გამარჯვება ვოლქან დემირელის კარგმა თამაშმა მოუტანა, ვინაც სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

“ბაიერნი” – “სპორტინგი” 12:1 (2008-2009)

2009 წელს მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “სპორტინგი” დედამიწის პირისაგან აღგავა. ასეთი დიდი სხვაობით ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში არავის უმარჯვია. პირველი მატჩი გერმანელებმა სტუმრად 5:0 მოიგეს. მიუხედავად ამისა, მეტოქე არც მეორე შეხევდრაში დაინდეს და კიდევ 7 გოლი გაუტანეს. ეს შვიდი ბურთი კი ანგარიშზე ექვსმა განსხვავებულმა ფეხბურთელმა ჩაიწერა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მილანი” 7:2 (2009-2010)

მსოფლიო ფეხბურთის ორი გიგანტის დაპირისპირებაში “მანჩესტერმა” ადვილად იმარჯვა. პირველი მატჩი “სან სიროზე” გაიმართა და უეინ რუნის დუბლის მეშვეობით “წითელმა ეშმაკებმა” 3:2 მოიგეს. “ოლდ ტრაფორდზე” კი “იუნაიტედმა” “მილანი” დაარბია და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, ამით იტალიურ გრანდს ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მარცხი აგემა.

“ბაიერნი” – “ინტერი” 3:3 (2010-2011, “ინტერი” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

2009-2010 წლების სეზონის ფინალისტების მერვედფინალური დაპირისპირება დრამატული გამოდგა. პირველი შეხვედრა “მიუნხენურმა” გიგანტმა მეკარე ტომას კრაფტის კარგი თამაშისა და მარიო გომესის გოლის მეშვეობით მინიმალურად მოიგო და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნა. თუმცა მიუნხენში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სამუელ ეტო’ომ “ნერაძური” დააწინაურა, მაგრამ 31-ე წუთისთვის “ბაიერნი” 2:1 დაწინაურდა. ჩემპიონთა ლიგის მაშინდელმა მოქმედმა გამარჯვებულმა შემდეგ ეტაზე გასვლა ვესლი სნეიდერის და გორან პანდევის გოლებით მოახერხა. მაკედონიელმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი გოლი საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გაიტანა.

“აპოელი” – “ლიონი” 1:1 (2011-2012, “აპოელმა” პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა)

არაფრით გამორჩეული ნიქოზიის “აპოელი” პირველი კვიპროსული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. ეს კი მათ გაცილებით გამოცდილი ფრანგული “ლიონის” დრამატულად დამარცხების შემდგომ მოახერხეს. პირველი შეხვედრა ფრანგებმა “ჟერლანზე” 1:0 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი გუსტავო მანდუკას გოლის წყალობით უკვე “აპოელმა” იმძლავრა. ყველაფერი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც მთავარი სიტყვა კუნძულელეთა მეკარემ დიონისიოს ჩოტისმა თქვა.

“ბაიერნი” – “არსენალი” 3:3 (2012-2013, “ბაიერნი” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

“ბაიერნისა” და “არენალის” პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა. გერმანელებმა შეხვედრა ფანტასტიურად დაიწყეს და უკვე 21-ე წუთზე ტონი კროოსისა და ტომას მიულერის გოლებით დაწინაურდნენ. ლუკას პოდოლსკიმ თავის ყოფილ გუნდს ერთი ბურთი გაუტანა და თავისიანებს თამაშის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, მაგრამ მატჩის საბოლოო ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა დააფიქსირა და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველივე მატჩში თითქოს გადაწყვიტა. საპასუხო შეხვედრაში “არსენალმა” დაწინაურება ოლივიე ჟირუს გოლით მალევე შეძლო, თამაშის მიწურულს ლორან კოშელნიმ სხვაობა გააორმაგა და ჯამური ანგარიში გაათანაბრა კიდეც, მაგრამ ლონდონელთა სამწუხაროდ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდგომი ეტაპის საგზური “ბაიერნს” ერგო. მოგვიანებით მიუნხენელები ლონდონში დაბრუნდნენ, სადაც “უემბლიზე” ჩემპიონთა თასიც აღმართეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119963