კალათბურთი

22:09 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შსს-აკადემიამ” მემორიალის ფინალში დამსახურებულად გაიმარჯვა

ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალური მატჩი ქუთაისში, მათსავე სახელობის დარბაზში ჩატარდა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს “შსს” და საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრა ძალზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და პაექრობასაც უკანასკნელ წუთამდე შერჩა ინტრიგა. ერთი რამ რაც აკლდა ამ დუელს, მაყურებლით სავსე დარბაზია, რომლის არშევსებაშიც ყველაზე ნაკლები დამნაშავე კალათბურთის რიონისპირელი ქომაგები არიან. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ინფორმირებული არ გახლდათ. არადა ყველამ ვიცით, რომ ქუთაისში საკალათბურთო პაექრობებს ყოველთვის ესწრება საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი. ფინალში მონაწილეთაგან, მხოლოდ “რუსთავს” ახლდა ქომაგთა მცირე ჯგუფი. ქვემოქართლელი გულშემატკივრები საკუთარი გუნდის წევრებს ამხნევებდნენ და ომახიანი შეძახილებით მატჩს ლამაზ ელფერს სძენდნენ.

შეხვედრა რუსთაველთა ლეგიონერის ტერენს ოგლესბის სამქულიანით დაიწყო, თუმცა, პირველი პერიოდის გმირად ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იქცა, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 13 ქულა დააგროვა და საკუთარი გუნდის დაწინაურებაში ლომის წვლილი შეიტანა. საერთოდ, ძალოვანთა კლუბის წევრებმა ფინალში შორეული ტყორცნები ჩინებულად გამოიყენეს. მათგან ერთდროულად შვიდმა კალათბურთელმა მოახერხა სამქულიანი პერიმეტრიდან ზუსტად “გასროლა”. განსაკუთრებით პირველ ათწუთეულში იყვნენ დედაქალაქები ზუსტნი, როდესაც ყველაზე მეტად სწორედ ცინცაძე გამოირჩა. რუსთაველთა სამწუხაროდ, აშკარად ვერ გამოავლინეს საუკეთესო თვისებები გუნდის ლიდერებმა - აკაკი დვალიშვილმა, ჰეიდენ ჰამსმა და ლევან ცეკვავამ. მეტალურგთა ქალაქის მოთამაშეთაგან მხოლოდ ტერენს ოგლესბის და მიხეილ ჭოჭუას გამოუვიდათ თამაში. განსაკუთრებით კი ოგლესბი უნდა გამოვყოთ, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულით და 7 პასით დაასრულა ასპარეზობა. პირველ პერიოდში თბილისელები ერთ მომენტში 9-ქულიანი უპირატესობითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქვემოქართლელებმა მობილიზება მოახერხეს და ანგარიშში სხვაობაც შემცირდა, მეოთხედი კი “შსს-აკადემიამ” მოიგო 23:19.

მეორე პერიოდის დასაწყისში რუსთაველებმა ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ მთლიანობაში ეს მეოთხედი მეტოქეებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს. ერთ მომენტში ძალოვნებმა მოწინააღმდეგეს 12:0 გაქცევა მოუწყვეს, ხოლო მეოთხედის შუაწელში ტაბლოზე თბილისელთა 15-ქულიანი უპირატესობა იყო დაფიქსირებული. დედაქალაქელები მეტოქესთან შედარებით გრძელი სკამით სარგებლობდნენ და მათი სამარქაფოების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გუნდს ძალიან შეეწივნენ. სათქმელად ისიც კმარა, რომ თბილისელთა სათადარიგოებმა გუნდს 39 ქულა მოტანეს, მოწინააღმდეგის 11 ქულის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, რუსთაველებმა მაინც შეძლეს თავისი თამაშის პოვნა და მდგომარეობის გამოსწორება. ტაიმი კი 45:38 დასრულდა დედაქალაქელების სასარგებლოდ.

მესამე პერიოდში თანაბარი სიტუაცია იყო. რუსთაველები მეტოქეს უახლოვდებოდნენ, თუმცა მეტოქეზე დაწევა ვერ მოახერხეს. მათ გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ეტყობოდათ, განსაკუთრებით დასკვნით მეოთხედში, როდესაც არბიტრებმა ზედიზედ ორჯერ ტექნიკურით დააჯარიმეს თბილისელები. რუსთაველებმა ვერცერთხელ ვერ შეძლეს საჯარიმს გამოყენება და ზუსტი შეტევის განხორციელება. სამაგიეროდ დიდებულად ირჯებოდა თბილისელთა ფორვარდი ბექა ჩიკვილაძე და ცენტრალური თავდასხმელი გიორგი შარაბიძე. გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე რეზო როგავამაც და ბექა წივწივაძემაც გამოავლინეს. რუსთაველთაგან ერთადერთი კაცი, რომელიც ფაქტობრივად მარტო ებრძოდა ძალოვანებს ოგლესბი გახლდათ. რუსთაველთა ლეგიონერმა რამდენიმე საოცარი შორეული ტყორცნა შეასრულა და მატჩს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნა, თუმცა მისი თამაში გუნდის საბოლოო წარმატებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა კი “შსს-აკადემიას” დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა 84:79. თბილისელთაგან საუკეთესოდ ბექა ჩიკვილაძე მიიჩნიეს, რომელმაც პაექრობა 20 ქულით დაასრულა, ხოლო რუსთაველთაგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ტერენს ოგლესბი ცნეს საუკეთესოდ.

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა. მატჩი ბოლომდე დაძაბული გახლდათ. კალათბურთელებმა საუკეთესო თვისებები გამოავლინეს. სასიამოვნოა, რომ ტურნირში ყველა გუნდმა ითამაშა. მომავალში ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქში ჩატარდება, რაშიც ქალაქის ხელმძღვანელობაც უნდა დაგვეხმაროს”.

ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი): “ფინალური მატჩით და სანახაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ერთს ვიტყვი - ტრიბუნებზე მეტ ადამიანს ველოდი. ამასთანავე გავიმეორებ იმასაც, რომ ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ოთარ ქორქიას სახელობის ტურნირი, სხვა მასშტაბებით უნდა ჩატარდეს. დამერწმუნეთ, ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის გუნდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ სახელოვანი კალათბურთელების პატივსაცემ შეჯიბრებებში”.

კოტე ტუღუში (“შსს-აკადემიას” მწვრთნელი): “მოხარული ვარ, რომ ტურნირი წაუგებლად დავასრულეთ. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და ჩემპიონობაც მოვიპოვეთ, რაც ძალიან გვსურდა. იმედია, ეს ჩვენი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება”.

ბექა ჩიკვილაძე (“შსს-აკადემია”): “ვფიქრობ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, რაც ყველა კალათბურთელს უზომოდ გვახარებს. რაც შეეხება ჩემს საუკეთესოებას, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და პრიზიც მთელ გუნდს ეკუთვნის”.

გიორგი შარაბიძე (“შსს-აკადემია”): “დაძაბული თამაში იყო. თითქოს სულ წინ ვიყავით, მაგრამ ზურგსუკან მეტოქის სუნთქვას მუდამ ვგრძნობდით. რუსთაველებმა კარგად ითამაშეს, ამიტომაც ეს გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია”.

0.389212