ფეხბურთი

1:38 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„გაოცებული“ დიეგო ალვესი და კვლავ დამწუხრებული მილანელები

იტალია

2015 წელი „მილანისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო. „როსონერიმ“, მიმდინარე წელს, სერია A-ში, 4 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მათგანი ვერ მოიგო. 1941 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მილანმა“ იანვრის თვეში მოგება ვერ მოახერხა.

მე-20 ტურში „მილანი“ იმ სტადიონს ეწვია, რომელზე თამაშიც „როსონერის“, ბოლო დროს, ძალიან უჭირს. მილანელებს „ოლიმპიკოზე“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, რომელსაც კიდევ ერთი თამაში დაემატა.

„ლაციოსთან“ გამართული შეხვედრა „მილანმა“ კარგად დაიწყო და მე-4 წუთზე ჟერემი მენეზმა ანგარიში გახსნა. ფილიპო ინძაგის გუნდის მიერ სერია A-ში გატანილი ბოლო 5 გოლიდან 4 შეხვედრის პირველ 10 წუთში გავიდა, ხოლო მათგან სამის ავტორი მენეზია.

სტუმრებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. „მილანის“ ფეხბურთელებს კარში დარტყმა ძალიან უჭირდათ. მათ სულ 2-ჯერ დაარტყეს და ამ დარტყმებს შორის სხვაობა 90 წუთი იყო. მენეზის გარდა, მეტოქის „ლაციოს“ კარის აღება პაცინიმ სცადა, მაგრამ მე-4 დამატებულ წუთზე მან მეკარეს ვერ აჯობა.

„ლაციოს“ მხრიდან თავი კლოზემ და 2-ჯერ პაროლომ გამოიჩინეს. იტალიელმა ნახევარმცველმა სერია A-ში თავისი მე-3 დუბლი გაიფორმა, ხოლო „მილანის“ კარში 2 გოლის გატანა მეორედ მოახერხა. რაც შეეხება ვეტერან გერმანელ თავდამსხმელს - მან, იტალიის ჩემპიონატში, გასული წლის 4 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

მიმდინარე გათამაშებაში უკვე მესამედ მოხდა, რომ ერთ ტურში ორივე მილანურმა გუნდმა წააგო. შედარებისთვის, გასულ სეზონში მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.

„ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ტორინოსთან“ დამარცხდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურინელებმა „ჯუზეპე მეაცაზე“ 1988 წლის შემდეგ პირველად იმარჯვეს. „ტორინოსთვის“ ეს სერია A-ში მოგებული ზედიზედ მე-2 გასვლითი თამაში იყო. ამ გუნდს ასეთი შედეგი 1995 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო ტურინის „იუვენტუსმა“, რომლის რიგებში კვლავ ბრწყინავს პოლ პოგბა. ფრანგმა ფეხბურთელმა, მისი გუნდის ბოლო 4 შეხვედრიდან ანგარიში 3-ში გახსნა. ერთ-ერთი მათგანი გასულ უქმეებზე „კიევოსთან“ ჩატარებული თამაში იყო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კვლავ მშრალად მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“, 20 ტურის შემდეგ, მხოლოდ 9 გოლი აქვს გაშვებული. ეს კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

„იუვენტუსს“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება „რომა“, რომელმაც ქულები ფლორენციაში დაკარგა. დედაქალაქელებმა გოლი, ტრადიციულად, პირველ ნახევარ საათში გაუშვეს. ბოლო 6 გოლი, რომელიც „რომამ“ სერია A-ში გაუშვა, სწორედ საწყის 30 წუთში გავიდა.

ესპანეთი

ესპანეთის ჩემპიონატში სამივე ლიდერმა მოიგო და 3 ქულის აღება მათგან მხოლოდ „რეალს“ გაუჭირდა. „სამეფო კლუბი“ „კორდობას“ ეწვია მე-3 წუთზე გაშვებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა.

ბოლო შემთხვევა, როდესაც „რეალმა“ ლა ლიგაში გოლი ასე სწრაფად გაუშვა, 2012 წლის სექტემბერში დაფიქსირდა და მადრიდელთა მეტოქე მაშინაც ანდალუსიური გუნდი („სევილია“) იყო. ხოლო ასე სწრაფი თერთმეტმეტრიანი მადრიდელებს 1991 შემდეგ არ გაეშვათ და საინტერესოა, რომ 24 წლის წინათაც ისინი ანდალუსიელებს („კადისი“) ეთამაშებოდნენ.

„რეალს“ რომ კორდობაში გაუჭირდა, ეს, სტატისტიკის გათვალისწინებით, გასაკვირი არ ყოფილა. მადრიდელებს ანდალუსიაში ჩატარებული უკასკნელი 12 თამაშიდან 5 წაგებული ჰქონდათ.

ანგარიში ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა, რომელმაც ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა. ფრანგ თავდამსხმელს ლა ლიგაში გასული წლის 29 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.

89-ე წუთზე, მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ეს ნიშნავს, რომ „რეალის“ მონაწილეობით მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ მატჩებში მსაჯებმა უკვე 12 პენალტი დანიშნეს (8 „რეალის“ სასარგებლოდ, 4 - მეტოქის). სამეფო კლუბის მატჩებში ამაზე მეტი თერთმეტმეტრიანი არცერთ სეზონში არ დანიშნულა, წინ კი კიდევ 19 თამაშია.

სტანდარტი გოლად გარეთ ბეილმა აქცია, რომელმაც „რეალის“ მაისურით პირველი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „რეალმა“ ლა ლიგაში თერთმეტმეტრიანით იხეირა და გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ არ იყო. გარდა ამისა, ბეილი პირველი ბრიტანელი ფეხბურთელია 1998 წლის შემდეგ, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში პენალტი გაიტანა.

თერთმეტმეტრიანი რონალდუს ნაცვლად ბეილმა იმიტომ დაარტყა, რომ პორტუგალიელი მოედნიდან გაძევებული იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერაში მე-9 წითელი ბარათი მიიღო. უკანასკნელი 4 შემთხვევიდან სამში კი ის მოედნიდან ანდალუსიურ გუნდებთან გამართულ შეხვედრაში გააგდეს. არადა, რონალდუ საიუბილეო მატჩს ატარებდა - „კორდობასთან“ ჩატარებული შეხვედრა მის საკლუბო კარიერაში მე-600 იყო.

რონალდუსგან განსხვავებით, ხერარდ პიკემ საიუბილეო მატჩი წარმატებით ჩაატარა. კატალონიელი ფეხბურთელი ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მოედანზე მეორასედ გავიდა და მან თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. „ელჩესთან“ გატანილი ბურთი, პიკესთვის, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში მე-3 იყო. მას ერთ გათამაშებაში სამ გოლზე მეტი არასდროს გაუტანია.

„ელჩეს“ კარში მე-2 გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ეს, მიმდინარე გათამაშებაში, „ბარსელონას“ მიერ გოლად გარდასახული პირველი პენალტია. 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კატალონიელებს პირველი თერთმეტმეტრიანის გასატანად 20 თამაშის ჩატარება დასჭირდათ. ის ფაქტი, რომ „ბარსამ“ პირველი პენალტი გაიტანა, არ ნიშნავს, რომ კატალონიელებმა თერთმეტმეტრიანი პირველად შეასრულეს. მე-4 ტურში, „ლევანტესთან“ გამართულ შეხვედრაში, მესიმ სტანდარტი ვერ გამოიყენა. არგენტინელი, ბოლო დროს, პენალტებს ძალიან ცუდად ურტყამს. „ელჩესთან“ გატანამდე მას უკანასკნელი 7 თერთმეტმეტრიანიდან 4 გაცუდებული ჰქონდა.

ამ გოლის შემდეგ, მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20 გოლი ზედიზედ 7 სეზონში გაიტანა.

მოგვიანებით, მესიმ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და მან გუნარ ნორდალისა და გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა. ამ სამეულის გარდა არცერთ ფეხბურთელს ევროპის წამყვან ჩემპიონატში 21 ან მეტი გოლი ზედიზედ 7 სეზონში არ გაუტანია.

„ელჩესთან“ გატანილი 2 გოლის შემდეგ, მესის, ლა ლიგაში, 77 დუბლი დაუგროვდა და ის აქამდე რეკორდსმენ ტელმო სარას გაუთანაბრდა.

მესის მსგავსად, დუბლი გაიფორმა ნეიმარმაც. ბრაზილიელის ბარსელონურ კარიერაში პირველად მოხდა, რომ მან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ერთ გოლზე მეტი გაიტანა.

ნეიმარს, ორივე შემთხვევაში, საგოლე გადაცემა ლეო მესიმ გაუკეთა. არგენტინელის კარიერაში ეს მე-5 თამაში იყო, რომელშიც მან თავი მინიმუმ 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მესის, ლა ლიგაში, უკვე 104 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა და ის რეკორდსმენს, ლუიშ ფიგუს მხოლოდ 3 პასით ჩამორჩება.

„ბარსელონამ“ თამაში 6:0 მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში „ელჩესთან“ გამართულ 3 მატჩში (2 თასზე და 1 ლა ლიგაში) კატალონიელებმა 15 გოლი გაიტანეს.

„ბარსელონას“ პრიმერას წინა გასვლითი შეხვედრა 4:0 ჰქონდა მოგებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ კატალონიელებმა ლა ლიგის ზედიზედ 2 გასვლითი თამაში 4 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგეს.

ბოლო 6 თამაშიდან მე-5 მოიგო „ვალენსიამ“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „სევილია“ დაამარცხა.

„სევილიას“, ბოლო 5 შეხვედრაში, გოლი არ ჰქონდა გაშვებული. „მესტალიაზე“ გამართული მატჩის მე-13 წუთისთვის, სტუმართა კიპერის, ბეტოს მშრალი სერია 511 წუთს შეადგენდა, რაც სევილიური კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბეტომ პალოპის შედეგი გააუმჯობესა და გოლი მალევე გაუშვა. მისი სერია 517-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის გაშვებით შეწყდა. ეს, ლა ლიგაში, ბეტოს კარში დარტყმული მე-12 თერთმეტრიანი იყო და პორტუგალიელმა კიპერმა მე-11 გაუშვა.

„ვალენსიას“ მეკარე დიეგო ალვესი ბეტოს ანტიპოდია. პირველ ტაიმში, 5 წუთის მონაკვეთში, მის კარში 2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პირველ ჯერზე ბაკამ ბრაზილიელ მეკარეს აჯობა, მაგრამ ხუთ წუთში, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ალვესმა ივარგა. მას შემდეგ, რაც დიეგო ალვესმა სათამაშოდ ევროპას მიაშურა, მის კარში 39 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 20 შემთხვევაში გოლი არ გასულა. ალვესი თერთმეტმეტრიანებს ყველაზე ხშირად სწორედ „სევილიასთან“ გამართულ მატჩებში იღებს. 5 შემთხვევიდან მან ანდალუსიელებს 4-ჯერ აჯობა.

თანაქალაქელებთან მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც „რაიო“ 3:1 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდს მადრიდის წარმომადგენლებთან, ლა ლიგაში, 7 მატჩია არ წაუგია, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში, ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა გაიზარდა. „ლიონმა“ ზედიზედ მე-10 საშინაო თამაში მოიგო, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მე-2 ადგილზე მყოფი „მარსელი“ კი სტუმრად ათამაშებას ვერაფრით ახერხებს. მარსელო ბიელსას გუნდმა, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მეტოქის მოედანზე 6 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულა აიღო.

„მარსელი“, გასულ პარასკევს, კარგ ფორმაში მყოფ „ნიცასთან“ დამარცხდა. ამ უკანასკნელმა, კალენდარული წლის განმავლობაში ჯერჯერობით გამართული სამივე თამაში მოიგო, რაც 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

გოლს კვლავ არ უშვებს „მონაკო“. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა ზედიზედ მე-7 მშრალი თამაში ჩაატარა. მონაკოელებს ამაზე კარგი სერია (9 თამაში) მხოლოდ ერთხელ, 1992/93 წლებში ჰქონდათ.

0.112594