ფეხბურთი

21:58 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" თურქეთში გამარჯვებული მიდის

გორის "დილამ" დღეს თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო და დამაჯერებლად (3:0) დაამარცხა.

პირველმა ნახევარმა გორელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ანგარიში მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაიხსნა - სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ჭეჭელაშვილმა ისარგებლა და დაახლოებით 15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. გორელებმა განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო მოუმატეს, რაც შედეგშიც აისახა. 79-ე წუთზე ერისთავის ჩაწოდებულს სეთურიძე გამოეხმაურა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ორ წუთში მოდებაძემ თექთურმანიძის გამრჭოლი გადაცემა მიიღო, ბოლნისელთა მცველი ჩამოიშორა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა - 3:0.

"დილამ" საქართველოში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩები დაასრულა. გორელები 29 იანვარს თურქეთში გაემზავრებიან, სადაც 4 სპარინგ მატჩს ჩაატარებენ.

გორელთა მსგავსად, თურქეთში გაივლის შეკრებას ბოლნისის "სიონი". ლადო ბურდულის გუნდი მეზობელ ქვეყანაში 1 თებერვალს გაემგზავრება. იქამდე, ბოლნისელელები ორ ამხანაგურ შეხვედრას მოასწრებენ. 28 იანვარს ისინი "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრებიან, ხოლო 30-ში "საბურთალოს" შეეტოქებიან.

0.136965