რაგბი

18:03 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ქართულ მოედნებზე ბრუნდება

წლევანდელი აქტიური სარაგბო სეზონი იანვრის მიწურულს საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნულ ჩემპიონატის XII ტურით იწყება. ხუთიდან სამი თამაში რეგიონებში გაიმართება, ხოლო ორს “ავჭალის” სარაგბო მოედანი უმასპინძლებს.

XII ტურის თამაშები შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას ხელი რომ არ შეშლოდა, მისი ჩატარების თარიღმა ერთი დღით გადმოიწია. პარასკევს “ავჭალაზე” დედაქალაქური დერბია და მასში საპლეიოფო ზონისთვის მებრძოლი “ჯიქები” ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ლოკომოტივს” დაუპრისპირდება. ზემოთ დედაქალაქური დერბი ვახსენეთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ორივე ეს გუნდი თბილისისაა, თუმცა, “ჯიქები” “ყოჩების” გზას დაადგა, საკუთარი მომავალი გორს დაუკავშირა და მალე თამაშებსაც ამ ქალაქში გამართავს.

მომავალ თამაშს დიდი სატურნირო დატვირთვა აქვს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა, “ლოკომოტივი” ამჯერად მეხუთეა, ხოლო “ჯიქები” მერვე და მარცხი ამ უკანასკნელისთვის დიდი პრობლემების მომტანი იქნება. პირველ წრეში რკინიგზელებმა მეტოქე 16:3 დაამარცხეს და თუ ახლაც შეძლეს მისი ძლევა, პლეი ოფში დამკვიდრებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

ამავე დღეს ანგისაზე “ბათუმი” “თიბიეს უნივერსიტეტს” დაუხვდება და მოგებასთან ერთად პრემიალური ქულის აღებასაც ეცდება, რათა პოზიციები გაიმყაროს. ზღვისპირელებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს, მაგრამ მერე შეთამაშდნენ და აგერ უკვე მეორე ადგილზე არიან. “თიბიესმა” განვლილ 11 მატჩში მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა და იმდენად ჩამორჩა, რომ უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლაში საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ბათუმმა” პირველი გამარჯვება მესამე ტურში, სწორედ “თიბიეს უნივერსიტეტთან” მოიპოვა და მას შემდეგ მოედანი უქულოდ აღარ დაუტოვებია (6 მოგება, 1 ფრე და 2 პრემიალური ქულით მარცხი).

ტურის ცენტრალური თამაში შაბათს, 13 საათზე რუსთავში გაიმართება. “ხარებს” და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” “ბათუმის” დარად 30-30 ქულა აქვთ. თამაშის ხარისხიდან და პირველ წრეში დაგროვებული ქულებიდან გამომდინარე, მათ ექვსეულში შესვლა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ მიზანი მხოლოდ ექვსეული კი არა, რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულებაა. ამ კუთხით ურთიერთშეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. “ხარებს” საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს და გულშემატკივართა იმედიც ექნება.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა, როგორც სპორტული, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. ერთი ხანობა გუნდები მოედანზე 12-12 კაცის ამარა დარჩნენ. რუსთაველებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და მეორე ტაიმის დასაწყისში 16:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე “ლელო-სარასენსი” ამუშავდა და თამაშსაც მოიგებდა, ბოლო წამზე ვაჟა ხუციშვილს ჯარიმა რომ არ გაეტანა. თამაში ფრედ - 22:22 დასრულდა.

შაბათსვე თბილისში ერთმანეთს ორი თბილისური კლუბი - “არმაზი” და “არმია” შეხვდება. ეს გუნდები საპლეიოფო ექვსეულში შესასვლელად იბრძვიან, მაგრამ ჯერჯერობით ორივე მის მიღმაა და ამრიგად, ყოველ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. არმიელებს სამი თამაშია არ მოუგიათ და ბოლოსწინა მე-9 ადგილამდე დაეშვნენ, მაგრამ საპლეიოფო ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებთ. “არმაზი” ორი გადადებული თამაშის მოგების შემდეგ, მე-7 პოზიციამდე დაწინაურდა და ახლა მე-6 ადგილს 2 ქულა აშორებს. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა და “არმიამ” 12:9 იმარჯვა, ხოლო “არმაზმა” პრემიალური ქულა მიითვალა.

საინტერესო მატჩი შედგება ქუთაისში, სადაც “აია” მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, დაუმარცხებელ “ყოჩებს” მასპინძლობს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. ქუთათურები 24 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან და მდევრების უშუალო სიახლოვეს განიცდიან, რის გამოც მათთვის ნებისმიერ მატჩში გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია. “ყოჩებმა” 14-ქულიანი უპირატესობა კი შეიქმნა, მაგრამ ქულათა დარიცხვის ამ სისტემით მისი განიავება სამი წაგებითაც შეიძლება და ამრიგად, მოდუნების უფლება არ ექნებათ.

პირველ წრეში ბოლნისელებმა ბოლნისში 30:14 იმარჯვეს. მაშინ მასპინძლებმა ტაიმი 27:7 მოიგეს და მეორე ნახევარში პრემიალური ქულის აღების იმედად გავიდნენ, მაგრამ ლელო აქეთ მიიღეს, თავად კი, მხოლოდ ჯარიმა გაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ იმ მატჩში “აიას” ახალგაზრდული ნაკრების წევრები აკლდა, რომლებიც 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იბრძოდნენ და შეცვლებიც თითქმის არ ჰყავდათ, ახლა კი, ამის პრობლემა აღარ იქნება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XII ტური

30 იანვარი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

ჯიქები (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

31 იანვარი

რუსთავი. ახალი. 13:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი)

1 ყოჩები 11 10 1 0 259-136 44
2 ბათუმი 11 6 1 4 205-175 30
3 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
4 ხარები 11 6 2 3 204-156 30
5 ლოკომოტივი 11 4 1 6 165-162 24
6 აია 11 5 0 6 172-175 24
7 არმაზი 11 5 0 6 184-212 22
8 ჯიქები 11 4 1 6 149-166 20
9 არმია 11 4 0 7 151-217 19
10 თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150-298 7

0.114282