ჭადრაკი

1:58 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ლიდერთა შორისაა

გიბრალტარში სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ფესტივალმა, სადაც ამჯერადაც ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი.

საქართველოს ღირსებას ბელა ხოტენაშვილი (2526), ლელა ჯავახიშვილი (2486) და სალომე მელია (2473) იცავენ, ფავორიტებში კი ისეთი სახელოვანი მოჭადრაკეები არიან, როგორებიც ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2776), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2739), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2735), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2733) და სხვები არიან.

2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 39 მონაწილე დაწინაურდა და სასიხარულოა, რომ მათ შორის ხოტენაშვილიც იმყოფება. ბელამ თეთრი ფიგურებით შვედი რობერტ დანიელსონი (2121) დაამარცხა, შავებით კი – ნორვეგიელი სტუვიკ ჰოლმ კრისტიანი (2330) და დამატებითი მაჩვენებლებით მე-14 ადგილზეა.

1.5 ქულით 63-ე პოზიცია უკავია ჯავახიშვილს. ბელამ დანიელ კარსტენ ბირნი (2044) დაამარცხა, მასზე რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ რუს მაქსიმ მატლაკოვთან (რუსეთი, 2695) კი საპატიო ყაიმი გააფორმა.

რაც შეეხება მელიას, მან ნორვეგიელი ჰაკონ ლიენ კიელთან (2020) გამარჯვების კვალად, ინგლისელ გევეინ ჯოუნსთან (2671) წააგო და 1.0 ქულით 101-ე საფეხურზეა.

მე-3 ტურში, რომელიც 29 იანვარს შედგება, ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ჩინელ იი ვეის (2675) ეთამაშება, ჯავახიშვილი შავებით – ინგლისელ დევიდ ჰოუელს (2670), ხოლო მელია თეთრებით – შვეიცარიელ შტეფან ჰეერს (2157).

ცნობისთვის, გიბრალტარის ტურნირზე 46 ქვეყნის 250 მოჭადრაკეზე მეტი თამაშობს და საპრიზო ფონდიც მეტად სოლიდურია. გამარჯვებული 20 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო 15 ათასით დაჯილდოვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117498