ფეხბურთი

1:11 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” პირველ სპარინგს “შტურმთან” ჩაატარებს

28 იანვარს, თურქულ ანტალიაში შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამო” პირველ სპარინგ მატჩს ჩაატარებს. დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დედაქალაქელთა მეტოქე გრაცის “შტურმი” იქნება. ავსტრიული კლუბი, ისევე როგორც ბუქარესტის “სტიაუა” და ბელგრადის “პარტიზანი”, შეკრებაზე იმავე სასტუმროში ცხოვრობს, რომელშიც “დინამო” დაბინავდა.

“შტურმი” 1909 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური ფერებია შავი და თეთრი. საშინაო შეხვედრებს კი UPC Arena-ზე მართავს, რომლიც ტევადობაც 15 400 მაყურებელია.

გრაცელებმა ავსტრიის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმეს – 1998, 1999 და 2011 წლებში. გუნდმა ავსტრიის თასი ოთხჯერ მოიგო – 1996, 1997, 1999 და 2010 წლებში, სუპერთასი კი სამჯერ აღმართა – 1996, 1998 და 1999 წლებში.

“შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ მეორეადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ავსტრიაში პირველობა 14 თებერვალს განახლდება და გრაცელებს გასვლითი მატჩი ელის “გრიოდიგთან”.

ავსტრიელები ანტალიაში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და სამი სპარინგის გამართვაც მოასწრეს. 24 იანვარს მათ ორი შემადგენლობით ითამაშეს შვეიცარულ “სენტ-გალენთან” (1:2 და 3:3). ასევე უხვგოლიანი ფრე (3:3) დაფიქსირდა ლიხტენშტეინის “ვადუცთან” შეხვედრაში.

“დინამოს” გულშემატკივარს კარგად ახსოვს ავსტრიელებთან დაპირისპირება 2010 წლის ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც ორრაუნდიან ორთაბრძოლაში მეტოქემ იმარჯვა (2:0 ავსტრიაში და 1:1 საქართველოში).

დინამოელები “შტურმს” 2011 წელს საზაფხულო შეკრებაზეც დაუპირისპირდნენ. ავსტრიაში გამართული მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112689