ფეხბურთი

22:29 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A – მეზობელ ფრანგთა სამჭედლო

საფრანგეთი, რომ საფეხბურთო ქვეყანაა არახალია, შესაბამისად მათ ისტორიას არაერთი გენიალური ფეხბურთელი ახსოვს. მათგან უმრავლესობამ კი საკლუბო კარიერა სამშობლოს ფარგლებს გარეთ აიწყვეს და განსაკუთრებით ლეგიონერის სტატუსით გაბრწყინდნენ.

ფრანგი ფეხბურთელები საკმაოდ ადვილად მეზობელ იტალიას და მის მთავარ საფეხბურთო ლიგას – სერია A-ს ეწყობოდნენ და ეწყობიან.

დღეს, გადავწყვიტეთ სწორედ იტალიური კალჩოს ისტორიაში ათი ყველაზე გამორჩეული ფრანგი ფეხბურთელი წარმოგიდგინოთ. ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი სახელი ამ უძლიერეს და უდიდესი ისტორიის მქონე საფეხბურთო ლიგაში სამუდამოდ აღბეჭდეს.

ჟან პიერ პაპენი (“მილანი”) – ფრანგულ “მარსელში” შედეგიანობით სახელგანთქმული ჟან პიერ პაპენი იტალიაში 1992 წელს ჩავიდა და “მილანის” მაისური მოირგო. პაპენმა სერია A-ში მხოლოდ ორი სეზონი გაატარა, თუმცა იმ დროისთვის ურიგოდ არ უთამაშია. მან მილანელთა რიგებში 40 მატჩში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო, რაც საშუალოდ თამაშში თითქმის ნახევარ გოლს უტოლდება.

იური ჯორკაეფი (“ინტერი”) –სომხური ფესვების მქონე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა იტალიაში სამი წელი დაჰყო. ჯორკაეფმა 1996-1999 წლებში მილანის “ინტერის” შემადგენლობაში იასპარეზა. მან მილანელთა მაისურით 87 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

პატრიკ ვიეირა (“მილანი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”) – ლეგენდარულ ფრანგ ნახევარმცველ პატრიკ ვიეირას სამივე იტალიური გრანდის მაისური ჩაუცვამს. თუ პატრიკისთვის მილანური თავგადასავალი წარმატებული ვერ გამოდგა, სამაგიეროდ მან “იუვესა” და “ინტერში” წარმატებით ითამაშა. სხვადსხვა პერიოდში ვიეირამ სერია A-ში 100 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

მარსელ დესაი (“მილანი”) – საფრანგეთის ნაკრების დაუვიწყარმა მცველმა “მილანში” 5 სეზონი გაატარა. დესაის უძლიერესი “მილანის” პერიოდში მოუწია თამაში და მიუხედავად ამისა, თავისი სახელი გუნდში მაინც დატოვა. “მამლების” ყოფილმა 8 ნომერმა მილანელთა რიგებში 164 თამაშში 7-ჯერ იხეირა.

დიდიე დეშამი (“იუვენტუსი”) – ვარსკვლავებით სავსე პერიოდის “იუვეს” შუახაზის მთავარი ფიგურა იყო დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტურინში 1994 წელს ჩაირიცხა და მომდევნო 5 სეზონი გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ. დეშამმა გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა და სერია A-ში 124 მატჩში 4 გოლიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ლილიან ტურამი (“პარმა”, “იუვენტუსი”) – თანამედროვების ერთ-ერთი გამორჩეული მცველის კარიერის ოქროს წლები სწორედ აპენინთან ასოცირდება. ლილიან ტურამმა ჯამში იტალიაში 10 წელი გაატარა. იგი 1996 წელს, პროგრესირებად ემილიურ “პარმაში” მოხვდა და გუნდში 5 შესანიშნავი სეზონის შემდეგ “იუვენტუსს” მიაშურა. ლილიანს არც ტურინში გასჭირვებია ლიდერის ფუნქციების შეთავსება. იტალია ტურამმა საბოლოოდ 2006 წელს დატოვა. მან ჯამში “კალჩოში” 308 მატჩი გამართა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

დავიდ ტრეზეგე (“იუვენტუსი”) – ტურამის მსგავსად იტალიაში სრული ათი წელიწადი გაატარა დავიდ ტრეზეგემაც. ტრეზეგოლმა “იუვენტუსის” ისტორიას თავისი სახელი ოქროს ასოებით შემოუნახა. ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. მან “ბიანკონერების” მაისურით 171 გოლი გაიტანა. ტრეზეგემ აპენინის ნახევარკუნძული 2010 წელს დატოვა.

პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – ჩვენს ათეულში პოლ პოგბა ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც აქტიურ სპორტულ კარიერას ისევ განაგრძობს და თანაც იტალიაში. პოგბა “იუვეში” 2012 წელს გადავიდა და უკვე ორწელიწად ნახევარში იმდენი მოახერხა, რომ თავისი სახელი ლეგენდარული თანამემამულეების გვერდით დააყენა. პოგბაზე დღეს ევროპული გრანდები გამალებით ნადირობენ და არავინ იცის, როდემდე დარჩება იგი ტურინში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – პოლ პოგბამ თანამემამულეების დიად გზაზე წარმატებით გაიარა. პოგბას იტალიის ჩემპიონატში დღეისათვის 79 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

ზინედინ ზიდანი (“იუვენტუსი”) – მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა გენიოსმა პირველად სწორედ იტალიაში გაიბრწყინა. ზიდანმა 1996-2001 წლებში ტურინის “იუვენტუსს” ულიდერა. 2001 წელს კი იმ დროისთვის სარეკორდო თანხად მადრიდის “რეალში” გადაბარგდა. ზიდანმა “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველა ტიტულო მოიპოვა, არადა, ზიზუ ამ ჯილდოსთანაც ძალიან ახლოს იყო, თანაც ორჯერ. ზინედინმა სერია A-ში 151 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

მიშელ პლატინი (“იუვენტუსი”) – 80-იანი წლები სუპერვარსკვლავის საუკეთესო წლებიც იტალიას უკავშირდება. მიშელ პლატინიმ “იუვენტუსში” 1982-1987 წლებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი გახლდათ. იმავდროულად სამივე “ოქროს ბურთს” პლატინი “იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში დაესაკუთრა. ჯამში მიშელმა იტალიის მთავარ ლიგაში 147 შეხვედრაში 68-ჯერ გამოიჩინა თავი.

თეგებისერია A
0.262702