ბლოგი

11:06 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერაყული კოშმარი

ამ სიტყვებს ცრემლებით ვწერ ჩემო გულიანო და უსამართლობას შეწირულო ბიჭებო – ბაზიდ, აბდულ, ომარ, ჰაჯედ, ჯემალ, მულარ, დომბუ, აზიზ, ბასარ... ეს ცრემლები რწფელია, როგორც ყურანის შეგონებანი სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, ღარიბთათვის ხელის გამართვაზე, მშობლების პატივისცემაზე... თუკი ჩვენს პლანეტაზე რაიმე სინდისის მსგავსი და ღირსების მსგავსი არსებობს, ყველამ თქვენზე უნდა ვიფიქროთ და ყველას უნდა გვაწუხებდეს დანაშაულის გრძნობა იმისათვის, რომ ვერ გიშველეთ და არავინ იყო შემწე თქვენთან მაშინ, როდესაც დიდი ბოროტება თქვენს უმწიფარ სხეულებს ტყვიით გლეჯდა.

თქვენ ფეხბურთის თამაშის გამო დაგსაჯეს ბიჭებო ბნელმა არაკაცებმა და არ გაპატიეს თავისუფლება, რომელიც ასე უხვად იღვრება ამ საოცარი თამაშიდან. თქვენ ფეხბურთი გიყვარდათ და ფეხშიშველები დააგორებდით ბურთს ერაყის ქალაქ მოსულის მტვრიან და სისხლით არაერთხელ მორწყულ ქუჩებში. თქვენ არ გაშინებდათ არც ომი, არც გამეფებული სიკვდილისა და უიმედობის აჩრდილი და ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ყველა ბავშვს, თქვენც გამარჯვების ყიჟინას სცემდით, თუკი მოწინააღმდეგე გუნდს დაამარცხებდით და დაღონებულნი ბრუნდებოდით შინ დამარცხების შემთხვევაში. მერე კი, მოხდა ის, რისი დაწერაც კი მიჭირს. მოვიდნენ ბნელეთის მოციქულები და ღმერთის სახელით დაგხოცეს. სიმართლისათვის გვემული მუჰამედის სახელით ჩაიდინეს ეს ყველაფერი და მათი ტვინის საზარელ ხვეულებში ალბათ ვერც კი ჭაჭანებს წარმოდგენა იმისა, თუ რა ქნეს, რა ჩაიდინეს და რატომ ჩაიდინეს ამხელა ბოროტება.

ჩემო ტანჯულო ბიჭებო - ბაზიდ, აბდულ, ომარ, ჰაჯედ, ჯემალ, მულარ, დომბუ, აზიზ, ბასარ... მე კარგად ვიცი, რომ თქვენც ისევე ოცნებოდით დიდ ფეხბურთელობაზე და ევროპის სტადიონებზე ფეხის დადგმაზე, როგორც აგერ ჩემი ფანჯრის წინ, მინისტადიონზე მოთამაშე ქართველი ბიჭები ოცნებობენ. მათსავით ალბათ თქვენც კამათობდით ლეო მესი უფრო მაგარი ფეხბურთელია თუ კრიშტიანუ რონალდუ და სკოლაში (თუკი თქვენი სკოლებიც უკვე აფეთქებული და დანაღმული არაა) სასკოლო ტანსაცმლის ქვემოთ ალბათ თქვენც გეცვათ სხვადასხვა კლუბებისა და ნაკრებების მაისურები და ამის მიუხედავად, ქართველი ბავშვების მსგავსად ალბათ თქვენც ოცნებობდით მშობლიური ქვეყნის - ერაყის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე. დამიჯერეთ ბიჭებო, თქვენი მკვლელების თავისუფლად პარპაშიც აუცილებლად დასრულდება და მოვა დრო, როდესაც ერაყის ნაკრებიც გავა მუნდიალზე და დღეის შემდეგ ჩვენ, მთელი პლანეტის ფეხბურთის მოყვარულები ერაყის ნაკრების ქომაგები ვართ და გვსურს, რომ საბოლოოდ გაეცეს პასუხი ბოროტებას და ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: დიახ, ერაყში ფეხბურთს კარგად თამაშობენ და ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღარასოდეს აიკრძალება!

დღეს სამწუხაროდ შუაგულ ევროპაშიც და არამხოლოდ ევროპაში, ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ერაყში, ანდა უკრაინაში მიმდინარე უბედურებები მათ არ ეხებათ და ეს პრობლემები ადგილობრივებმა უნდა მოაგვარონ. სამწუხაროდ ასეთ ხალხს საქართველოშიც ბლომად ნახავთ და პირველ რიგში სწორედ მათ მინდა ვკითხო: ჩემო მეგობრებო, ახლა მაინც არ შეგცვლიათ აზრი და შეხედულება? ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ საშინელი და ბნელი მანქანა უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის და მისი შეჩერება მხოლოდ კოორდინირებული სამხედრო მოქმედებებითაა შესაძლებელი. ომი ვის გვიხარია, მაგრამ როდესაც ფეხბურთის თამაშის გამო ბავშვებს ხოცავენ, ჩვენ განა ხმა არ უნდა ამოვიღოთ? ვინმემ ხომ უნდა აგებინოს პასუხი ბინძურ არაკაცებს, რომლებმაც უკვე საბოლოოდ დაკარგეს ადამიანური სახე? განა სოლიდარობა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია?...

P.S. 19 იანვარს, ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ოს წევრებმა ფეხბურთის თამაშის გამო 13 ბავშვი დახვრიტეს. ამ დაჯგუფებას მიაჩნია, რომ ფეხბურთის თამაში და საერთოდ სპორტულ ღონისიებებში მონაწილეობა დიდი ცოდვა და ისლამის შეურაცხყოფაა. ერაყში ბოლოდროინდელ მასობრივ მკვლელობებს (და არა საომარ მოიქმედებებს) 20-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ფეხბურთის თამაშისათვის დასჯის შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122071